რა იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023 წლიდან
რა იცვლება 2023 წლიდან
პენსიონერები
● 1 იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზრდება. დანამატი 20-25 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პენსიონერების პენსია 300 ლარამდე, 70 წელს გადაცილებულებისთვის კი 365 ლარამდე გაიზრდება. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები – 355 ლარს და 440 ლარს მიიღებენ.
● 1-ლი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 36 პროცენტის ნაცვლად 26 პროცენტი გახდება.
საბიუჯეტო მუშაკების ხელფასები
● 1 იანვრიდან 10 პროცენტით იზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, ძალოვანი სტრუქტურების და სამხედრო მოსამსახურეებისთვის კი – 20 პროცენტით.
სამედიცინო პერსონალის ხელფასები და სხვა სამედიცინო სიახლეები
● 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.
● დღეიდან, ამოქმედდა კანონი, რომელიც აფთიაქებს დადგენილ ფასზე ძვირად წამლების გაყიდვას უკრძალავს. კერძოდ, ძალაში შედის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, რომელიც განსაზღვრავს ფასის იმ მაქსიმალურ ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც პროდუქტის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
● 2023 წელის პირველი სექტემბრიდან რეანიმაციული მომსახურებისთვის ახალი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება გახდება აუცილებელი. ნავარაუდევია, რომ ეს ცვლილება მკვეთრად გაზრდის რეანიმაციული მომსახურების სტანდარტებსა და ხარისხს.
სოციალურად დაუცველები და ბავშვები
● 65 ლარით იზრდება მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური დახმარება. ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი იზრდა 35 ლარით.
● 2023 წლის ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და ერთ ბავშვზე 200 ლარი გახდება.
ფეხმძიმობა და დეკრეტული შვებულება
● ცვლილებებია დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებითაც. კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება (საჯარო სექტორში დასაქმებულები ამ თანხას აქამდეც იღებდნენ). ასევე, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.
● 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით.
ავტომობილები და მძღოლები
● პირველი იანვრიდან 65 ლარით ძვირდება ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური, ასევე 45 ლარით ძვირდება სანომრე ნიშნის აღება. შესაბამისად,სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ხდება, ნომრის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი.
● 2023 წლის პირველი სექტემბრიდან, მართვის მოწმობის აღების მსურველებს, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ცოდნა მოეთხოვებათ. პრაქტიკულ გამოცდას ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ კითხვები დაემატება. მძღოლობის კანდიდატმა კითხვებს პასუხის უნდა გასცეს ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით, ან ზეპირად.
● 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ხმაურზეც შეამოწმებენ. ხმაური, რომელსაც ავტომობილი გამოსცემს, არ უნდა აღემატებოდეს კანონით დასაშვებ დეციბელებს.
● 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება. ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ.
იარაღის ტარება
● 200-დან 500 ლარამდე იზრდება ჯარიმა ცივი იარაღის ტარებაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იარაღის შემდგომი კონფისკაციით.
შრომის უსაფრთხოება
● 2023 წლის პირველი იანვრიდან სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსება სავალდებულო იქნება.
ალკოჰოლი
● 2023 წლის პირველი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
სურსათის უვნებლობა
● სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელი ივნისამდე დანერგოს. აღნიშნული სისტემა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ნაწილია და საქართველოში ეტაპობრივად 2015 წლიდან ინერგება.
საწვავი
● 2023 წლის 1 იანვრიდან აღარ გაგრძელდება მორატორიუმი, რომელიც საქართველოს 2020 წელს გამოცხადებული ჰქონდა ევრო-5 ტიპის დიზელის შემოტანაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 2023 წლიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში ამ ტიპის დიზელი შემოვა.