სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ უკრაინაში - მამუკა მდინარაძე
ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ უკრაინაში
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ომის პარტიის” წევრები [იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”] სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ უკრაინაში და “რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების.”
ასე გამოეხმაურა მდინარაძე საქართველოში უკრაინის დროებით ელჩს, ანდრეი კასიანოვს და აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დღევანდელი განცხადებები გამიზნული იყო იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს მთავრობა.
“უკრაინის მიმართ მორალური მხარდაჭერისა და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა თბილისის ქუჩებს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს”, – ასეთი განცხადება გააკეთა 6 დეკემბერს, ბრიფინგზე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინის საელჩომ ერთი თვის წინ მიმართა საქართველოს მთავრობას – უკრაინაში გასაგზავნად გენერატორები და ტრანსფორმატორები სთხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
მან მადლობა გადაუხადა ქართველ მეომრებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და თქვა, რომ ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც.
“მათ უნდათ, ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას.” – ამბობს მდინარაძე.
კასიანოვის ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. “არ არის მასთან შეხვედრა” – ასე პასუხობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვას, გაუქმდა თუ არა ადრეი კასიანოვთან შეხვედრა.
კასიანოვმა დღეს ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს პირადად დააყენებდა.
“უკრაინის მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ”. – განაცხადა კასიანოვმა.
●”ხილული კავშირები რუსეთთან” – ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
● “გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა რუსეთ-უკრაინას შორის” – ილია II-ის მილოცვა რუსეთის პატრიარქს
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა და კვლავ “ომის პარტიაზე” [“ნაციონალურ მოძრაობაზე”} ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში “ომის პარტიას” მიჰყავს.
პრემიერის ამ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მის სიტყვებს გამოეხმაურნენ როგორც პოლიტიკოსები და მწერლები, ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ბახმუტში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 2000-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა.
უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან უკან დახევის შემდეგ, მოსკოვმა ძირითადი ძალები აღმოსავლეთით მიმართა, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად ხელში ჩასაგდებად. თვეების განმავლობაში ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.
„ბახმუტი ახლა მთავარი ცხელი წერტილია რუსეთ-უკრაინის ომში. იქ მიდის ყოველდღიური სასტიკი ბრძოლები“, – უთხრა “რადიო თავისუფლებას” სერჰი ჩერევატმა, უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერმა. მისივე თქმით, უკრაინელები ძალიან აფასებენ ქართული ლეგიონისა და “ქართველი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად.“