ახალ დოკუმენტში ევროკავშირი საქართველო-უკრაინა-მოლდოვას რეფორმებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის ახალი დოკუმენტი
ევროპარლამენტარებმა გაფართოების პოლიტიკის გაძლიერების შესახებ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ ევროკავშირს, შეცვალოს სტატუს-კვო და განაახლოს გაფართოების პროცესი როგორც წევრ, ისე აპლიკანტ ქვეყნებში. ახალ დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
დოკუმენტში საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზეც. ევროპარლამენტი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროპული საბჭოს განსაკუთრებულად სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ და ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარების დოკუმენტს თავდართული აქვს სამი ძირითადი მოწოდება:
- ევროკავშირისთვის გაფართოებას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს;
- საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება – ახალი წევრების მიღება ერთსულოვანის ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობით;
- გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების საჭიროებები და მათთან ურთიერთობის გაღრმავების გზები.
დეპუტატები მიუთითებენ, რომ ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერების პოლიტიკა ევროკავშირის ხელში ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად რჩება.
მათივე თქმით, რეფორმებისა და კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე – გაფართოების საკითხზე ევროკავშირის ახალი სტრატეგიის ფარგლებში – დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს გაფართოების ქვეყნებში. მათ, ასევე, სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის შეჩერებაზე.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წინ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მხარს დაუჭერს და ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.