ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვეს. ოპოზიცია პრეზიდენტს მის შეწყალებას სთხოვს
ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვეს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიოლება და “მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო.
შესაბამისად, ძალაში დარჩა მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა.
ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე: „ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად – პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, მინდა პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით… და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს”.
„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვება და სასამართლო გადაწყვეტილება “კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობაა”.
ხაზარაძე ასევე მიიჩნევს, რომ “ამ უსამართლობის გამოსწორება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების აქტით”.
“ის [პრეზიდენტი] უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან. ბიძინას მიერ მართული საბჭოთა პროკურატურის და სასამართლოს თარეში უნდა დასრულდეს!” – წერს ხაზარაძე ფეისბუკზე.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ოპოზიციის ერთიანობაშია:
“გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? – ერთიანობა! გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? – ერთიანობა! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? – ერთიანობა! სანამ დიდ ერთობას არ დავინახავთ, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ”.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ერთიანობას და ხალხის ძალას არ დაინახავს, შეწყალება არ იქნება:
“არანაირი შეწყალება არ იქნება, არანაირი სხვა გადაწყვეტილება უზენაესში არ იქნება, სანამ ხალხის დიდი ერთობის ძალას არ ნახავენ… ჩვენი გეგმა არის ერთიანობა. დავდგებით ერთად? – გავიმარჯვებთ! გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში გათავისუფლება არ იქნება,” – აღნიშნა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიმართულია არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, არამედ გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის რეკეტს სასამართლოს მხრიდან.
უგულავა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ „გვარამიას საქმე“ შესაძლოა, მათაც შეეხოთ, რადგან სამართლებრივი პრეცედენტი უკვე შექმნილია.
„ქართულ ბიზნესს: ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში, ხარ ჩვეულებრივი შპს-ს მფლობელი/დირექტორი. ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ „გვარამიას საქმე“ მათ არ შეეხებათ? სამართლებრივი პრეცედენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის „შავი მილები“ და საქმე უკვე აწყობილია”.
ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
მას სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა Amnesty International-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსი და განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
მკაცრი შეფასება გააკეთა აშშ-ის საელჩომ. ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.
-
რას ედავებოდნენ ნიკა გვარამიას
გვარამიას რამდენიმე ეპიზოდს ედავებოდნენ. ყველა ბრალდება ეხებოდა გვარამიას რუსთავი 2-ის დირექტორად მუშაობის პერიოდს ანუ 2014-2019 წლებს.
ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას არასათანადოდ განკარგა ქონებრივი უფლებები, გააყალბა საბუთები, გაათეთრა ფული, მონაწილეობდა კომერციულ მოსყიდვაში.
კერძოდ, პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ არაკეთილსინდისიერად განკარგა არხზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლება – ეს უფლება დაბალ ფასად მიჰყიდა შპს „ინტერ მედია პლიუსის“, სანაცვლოდ კი, ამ კომპანიისგან მიიღო მიიღო ორი ბინა, რომელთა უკანონო ლეგალიზებას ცდილობდა (პროკურატურის ვერსიით, გააფორმა უკანონო სასესხო ხელშეკრულება, შემდეგ კი ეს ბინები გაყიდა და ამგვარად ფული გაათეთრა).
პროკურატურის მტკიცებით, ამ ყველაფრისთვის გვარამიამ ყალბი დოკუმენტები, ბეჭედი, შტამპი და ბლანკი გამოიყენა.
საბოლოოდ, სასამართლომ გვარამია ორ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ:
პირველი ეპიზოდის თანახმად, 2015 წელს, გვარამიამ არაკეთილსინდისიერად განკარგა არხზე რეკლამის განთავსების უფლება და კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახა დამენიასთან ერთად, 6 მილიონ 763 ათას 509 ლარი გაფლანგა. ამ ეპიზოდისთვის გვარამიას და დამენიას 50 ათასიანი ჯარიმები შეუფარდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ეპიზოდს, რომლის გამოც გვარამია დააპატიმრეს, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდს ეძახიან და მისი არსი შემდეგშია: ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორად მუშაობის დროს გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ რუსთავი 2-ის კუთვნილი ავტომანქანით. საუბარია 76 ათას ევროს (232 201 ლარი) ღირებულების მანქანაზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.