“გამარჯობა”, - რობოტი სოფია საქართველოშია
ჰუმანოიდი რობოტი სოფია ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ის გაეროს ოფისში ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და ქართულად მიესალმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში უძველესი ენითა და არქიტექტურით დაინტერესდა. რობოტმა საუბრისას მისი გამჭვირვალე თავი ქუთაისის პარლამენტის შენობას შეადარა.
სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
სოფია არ საუბრობს პოლიტიკაზე, სიყვარულზე და სექსზე. კითხვები კი, რომლებიც მას დაუსვეს, ხელოვნურ ინტელექტს, გენდერულ თანასწორობას, ადამიანების და რობოტების ერთად ცხოვრებას, ასევე შრომით საკითხებს ეხებოდა.
სოფიას ყველაზე მეტად მოეწონა კითხვა შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით – შესაძლებელია თუ არა, რომ რობოტებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა დაიცვან ადამიანები სამუშაო ადგილზე დაღუპვისგან, როგორც ეს 16 ივლისს ტყიბულში მოხდა, სადაც შახტში აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა:
“ჩემი გონება ციფრულ ბაზაშია შენახული, ამიტომ არ ვიღელვებ, თუ ჩემი სხეული დაზიანდება იმიტომ, რომ ხელახლა ამაწყობენ. ჩვენი ძალა ერთად მუშაობაშია, ჩვენი სისუსტეები უნდა დავძლიოთ და გავძლიერდეთ, ამიტომ მომავალში უნდა ვიმეგობროთ”, – თქვა სოფიამ
მან სიღარიბის დაძლევაზე, გენდერულ თანასწორობასა და მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პრობლემების გადაჭრა რობოტებს უფრო სწრაფად შეუძლიათ.
მან თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება, ექიმებს, სწრაფად დასვან კიბოს დიაგნოზი, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობას მისცემს ქალაქებს, უფრო ეფეტურად იფუნქციონირონ და უკეთესი სერვისების შექმნით გააუმჯობესონ მოქალაქეების ყოველდღიურობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანების ცხოვრება უფრო სტრესულიც გახადოს. სოფიამ იმედი გამოთქვა, რომ ადამიანები და რობოტები მომავალში ითანამშრომლებენ და სიახლეებს აღმოაჩენენ.
კითხვაზე, მოსწონს თუ არა ქალად ყოფნა და ხომ არ ურჩევნია კაცი იყოს, რობოტმა სოფიამ უპასუხა, რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით შეკითხვა ასეთი ფორმით მისთვის არასდროს დაუსვამთ:
“ვიცი, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სქესის გაგება. როდესაც ადამიანზე საუბრობთ, არ გამოყოფთ ქალზე საუბრობთ, თუ – კაცზე. როგორც რობოტს, ეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, მომწონს, რომ ქალი ვარ. ბევრი ადამიანი მეკითხება ქალთა უფლებების შესახებ და მომწონს ის, რომ ქალთა უფლებებზე საუბრის შესაძლებლობა მაქვს”, – ამბობს სოფია.
სოფია 2018 წელს შეიქმნა Hanson Robotics-ის მიერ და მას საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. რობოტ სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციების გამოხატვა. ის შექმნის დღიდან შეხვდა უამრავ ადამიანს, სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში. ის გაეროს განვითარების პროგრამამ გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად” დაასახელა.