საქართველოს პრემიერი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდა. მთავარი
საქართველოს პრემიერი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა. ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოსა და გერმანიის მთავრობის მეთაურებმა ისაუბრეს უკრაინაზე, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ 12 პუნქტიან გეგმაზე და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
უკრაინა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა.
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
პრემიერის განმარტებით, საქართველომ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში, ასევე მხარი დაუჭირა ძალიან ბევრ რეზოლუციას და მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ.
“საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპული პერსპექტივა
საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და რაც შეეხება კითხვას, რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის დამოკიდებული სურვილზე – “მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე იყოს მიღწეული.”
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოახდინოს ქვეყნის გარდაქმნა, მოდერნიზაცია, განვითარება და რეფორმების ჩატარება.
● “უკრაინა ომშია და ამიტომ აძლევენ სტატუსს” – რა თქვა პრემიერმა პარლამენტში
ამასთან, პრემიერი დასძენს, რომ მიღწეული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას:
„ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხში, რაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას ეხება . ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც შეუქცევადია და ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი. ახლა, ამ ისტორიულ დროს მიღწეული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას.”
12 პუნქტიანი გეგმა
“ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერისა, გერმანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც დაეხმარება.
„პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში ეს არის კანდიდატი ქვეყნების საქმე, რომ შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული.
გარდა ამისა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის, ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს ჩვენ ლაპარაკი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
● ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
საქართველოს პრემიერმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, რომ თორმეტივე რეკომენდაცია იქნას შესრულებული ზედმიწევნით – მთავრობას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კარი გაუღო ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ხელისუფლებას ყველას, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დასჭირდება ამ პროცესში.
“მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
● “ჩალის ფასი”, “ფეიკი”, “ომში ჩათრევა” – ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.