შვიდი რამ, რაც ბაქოელს ლონდონში გააოცებს
თავიდანვე გაფრთხილებთ:„ბიგ ბენი“ სულაც არ არის ისეთი დიდი, როგორც კინოეკრანებზე ჩანს ხოლმე, ჩვენი აღმოსავლური საზომებით თუ ვიმსჯელებთ, ბაკინჰემის სასახლე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, ბეიკერ-სტრიტს ნამდვილად დაკარგული აქვს ძველი ელფერი და არც სმოგი ჩანს სადმე.
ლონდონში „სტერეოტიპების დასამსხვრევად“ უნდა ჩახვიდეთ. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ ქალაქზე, იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ნამდვილად არ შეეფერება თქვენს წარმოდგენებს და რამდენჯერაც არ უნდა ჩამოხვიდეთ აქ, ეს მეგაპოლისი ყოველთვის შეძლებს თქვენს გაოცებას.
ჩამოგითვლით 7 გარემოებას, რომლებიც ნებისმიერ ბაქოელს გააოცებს. და ახლავე გეტყვით, რომ ჩემს ჩამონათვალში საერთოდ ვერ შეხვდებით ღირსშესანიშნაობებს.
1. ვერტიკალური სახლები
წითელი აგურით ნაგები ეს აკურატული მასივები თვითმფრინავიდანაც კი ჩანს. სახლები იზოლირებული ბინებისგან შედგება. თითოეული ბინის პირველ სართულზე იზოლირებული შესასვლელი კარი, პატარა შემოსასვლელი, სამზარეულო და სასტუმრო ოთახია განთავსებული. მეორე სართულზე, რომელზეც შემოსასვლელში მდებარე კიბით შეიძლება ასვლა, საძინებელი ოთახებია განთავსებული.
ესაა ე.წ. „ვიქტორიანული სახლი“. დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პერიოდში ასეთი საცხოვრებელი ნაგებობები მასობრივად შენდებოდა. ამ სახლებს აგებდნენ საშუალო კლასის წარმომადგენლებისთვის, რომელთა რაოდენობაც იმ პერიოდში ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ანუ ეს ერთგვარ „საცხოვრებელ მინიმუმს“, ჩვენი „ხრუშჩოვკების“ თავისებურ ანალოგს წარმოადგენს. მაგრამ, „ხრუშჩოვკებისგან“ განსხვავებით, „ვიქტორიანულ სახლში“ საკმაოდ დიდი სივრცეა და ასეთ ბინას ძალიან მყუდრო ინტერიერი აქვს. მობინადრეებს არც ზედა მეზობლები ჰყავთ, და არც ქვედა. ბინის მეპატრონეებს სახლის უკან პატარა კერძო ეზო აქვთ.
სხვათა შორის, აქაური სახლების პირველ სართულების ფანჯრებზე ცხაურები არ არის მიჭედებული, შესასვლელი კარი კი, შესაძლოა, ხისგან იყოს დამზადებული და გასაღებით იკეტებოდეს. ამას გარდა, ზოგიერთ კარს მინის ფანჯრებიც აქვს დატანებული. ეს ყველაფერი ძალიან არ ჰგავს ბაქოს, სადაც რკინის კარი და სეიფის საკეტი ყველასთვის აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენს.
2. როგორ მოვიქცეთ ამ სააბაზანოში?
თანამედროვე ბინებსა და სასტუმროებში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვენთან. შედარებით ძველ „ვიქტორიანულ“ სახლში, ან სასტუმროში კი ბაქოელ სტუმარს ბევრი შეკითხვა უჩნდება.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთისგან განცალკევებით დამონტაჟებული ორი ონკანი, რომელთაგანაც ერთში ცივი წყალი მოდის, მეორეში კი – ცხელი? რატომ გვხვდება სააბაზანოებში აბაზანა და საშხაპე კაბინა, რომელიც მისგან (ანუ აბაზანიდან) ორი მეტრითაა დაშორებული? როგორ მოვრეცხოთ აბაზანა, თუკი მასში საშხაპე ონკანი არ არის?
ანუ უბრალოდ სტერეოტიპული წარმოდგენა არსებობს იმის შესახებ, რომ ბრიტანელები აბაზანიდან ამოსვლისთანავე პირსახოცით იმშრალებენ ტანს? თუ ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება? ჯერაც ვერ გამირკვევია, მაგრამ შეკითხვის დასმასაც ვერიდები – მეუხერხულება.
3. დაჭრილი და დაფასოებული ხორცი
а ამ პუნქტის დანახვისას, სავარაუდოდ, გაგახსენდებათ, რომ პლასტიკატის მასალაში შეფუთული ფარში ჩვენი ქალაქის დიდ სუპერმარკეტებშიც იყიდება. განსხვავება ისაა, რომ ლონდონურ სუპერმარკეტებში დაფასოებული ხორცის ყველა სახეობას ყიდიან. გუნდებად შეკრული გუფთის შეძენაც კი შეიძლება. ნორმალური, ახალი ხორცია, რომელიც ან სტეიკისთვისაა დაჭრილი, ან სუპისთვის.
ამას გარდა, აქ გარეცხილი მწვანილი და ბოსტნეულიც აქვთ. ანუ ადამიანს შეუძლია უბრალოდ სხვადასხვა შესაფუთი მასალიდან პირდაპირ ქვაბში, ან თეფშში ჩაყაროს საჭმელი და, ინგრედიენტების შერჩევის შედეგად, სხვადასხვა ტიპის კერძები მოამზადოს.
4. მეტრო
მოკლედ რომ ვთქვათ, აქაური მეტროსადგურებისა და ხაზების მიუხედავად, ლონდონურ მეტროპლიტენში გზის გაგნება ნამდვილად არ ჭირს. უბრალოდ დახედეთ გეგმას და ნიშნებს მიჰყევით.
ამას გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სადგურების სიმრავლის წყალობით ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოხვდეთ ქალაქის ცენტრში და „მილის“ (ასე უწოდებენ ადგილობრივები მეტროპოლიტენს) მისაწვდომობის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ პუნქტამდე სრულიად უპრობლემოდ შეგიძლიათ მიაღწიოთ ისე, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადაჯდომა არ დაგჭირდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ორ მეზობელ სადგურს შორის სულ ორიოდე ასეული მეტრია, რაც ნამდვილად განსხვავდება ბაქოური მეტროპოლიტენისგან, სადაც სადგურებს შორის ძალიან დიდი მანძილია.
5. რიგები
რიგებთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგანაც დიდია იმის ალბათობა, რომ მას (ანუ რიგს) უბრალოდ ვერ შეამჩნევთ. რიგში მდგომი ადამიანები ერთმანეთისგან ხელის გაწვდენის მანძილზე დგანან.
სწორედ ესაა იმ ტრადიციული ორთვიანი დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც, როგორც წესი, ბაქოში ჩამოსვლისთანავე მეწყება. აზერბაიჯანულ რიგში ყველა ერთმანეთს ეტმასნება.
ყველას, ვინც არ მეთანხმება, ვურჩევ, ხშირად ეწვიოს წითელ ხიდს [აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტს – რედ.შენ.]
6. პარკები და, ზოგადად, სიმწვანე
სწორედ სიმწვანე აოცებს ბაქოელს ყველა ქალაქში, სადაც კი ჩადის. ლონდონში პარკები ქალაქის საერთო ფართობის ოც პროცენტს იკავებს. ამ ზონებში ოლიგარქები „ელიტურ“ მრავალსართულიან კომპლექსებს არ აშენებენ და არც ბილიკებზე აგებს ვინმე მარმარილოს ფილებს. აქაურ პარკებში ადამიანს მხოლოდ ბალახი, ხეები, ციყვები და მსუქანი მტრედები ხვდება.
7. ისინი საჭმელს მალავენ
როდესაც საქმე ეროვნულ სამზარეულომდე მიდის, ბრიტანელების თვითკრიტიკულობა აპოგეას აღწევს. „ჩვენ არ გვაქვს ეროვნული სამზარეულო“ – აი, რას გეტყვიან ისინი. მათთვის ადგილობრივი სამზარეულო „ფიშ-ენდ- ჩიფსითა“ და კარის სოუსით შეგემებული წიწილით შემოიფარგლება.
წიწილა და კარტოფილის გარნირიანი თევზი ბაქოშიც ადვილად „მოიპოვება“, ლონდონში კი ბევრი სხვა საინტერესო კერძის გასინჯვაც შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ, დააგემოვნოთ “pie”, რომელიც სულაც არ წარმოადგენს ჩვენებური ღვეზელის ანალოგს და სინამდვილეში ხრაშუნა ცომის „ყუთისა“ და მასში მომზადებული გულსართისგან – მაგალითად, სოუსში არეული მოთუშული ხორცისგან, ან პურეს ფენის ქვეშ მოთავსებული ფარშისა და ბოსტნეულისგან შედგება.
ამას გარდა, გირჩევთ, კარაქის, ან ნაღების თავსართის მქონე სკონები, იორკშირული პუდინგი და „იტონის დომხალიც“ დააგემოვნოთ.
“იტონური დომხალი” (Eton mess) სრულიად შემთხვევით ვიპოვე ჰითროუს აეროპორტის ერთ-ერთ კაფეში. და მერწმუნეთ, თუკი ოდესმე რომელიმე ლამაზ კუნძულზე საკუთარი ქვეყანა მექნება, Eton mess-ის გამოსახულება აუცილებლად დაამშვენებს მის დროშას, გერბსა და ეროვნულ ვალუტას. ამ კერძზე გემრიელი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია.