სომხეთის ახალი მთავრობა რუსეთისა და დასავლეთის პირისპირ
სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ერთი თვე გავიდა. ქვეყანას მართავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც წინა სისტემიდან არ მოსულა, ამიტომ, ახალგაზრდა და აქტიური ახალი მთავრობა სომხეთის მმართველ არცერთ წინა ძალას არ ჰგავს.
რა შეიცვალა სომხეთში – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მის ურთიერთობებში, პირველ რიგში კი – რუსეთისა და დასავლეთისადმი დამოკიდებულებაში?
კორუფციაზე შეტევა
ახალი მთავრობის ერთთვიანი მუშაობის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე კორუფციული სქემა გაიხსნა.
ეს სქემები ცხოვრების ყველა სფეროში აღწევდა, და როგორც ირკვევა, მათი აგება და მხარდაჭერა მაღალ დონეზე ჩრდილოვანი გარიგებებით ხდებოდა.
ამგვარი ანტიკორუფციული შეტევის პირველი ობიექტი გახდა საბაჟო, რომელიც წლების განმავლობაში სომხეთის ყველა მონოპოლიის საფუძველსა და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
კიდევ ერთი სამიზნედ იქცა უკანონო გამდიდრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების კარგად ჩამოყალიბებული სქემები.
თითოეული ასეთი სქემა ოლიგარქიასა და მმართველ რესპუბლიკურ პარტიას შორის შეთანხმებას ეყრდნობოდა. ამის შედეგი ეკონომიკის წამყვან დარგებში რამდენიმე კომპანიის სრული მონოპოლიზაცია აღმოჩნდა.
რუსულ დღის წესრიგზე უარის თქმა
ახალი მთავრობის ანტიკორუფციული გადაწყვეტილებების ნაწილი აშკარად მეტყველებს სომხეთის ეკონომიკაში რუსული ორიენტაციის შეცვლაზე.
ამის ყველაზე გახმაურებული მაგალითია – კონტრაქტის გაუქმება კომპანია „ტაშირ კაპიტალთან“ , რომელიც სომხური წარმოშობის რუს ბიზნესმენს, „ფორბსის“ ვერსიით, უძრავი ქონების ერთ-ერთ მეფეს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სამველ კარაპეტიანი სომხური ელექტროენერგიის ბაზარზე აბსოლუტური მონოპოლისტი გახდა: 2015 წელს მან „სომხეთის ელექტრქსელები“ შეისყიდა, 2017 წელს კი მან „სომხეთის მაღალი ძაბვის ელექტროქსელების“ მართვაზე ნდობის უფლება მიიღო.
სომხეთში, და არამხოლოდ იქ, ამბობდნენ, რომ მოსკოვმა „თავის“ მილიარდერს ფაქტობრივად საკუთრივ სომხეთის მართვის ნდობა მიანიჭა.
2016 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრად რუსული „გაზპრომის“ ტოპ-მენეჯერის კარენ კარაპეტიანის დანიშვნა ამ ყველაფრის დასტურად აღიქვეს. მით უმეტეს, რომ ექსპერტებისა და საზოგადოების აზრითაც, ის სამველ კარაპეტიანის პროტეჟე იყო.
მთელი ეს პროცესები იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი იყო.
თითქმის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პრემიერ-მინისტრად გახდომის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სარგსიანი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. თითქმის იმავდროულად მთავრობა „რუსეთისგან ხელდასხმულმა“ კარენ კარაპეტიანმაც დატოვა.
სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუცია“ – ძველი შეთანხმებების რევიზიაა, მათ შორის – სომხურ-რუსულისაც. როგორც ჩანს, სამველ კარაპეტიანი ახალ შეთანხმებებში არ მოიაზრება.
დ
იდი რევიზია გვერდს ვერ აუვლის რუსული კაპიტალის მქონე იმ სხვა კომპანიებსაც, რომლებიც სომხეთში სტრატეგიულ ობიექტებს ფლობენ.
მაგალითად, უკვე ღიად საუბრობენ სარკინიგზო სისტემაში არსებულ არაადეკვატურ სიტუაციაზე. საწარმო „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზები“, რომელიც სახელმწიფო კომპანია „რუსეთის სარკინიგზო ხაზებს“ ეკუთვნის, სომხეთის სარკინიგზო ხაზებით უფასოდ სარგებლობს. ალბათ, ამიერიდან მათ გადახდას აიძულებენ.
რუსული კაპიტალის მქონე კიდევ ერთი კომპანია – „გეოპრომაინინგი“ სომხეთში ასევე სერიოზულ პრობლემებს წააწყდა.
„გეოპრომაინინგი“ სოტის ოქროსა და აგარაკის სპილენძი-მოლიბდენის საბადოების ექსპლუატაციას ეწევა. ახლახან კომპანიის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სომხეთში რუსული კაპიტალის მიმართ „ნაციონალისტური დამოკიდებულება“ ვლინდება.
როგორც ჩანს „ნაციონალიზმად“ მიჩნეულია გადასახადების გადახდისა და კანონის დაცვის მოთხოვნა.
დაბოლოს, შესაძლოა, რუსული გიგანტის „გაზპრომის“ ინტერესებსაც შეეხონ. მიმდინარეობს მსჯელობა, და ალბათ სომხეთში ელექტრენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები შემცირდება.
რუსეთი და სომხეთი: დიდი დაბნეულობა რევოლუციის შემდეგ
მაგრამ რუსი მონოპოლისტებისგან ბაზრის „გაწმენდის“ პროცესის მიუხედავად, სომხეთის ახალი მთავრობა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მაინც მკაფიო გზავნილს იძლევა.
მათ შორის ყველაზე მთავარია – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დამაჯერებელი განცხადებები, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და რუსეთის ეგიდით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციიდან გასვლას არ აპირებს.
სომხეთის ხელისუფლება რუსეთს „ხავერდოვან რევოლუციაში“ „ჩაურევლობისთვის“აშკარად ემადლიერება.
სოჭში 17 მაისს ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა.
პირველი – ეს იყო ცნობა სომხეთისთვის ТОР-ის საზენიტო კომპლექსების მიწოდების შესახებ;
მეორე – რუსეთის თანხმობა, რომ საქართველოსთნ ერთად სამხრეთი ოსეთსა და აფხაზეთის [საქართველოს რეგიონები, რომლებმაც ცალმხრივი წესით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რაც რუსეთმა და გაეროს წევრმა კიდევ 4-მა ქვეყანამ აღიარეს. საქართველო და ფართო საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებენ – JAMnews]. გავლით, „სავაჭრო კორიდორების“ მოქმედების მექანიზმები განიხილოს.
მაგრამ ამ მნიშვნელოვანი შედეგების კონტექსტი მაინც ფრიად ორაზროვანია.
ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ სირიამ თითქმის მაშინვე ცნო აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა. რეგიონში ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სირიას რუსეთმა სთხოვა. საქართველოში ატეხილი სკანდალის ფონზე, ცნობილი გახდა, რომ მეორე პუნქტთან დაკავშირებით არაფერი გამოვა – სავაჭრო კორიდორების საკითხი გადაიდო.
• რა აჩვენა სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ?
თანაც , რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა, რომელიც საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ახლახან, საქართველოს მხრიდან ნატოსთან გაღრმავებული თანამშრომლობის გამო, „მოსკოვში არსებული სერიოზული შეშფოთების თაობაზე განაცხადა“.
“არარეგიონული ძალების მიერ ამიერკავკასიის „სამხედრო ათვისება“ რუსეთისთვის პირდაპირ მუქარას წარმოადგენს… ამ სიტუაციაში რუსული მხარე უფლებამოსილია, რომ საკუთარი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების განსამტკიცებლად ზომები მიიღოს“, – თქვა მან.
როგორ აპირებს რუსეთი „უსაფრთხოების განმტკიცებას“? წარმოადგენს თუ არა სომხეთისთვის „ТОР“-ების გადაცემა რუსეთის მიერ ნატოს ექსპანსიაზე პასუხს?
თუმცა, ნიკოლ ფაშინიანი დაბეჯითებით აგრძელებს იმის განცხადებას, რომ სომხეთისა და რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ვერანაირი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის – ალბათ, ის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებს გულისხმობს. მეტიც, პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში „ინტერესით“ ადევნებდნენ თვალს 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმს, სადაც ახალი სამხედრო ნიმუშები იყო წარმოადგენილი. ეს სომხეთის მხრიდან ახალი რუსული სტრატეგიული შეიარაღებისადმი ინტერესად შეფასდა.
ს
ომხეთის მხრიდან სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობების გადახედვის გამო, რუსეთი მაინც შეშფოთებულია. რუსეთს ყარაბაღის საკითხის დარეგულირების თაობაზე სომხეთის პოზიციის შეცვლაც აღელვებს.
ნიკოლ ფაშინიანის არჩევის შემდეგ მალევე, 8 მაისს სტეფანაკერტში გაკეთებულმა მისმა განცხადებამ, რომ ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე უნდა გახდეს და თავად დაიცვას საკუთარი ინტერესები, ყარაბაღის საკითხის დარეგულირების 20-წლიანი კონცეფცია პირდაპირი მნიშვნელობით დაამხო.
7 ივნისს მოსკოვში დაგეგმილია სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. და, როგორც ჩანს, ყარაბაღის თაობაზე სომხეთის ახალი პოზიცია ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცევა.
სხვათა შორის, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი არმენ გრიგორიანი, რომელიც ადრე არაერთხელ მოითხოვდა რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას, ამჟამად ამბობს, რომ აზრი შეიცვალა. და ახლა, უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსეთთან კარგი ურთერთობის მომხრეა.
ახალი მთავრობის ამგვარი რიტორიკა ადამიანურად გასაგებია – ახლა კრემლთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება საშიში იყოს.
მაგრამ საერთაშორისო ექსპერტები სომხეთის ახალ ხელისუფლებას აფრთხილებენ. კერძოდ, ბაიდენის ცენტრის დირექტორი, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მაიკლ კარპენტერის აზრით, კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ სომხეთში დემოკრატიის დამყარება არ დაუშვას:
„სომხეთზე გარედან ბევრი ზეწოლა განხორციელდება. ეს „ფაშინიანი პუტინს შეხვდა“ დონეზე შეუმჩნეველი იქნება. ზეწოლა კულისებს მიღმა მოხდება, ზურგსუკან ჩაჩურჩულებით. ძალიან ღრმად ნუ შეხვალთ, ნუ დაგავიწყდებათ სომხეთში რუსეთის ინტერესები. ვფიქრობ, სომხეთს ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს შეუძლებელი არ მგონია. ვფიქრობ, პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და მათ ამას ვუსურვებ“.
30-31 მაისს სომხეთის პრემიერის საქართველოში ვიზიტი კონტექსტს სიმძაფრეს ჰმატებს.
ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველად, სომხეთის მაღალი თანამდებობის პირმა ღიად დაიწყო ლაპარაკი ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველაზე საჩოთირო საკითხზე – ჯავახკის რეგიონზე [ასე უწოდებენ სომხეთში საქართველოს ჯავახეთის რეგიონს, სადაც სომხები კომპაქტურად არიან დასახლებულები – JAMnews].
ამ რეგიონში პოტენციური სეპარატიზმის საკითხი საქართველოში საკმაოდ ფრთხილად განიხილება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო, რომ სომხეთის ხელმძღვანელები საქართველოში ჩასვლისას ამ რეგიონში არ ჩადიოდნენ – რათა ამგვარი განწყობების მხარდაჭერის რეალური, თუ მოჩვენებითი ეჭვი არ გაეჩინათ.
მაგრამ ნიკოლ ფაშინიანი რეგიონის სომხური სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ სომხურ-ქართული ურთიერთობების ფაქტობრივად ახლებური ფორმა შესთავაზა:
„საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქმედებებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება და პროვოკაცია არ არსებობს.
სომეხი ხალხი და სომხები ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ქართველი ხალხის ქმედებებში სომეხი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციები და შეთქმულება არ მოხდება“.
დასავლური დღის წესრიგი
აქ არის რამდენიმე მრავლის მეტყველი მოვლენა – ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს:
- 1 ივნისს ძალაში შევიდა (დროებით საფუძველზე) სომხეთთან ევროკომისიის გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება;
- ევროპარლამენტმა სომხეთს რეფორმების მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა;
- სომხეთში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაილსმა თქვა, რომ აშშ-ს მთავრობა სომხეთის მხარდაჭერის გეგმებს განიხილავს. კერძოდ, ქვეყანა, შესაძლოა, ისევ მიიწვიონ პროექტ „ათასწლეულის გამოწვევებში“ სამონაწილეოდ. ეს საკითხი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის სომხეთში ვიზიტის დროს განიხილეს.
მაგრამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 1 მარტის მოვლენების [დემონსტრაციის დაშლის დროს, რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, 10 ადამიანი დაიღუპა – JAMnews] შემდეგ მიიჩნიეს, რომ სომხეთმა დემოკრატიის გზიდან გადაუხვია, და ქვეყანამ ბოლო 70-მილიონიანი ტრანში ვერ მიიღო.
აშშ-სთვისაც და ევროკავშირისთვისაც კარგად არის ცნობილი, თუ რა უზარმაზარი რესურსები გაიფანტა სომხეთში. ისინი ხელისუფლებასთან ერთად არაერთხელ განიხილავდნენ კორუფციული სქემების დაშლის საკითხს, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდნენ, და როგორც ამბობენ, კორუფციონერების კონკრეტულ სიებსაც კი წარადგენდნენ.
მაგრამ არაფერი იცვლებოდა.
სომხეთის ახალ მთავრობას ასეთი სიების წარდგენა არ სჭირდება. მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი, თუ რამდენად მზად არის ის შიდა რესურსების ეფექტურად მართვისთვის.