"სახლების დაწვა იკრძალება"- ყარაბაღის სოფლები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება
ლაჩინის დერეფნის დასახლებები აზერბაიჯანს გადაეცემა
რა ხდება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი ლაჩინის რაიონის სოფლებში, რატომ აეკრძალათ მათ მცხოვრებლებს გამგზავრებამდე სახლების დაწვა და ასევე, როგორ გადაწყდება ინფრასტრუქტურის საკითხი.
ბოლო ესკალაციის დღეებში, აზერბაიჯანმა, რუსი სამშვიდობოების მეშვეობით, სომხურ მხარეს ლაჩინის დერეფნის დაცლა მოსთხოვა. სამმხრივი განცხადების მიხედვით, რომლითაც 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა, ლაჩინის დერეფნის ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის სამი წელია გამოყოფილი. თუმცა, აზერბაიჯანმა დაასრულა მშენებლობა თავის მხარეს და მარშრუტის სასწრაფო შეცვლა მოითხოვა.
ახალი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, ლაჩინის დერეფნის ლოგიკით იფუნქციონირებს. აქ რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან. სომხურ მხარეს, კორნიძორში მიმავალი გზის ნაწილი ჯერ არ არის აშენებული. ასე რომ, ამ დროისთვის ყველას ოთხ-კილომეტრიანი, მოუწესრიგებელი გზის გავლა მოუწევს.
ახლა სუსიდან და აგავნოდან (ზაბუხიდან) სომხური მოსახლეობის გამოსახლებაზე რთული და მტკივნეულ დისკუსიები მიმდინარეობს. ეს სოფლები ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზეა და მალე აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავა.
გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 25 აგვისტოს ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს და მიმდებარე დასახლებები აზერბაიჯანს გადაეცემა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამ ვითარებაზე ისაუბრეს სომხეთშიც. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პროვოკაციები სომხეთის ხელისუფლებას არ უნდა დაბრალდეს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „საქმე გვაქვს ხალხის ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებთან [აზერბაიჯანთან]“.
რა ვითარებაა იმ სოფლების ირგვლივ, რომლებიც თვის ბოლოს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება, რატომ აეკრძალათ მათ მცხოვრებლებს გამგზავრებამდე სახლების დაწვა და ასევე, როგორ გადაწყდება ინფრასტრუქტურის საკითხი.
აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო?
ლაჩინისა და სოფელ სუსის ბედი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში იყო ნათელი. რაც შეეხება სოფელ აგავნოს, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ბოლო დრომდე აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ის სომხური მხარის კონტროლის ქვეშ ყოფილიყო.
„ბერძორში ჩვენი თანამემამულეების ყოფნის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. რაც შეეხება აგავნოს, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, ჩვენს ბრძოლას“, – განაცხადა ივნისის ბოლოს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიიკ ჰარუთუნიანმა.
იქიდან გამომდინარე, როგორც განვითარდა მოვლენები, ცხადია, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.
ბერძორში, სუსსა და აგავნოში ასი ოჯახი ცხოვრობს. ეს დღეებია ისინი წასასვლელად ემზადებიან. დრო ცოტაა – მათ 25 აგვისტომდე უნდა მოასწრონ სოფლის დატოვება. სად წავლენ, ჯერჯერობით უცნობია.
ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჰაიკ ხანუმიანი 5 აგვისტოს სოფელ აგავნოში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასთან ევაკუაციის საკითხები განიხილა. მან სახლების დატოვების ვადა გამოაცხადა. პროტესტის ნიშნად ბერძორში მცხოვრებთა ჯგუფმა ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.
გამოსახლებულებს ქირას და საცხოვრებლის შესაძენად ცნობას ჰპირდებიან
იძულებით მიგრანტებს ჰპირდებიან, რომ მთიანი ყარაბაღის სხვა რაიონებში ან სომხეთში დაასახლებენ, კერძოდ, მის სამხრეთით, სიუნიქის რეგიონში.
„სომხეთის რესპუბლიკაში გადასული ოჯახები მიიღებენ ცნობას (სერტიფიკატს) ბინის შესაძენად, მანამდე კი კომპენსაციას ბინის დაქირავებისთვის“, – განაცხადა ჰაიკ ხანუმიანმა.
მთიან ყარაბაღში დარჩენის სურვილი ლაჩინის, სუსისა და აღავნოს მცხოვრებთა 25-30-მა პროცენტმა გამოთქვა.
თუმცა, ისინი, ვისაც სომხეთის რეგიონებში გადასვლის სურვილი აქვს, არ არიან დარწმუნებული, რომ ათი მილიონი დრამის (25 ათას დოლარზე ნაკლები) სერთიფიკატებით საცხოვრებლის შეძენას შეძლებენ.
ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მიწოდების საკითხი მოგვარდება, გაზი უფრო რთულია
25 აგვისტოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავა არამხოლოდ ლაჩინის დერეფანი, ბერძორი, სუსი და აგავნო, არამედ ინფრასტრუქტურაც, რომლითაც სომხეთიდან მთიან ყარაბაღს გაზი, ელექტროენერგია და საკომუნიკაციო არხები მიეწოდება. მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ ეს დროებითი სირთულეებია, ახალი ხაზები გაივლება. მაგრამ რა მოხდება მანამდე, ჯერჯერობით უცნობია.
ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და კომუნიკაციების გაყვანისთვის. მათი დასრულება სავარაუდოდ უმოკლეს დროში იგეგმება. გაზზე ჯერ არაფერია ნათქვამი.
ჰაიკ ხანუმიანის თქმით, ჯერ კიდევ დერეფნის შეცვლამდე ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე გადიოდა. ასე რომ, საკითხის გადასაჭრელად საჭიროა „მოლაპარაკებები და მათში რუსი სამშვიდობოების აქტიური მონაწილეობა“.
ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას გაზი მიმდინარე წლის 8 მარტიდან აღარ აქვს. გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთი, რომელიც გაზით ყარაბაღს სომხეთიდან ამარაგებს, 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. აზერბაიჯანულმა მხარემ მისი შეკეთების საშუალება არ მისცა. ათ დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ბაქომ თავად აღადგინა მილსადენი. მაგრამ რემონტის შემდეგ დაიწყო გათიშვა. მთიან ყარაბაღში ვარაუდობენ, რომ რემონტის დროს გაზსადენზე სარქველი დამონტაჟდა.
“არ დაწვათ სახლები, რათა კომპენსაცია მიიღოთ”
აგავნოს მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გააფრთხილეს, სახლები არ დაეწვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.
ჰაიკ ხანუმიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობის მიერ მათი სახლების დანგრევის კატეგორიული წინააღმდეგია. მან მაგალითად მოიყვანა სიტუაცია შაუმიანის ოლქის ჩარექტართან დაკავშირებით. მოსახლეობამ სახლები დაწვა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სოფელი სომხური მხარის კონტროლქვეშ დარჩებოდა. მინისტრის თქმით, ახლა ჩარექტარის აღდგენაზე მილიონობით დრამი უნდა დაიხარჯოს.
ის ამტკიცებს, რომ სწორედ ამ მიზეზით აეკრძალათ ლაჩინის, აგავნოსა და სუსის მცხოვრებლებს სახლების გადაწვა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სომხური მხარის კონტროლქვეშ დაბრუნდება დასახლებები აღანუსი, მეგვაძორი, უნანავანი, მელიკაშენი და მარათუკი.
„მაგრამ იქ ყველაფერი გაძარცვეს და გადაწვეს, პირველი ომის დროიდან დაწყებული და 2020 წელს დამთავრებული. იმ დერეფანში საბინაო მარაგი რომ შენარჩუნებულიყო, დღეს მშვიდად შეგვეძლო ხალხის გადმოსახლება, დღეს კი მხოლოდ ნახშირბადის კედლები და ნანგრევებია“.
„სომხეთი გაურკვეველ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს?
ოპოზიციურმა ბლოკმა Hayastan-მა (სომხეთი) გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ბოლო ესკალაცია და „აზერბაიჯანის აგრესია“, ასევე ოფიციალური ერევნის დამარცხებული დამოკიდებულება. ოპოზიციონერები თვლიან, რომ ამის შედეგად „ახალ დასახლებებს სომხების გამოსახლების და მტრისთვის გადაცემის საფრთხე ემუქრება“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოლო დღეების აგრესია აზერბაიჯანის ძალისმიერი პოლიტიკის, იძულების ერთ-ერთი გამოვლინებაა“. ამასთან, ბაქო, ოპოზიციის განცხადებით, კიდევ ერთხელ არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას:
„სამმხრივი განცხადება არ ითვალისწინებს დასახლებების გადაცემას გზის მშენებლობის მიზნით და ასევე არ შეიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც ახალმა გზამ გვერდი უნდა აუაროს დასახლებებს ბერძორს, აგავნოსა და სუსს.
ოპოზიცია სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკას არათანმიმდევრულად და გაურკვეველად მიიჩნევს:
„არ არსებობს სათანადო თანამშრომლობა არც ერთი მიმართულებით, იქნება ეს სამშვიდობო ძალები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობა თუ ზოგადად საერთაშორისო სტრუქტურები.
დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება თურქულ-აზერბაიჯანულ ინტერესებს, ფაქტობრივად, ამ ძალებთან ერთად ახორციელებს არცახის სომხების სამშობლოდან განდევნის პროგრამას“.
მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ სახელით, ოპოზიციას დეპუტატმა ვაჰაგნ ალექსანიანმა უპასუხა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ პროვოკაციები სომხეთის ხელისუფლება არ უნდა დაბრალდეს.