არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, ხალხმა უნდა განსაზღვროს - კელი დეგნანი
არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი
„შეერთებული შტატები ვერ იტყვის ბიძინა ივანიშვილზე, ან ნებისმიერ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს“, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი.
ეს კითხვა საქართველოში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ პუნქტად – დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა.
“აიღებს და შეასრულებს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე“, – წერია ევროკავშირის რეკომენდაციებში.
ამ რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება ივანიშვილის გავლენის შესუსტება საქართველოს ხელისუფლებაზე.
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრები კი ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება.
- ემუქრება თუ არა ივანიშვილს სანქციები და რას შეცვლის ეს ქვეყანაში?
- საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
- აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
ოლიგარქებად ისინი საქართველოს ყოფილ, ამჟამად პატიმარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, წინა ხელისუფლების დროს გავლენიან ჩინოვნიკს, ტელეკომოანია “ფორმულას” ერთ-ერთ მფლობელს დავით კეზერაშვილს, ასევე, მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ასახალებენ.
“სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა… კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი”, – ეს იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი ევროკავშირის რეკომენდაციების გასაჯაროების შემდეგ.
12 ივნისს, საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ საკითხს ვრცელი წერილი მიუძღვნა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში იგი წერს, რომ მმართველი პარტია ყველა მიმდინარე თუ საკვანძო გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის და კარნახის გარეშე იღებს.
როდესაც დეოლიგარქიზაციაზე საუბარი აქტიურდება, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი აპირებენ მიიღონ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, ისეთივე, როგორიც უკრაინაშია.
„ანტიოლიგარქიულ კანონს“, რომელმაც უნდა შეზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებული ზეგავლენა უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, უკრაინაში ხელი ომამდე, 2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა. კანონი ძალაში 2022 წლის 7 მაისს შევიდა.
“…არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი [დეოლიგარქიზაციის] უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც იმავე გამოწვევას ებრძვიან. მაგრამ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად”, – განაცხადა “ფორმულასთან” ინტერვიუში კელი დეგნანმა.
არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი