9 ფოტოსურათით აღწერილი აკრძალული სანახაობა: მამლების ჩხუბი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში მამლების ჩხუბი ტრადიციულ სანახაობად ითვლება, რომელსაც ნოვრუზის (გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულის) აუცილებელ კომპონენტად მიიჩნეოდა. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ე.წ. ბაქოურ სოფლებში“ (ქალაქის მახლობლად მდებარე დასახლებებში) სპეციალურად მამლების ბრძოლისთვის გამოყოფილი მოედნები არსებობდა. ამ ტურნირებს ღიად ატარებდნენ და ფულად ფსონებსაც დებდნენ.
აზერბაიჯანში ცხოველთა დამცველები მამლების ჩხუბს ყოველთვის სასტიკ და არაადამიანურ სანახაობად მიიჩნევდნენ და მათი აქტიურობის წყალობით შვიდი წლის წინ მამლების ბრძოლები აკრძალეს. ამჟამად არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ ღონისძიებაში მონაწილე პირებს ჯარიმა ემუქრებათ.
მაგრამ ამ თავისებური „სპორტის“ მოყვარულები არ ნებდებიან და უჩუმრად, უცხო თვალისგან მოშორებულ ადგილებში, ფულადი ფსონების გარეშე მართავენ ბრძოლებს (და თანაც არამხოლოდ საზეიმო დღეებში). როგორც წესი, ორგანიზატორები მამლების პატრონებისგან წინასწარ იღებენ თანხმობას. ეს საკმაოდ პოპულარული სანახაობაა, განსაკუთრებით – დღესასწაულების დროს. თუმცა, გულშემატკივრებს ძალიან არ სურთ კადრში მოხვედრა, რადგანაც ეშინიათ, რომ მართლმსაჯულებასთან პრობლემები გაუჩნდებათ.
ფოტოები ბაქოს ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარე სოფელ ბალაჯარიშია გადაღებული.
უკვე 20 წელზე მეტია, რაც რაუფი მამლების ჩხუბითა არის გატაცებული. მისი თქმით, ამ სანახაობის მიმართ ინტერესი საგრძნობლად შემცირდა და ამის მიზეზი ისაა, რომ მამლების ჩხუბის ტრადიციას კრძალავენ და თანდათანობით ივიწყებენ.
ამ მებრძოლ მამალს ჯერკი ჰქვია. მისი პატრონი ამბობს, რომ ეს სახელი თავისი პირველი ფრინველის საპატივცემულოდ შეურჩია. ჯერკი 18 თვისაა და ოთხ-ნახევარ კილოგრამს იწონის. რაუფი ხუმრობით ამბობს, რომ ზოგჯერ თავად უარს ამბობს საკვებზე და მთელ რესურსებს მამალს ახარჯავს იმისათვის, რათა ფრინველმა ჩხუბის დროს არ შეარცხვინოს.
მამლების ბრძოლის მოედანს „მეიდანი“ ჰქვია. ფრინველების „ბრძოლის ველი“ ქვიშით, ან მიწით უნდა იყოს დაფარული – იმისათვის, რათა მამალმა კლანჭები (მისი მთავარი იარაღი) არ დაიზიანოს.
ბრძოლის წინ მამლებს წონის, ასაკისა და სიმაღლის მიხედვით ანაწილებენ და ასე განსაზღვრავენ მოწინააღმდეგეთა წყვილებს. მამლები ყველა პარამეტრით უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს. ამ ყველაფერზე მსაჯი ზრუნავს, რომელსაც გულშემატკივრებიდან ირჩევენ.
ბრძოლის დაწყებამდე მამალს ფეხებსა და კორპუსს უზელენ. ჩხუბი 20 წუთიდან ორ საათამდე გრძელდება. ხანგრძლივი ბრძოლების დროს „ტაიმაუტებს“ იღებენ.
დამარცხებულად იმ მამალს აცხადებენ, რომელიც ან გონდაკარგული ეცემა მიწაზე, ან მოედნიდან გარბის. შესაბამისად, მისი მოწინააღმდეგე გამარჯვებულად ცხადდება. თუკი ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენა ვერ ხერხდება, ყაიმი ცხადდება.
ბრძოლის დროს დაშავებულ მამლებს სპეციალური ზეთებითა და წამლებით მკურნალობენ. როდესაც მამალი მარცხდება, მას პატრონი მალავს და დიდხანს აღარ გამოჰყავს ხოლმე მეიდანზე. გამარჯვებული მამლები კი, როგორც წესი, მომდევნო ბრძოლებში მონაწილეობენ.
დღევანდელი ბრძოლა ჯერკის გამარჯვებით დასრულდა.