ხუთი სასოწარკვეთილი აზერბაიჯანში
“ღმერთს ვფიცავ, როდესაც სახლიდან გამოდიოდა, ფეხსაცმელიც კი არ ჩაუცვამს. ქალის ჩუსტებით იყო გასული. თქვა, რომ ნათესავებთან მიდიოდა. ის ოჯახი დასახლების მეორე ბოლოში ცხოვრობს. უკანა გზაზე დაინახა, რომ ქუჩაში ხალხი იყო შეკრებილი და მათკენ გაემართა. ჩემს შვილს არაფერი გაუტეხავს და არც პოლიციელები უცემია. იმისთვის წავიდა, რომ ენახა, თუ რა შედეგით დასრულდა დენის ჩართვის მოთხოვნით დაწყებული გამოსვლა. ის კი არაფრის გამო წაიყვანეს. დამიბრუნონ შვილი…”, – ტირილით ამბობს აფილია ბაირამოვა.
მისი ვაჟი, 25 წლის ილქინ ისკანდეროვი ბილიასუვარის რაიონში დააკავეს (153 კმ დედაქალაქიდან) 22 დეკემბერს აქ, ყარაბაღის ჯებრაილის რაიონიდან დევნილი ადამიანების დასახლებებში, მოსახლეობამ ელექტრონერგიის გათიშვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
სამი ადამიანი აქციის დასრულებისთანავე დააკავეს, 26 დეკემბერს კი დასახლების კიდევ ორი მცხოვრები დაპატიმრეს. დაკავებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ზემოაღნიშნულ პირებს, არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის გარდა, პოლიციელების ცემასა და საზოგადოებისათვის სახიფათო ქმედებების ჩადენაშიც სდებენ ბრალს.
საპროტესტო აქცია
“ადრე ადამიანებს ფულს არ ართმევდნენ, მაგრამ პაქტიკულად, ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით გვაძლევდნენ შუქს. ამის შემდეგ თითო კომლიდან 5-10 მანათის აგროვება დაიწყეს. ლიმიტს აჭარბებთო, ისაო, ესაო… კამათი არ დაგვიწყია. მაგრამ ოქტომბრიდან პერიოდულად გვითიშავენ ხოლმე.
ბოლო 15 დღეა, თითქმის ყოველდღე თიშავენ – დღის პირველი საათიდან საღამოს 7-8 საათამდე. ყველა სახლში ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები ცხოვრობენ. ხალხი ზამთრის სიცივეში იყინება. და ჩვენ ვუთხარით, რომ ან ფული არ აეგროვებინათ, ან შუქი არ გაეთიშათ. სწორედ ამიტომ ჩატარდა იმ დღეს მიტინგი”, – ამბობს ილქინის ბაბუა, მუჰამედ ბაირამოვი.
იძულებით გადაადგილებული პირებისათვის კომუნალური მომსახურებებზე შეღავათებია გათვალისწინებული. მაგრამ ელექტროენერგია სრულიად უფასო მაინც არ არის. მათთვის უფასო დენის ლიმიტია დაწესებული – 150 კვტ/სთ-ის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მაჩვენებლამდე დახარჯული ელექტროენერგიაა მათთვის უფასო. ლიმიტი ბუნებრივ აირზეც არის დაწესებული და 35 კუბური მეტრით განისაზღვრება. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ამ “ლიმიტირებული” რაოდენობისათვის საჭირო თანხას კომუნალური მომსახურეობების მიმწოდებელ საწარმოებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტი უხდის. თანხის დანარჩენ ნაწილს კი თავად დევნილები იხდიან.
ოფიციალური ინფორმაცია
ჯაბრაილის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოადგილემ, არიფ ფარზალიევმა ვებგვერდ Modern.az-ს განუცხადა, რომ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება იმ საღამოსვე აღუდგა.
“იძულებით გადაადგილებულ პირებს დიდი დავალიანება აქვთ. მოქალაქეებმა ლიმიტს გადააჭარბეს, რის გამოც, იმიშლინის რეგიონულმა ელექტროქსელმა აბონენტებს ელექტროენერგია გაუთიშა. თუმცა, მოლაპარაკებების შედეგად ყველაფერი მოგვარდა. ამჟამად დასახლებაში სიმშვიდე სუფევს და რაიმე სახის დაპირისპირება არ შეინიშნება”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “დასახლების მცხოვრებთა ჯგუფმა ჯაბრაილის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტები გამოყენებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდაზე უარს აცხადებდნენ”.
სამინისტროს მირ გავრცელებული ინფორმაციით, “მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა არასანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მათი ნათქვამი არ გაითვალისწინეს და სამართალდამცავებს ჯოხები და ქვები დაუშინეს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 9 პოლიციელმა სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. ამას გარდა, დაიმსხვრა სამართალდამცავი ორგანოების ბალანსზე არსებული 1 ავტომობილის მინები”.
სამი დემონსტრანტი – ჯალალ გულიევი, ილქინ ისკანდეროვი და გულიაღა ალმამედოვი აქციის დასრულებისთანავე დააკავეს. სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის სტრუქტურაში არსებული მძიმე დანაშაულების სამძებრო სამმართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №186.2.2 (ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება დაწვის, აფეთქების ან სხვა სახიფათო გზით, რომელსაც, შესაძლოა, მძიმე შედეგები ახლდეს.), №233 (ისეთი ქმედებების ორგანიზება, ან ჩადენა, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას იწვევს) и №315.2 (ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ან მის მიმართ ძალადობის ისეთი ფორმის გამოყენება, რომელიც მუხლში მითითებული პირების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს) მუხლების მიხედვით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
26 დეკემბერს, სასამართლომ იმავე ბრალდებებით დაკავებული კიდევ ორ მოქალაქე – ულვი გულიევი და ზაურ ფერუზლუ გაასამართლა და, აღმკვეთი ღონისძიების სახით, მათაც სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
“საზოგადოების ხორცმეტები”
მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯანის“ წევრმა ასტან შაჰვერდიევმა, რომელიც პარლამენტში ჯაბრაილის რაიონს წარმოადგენს, „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანის სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა დემონსტრანტები: “ხელისუფლებით უკმაყოფილო ლოთებისა და ნარკომანების ჯგუფმა წამოყო თავი…”, თქვა მან. დეპუტატმა თავის ამომრჩევლებს “საზოგადოების ხორცმეტები” უწოდა.
მისმა ნათქვამმა სოციალურ ქსელებში საპროტესტო ტალღა გამოიწვია, ბილიასუვარის დასახლებების მოსახლეობა კი ამ კომენტარმა ძალიან გააბრაზა. აი, რას ამბობს ერთ-ერთი დაპატიმრებულის მეუღლე, ულდუზ ისკანდეროვა:
“სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როგორც ილქინის მეუღლე, მოვითხოვ, ჩემს ქმარს სისხლის ანალიზი ჩაუტარდეს. თუ გაირკვევა, რომ იგი ნარკოტიკებს, ან ალკოჰოლს მოიხმარს, მაშინ მასთან ერთად მეც დამნაშავე ვარ. როგორ შეიძლება ადამიანის ღირსების ასე ფეხქვეშ გათელვა”! -აცხადებს ულდუზ ისკანდეროვა.
“ეგ დეპუტატი არც არჩევნებამდე მინახავს, და არც არჩევნების შემდეგ. ერთხელაც არ დაინტერესებულა ადამიანების პრობლემებით”, – ამბობს ილქინ ისკანდეროვის დედა. მის გარდა, ბევრი სხვა მოსახლეც აღნიშნავს, რომ “თავისი დეპუტატი” თვალითაც არ უნახავს. ზოგიერთმა მისი სახელიც კი არ იცის.
ილქინის ფეხსაცმელი
ულდუზ ისკანდეროვი პირველ შვილს ელოდება. ამჟამად სახლში მხოლოდ ის და მისი დედამთილი ცხოვრობენ. ილქინის მამა შვიდი წლის წინ გარდაიცვალა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თავად ილქინია, რომელიც მანქანების შეკეთებითაა დაკავებული და ძლივს გააქვს თავი. ულდუზ ხანუმი აღნიშნავს: “თუ ვინმეს მანქანა უფუჭდება, სახლში პური მაინც გვაქვს, მაგრამ თუ არ ფუჭდება, საჭმელიც არ გვაქვს ხოლმე”. ამ ოჯახის სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ ასაკოვანი დედის 130-მანათიანი (71 დოლარი) პენსიითა და დევნილების შემწეობით (19 მანათი თითო სულზე) განისაზღვრება.
“არც კი ვიცით, როგორ დავხარჯოთ ეს ფული – გამოკვლევები ჩავიტაროთ, ვიმკურნალოთ, თუ საჭმელი ვიყიდოთ. ჩემი დედამთილი ასაკოვანი ქალია. დიაბეტი და წნევა აწუხებს. წამლები სჭირდება. და როგორ შეიძლება ასეთ პირობებში დენის ფულის გადახდა”? – ამბობს ულდუზ ისკანდეროვა..
სახლიდან გამოსვლისას აფილია ხანიმი სახლის ზღურბლთან დადებულ ფეხსაცმელს გვაჩვენებს: “აი, ჩემი შვილის ფეხსაცმელი. განა შეიძლება, ქალის ჩუსტებში გამოწყობილი კაცი სადმე მიდიოდეს, და ფეხსაცმელი არ ჩაიცვას”? – ამბობს ის და ისევ ტირილს იწყებს.
ამ ქალი ვერც კი წარმოუდგენია, რომ ადამიანს ერთ წყვილზე მეტი ფეხსაცმელიც შეიძლება ჰქონდეს. თუკი ოჯახის შემოსავლებს გავითვალისწინებთ, ეს არც არის გასაკვირი.
ჯაბრაილი და ჯაბრაილელები
ჯაბრაილის რაიონი მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი მოსაზღვრე რაიონია 77 ათასიანი მოსახლეობით. 1993 წლის 25 აგვისტოს სომხეტსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის დროსრაიონის ტერიტორია სომხეტის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს. ამჟამად აზერბაიჯანი რაიონის მხოლოდ ერთ სოფელს, ჯოჯუგ მარჯანლის აკონტროლებს. .
ჯაბრაილის რაიონიდან დევნილი ადამიანები აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში ცხოვრობენ. მაგრამ კომპაქტურად ისინი სწორედ იმ ბილიასუვარის რაიონის დასახლებებში ცხოვრობენ, სადაც ზემოაღნიშნული აქცია გაიმართა. ამ 11 დასახლებაში, რომლებიც 2003 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, 18 ათასი ჯაბრაილელი ცხოვრობს.
დასახლების არსებობის 13 წლის მანძილზე გზები არ დაგებულა, გაზი არ გაყვანილა, წყალს დღეში ერთი საათით იძლევიან, შუქთან დაკავშირებით კი უკვე ყველაფერი გავარკვიეთ. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ადგილობრივების თქმით, დასახლების მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია. აქ თითოეული ადამიანი საქონელსა და შინაურ ფრინველს უვლის, ხელოსნობს და ასე ძლივძლივობით გააქვს თავი.
“ის, ვინც ფულს გვთხოვს, ჯერ სამსახურები მოგვცეს. 2017 წელს დაბადებულ ბავშვებს იძულებით გადაადგილებულის სტატუსს არ მისცემენ და, შესაბამისად, არც შემწეობას გამოუყოფენ. უმჯობესი იქნება, თუკი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს მოგვიხსნიან. არ არსებობს იძულებით გადაადგილებული პირი 23 წლის შემდეგ! თუკი ჩვენს მიწებს ვერ იბრუნებენ, ბინები მაინც გადმოგვიფორმონ და სამსახურები მოგვცენ. ასეთ შემთხვევაში, ნორმალურ მოქალაქეები გავდებით. და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვთხოვონ კომუნალური გადასახადების დაფარვა”, – ამბობს დასახლების ერთ-ერთი მცხოვრები.
მართლა სცემეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებს
დაპატიმრებულებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. მათ ადვოკატები არ ჰყავთ, რადგან კარგი იურისტის დაქირავებისთვის ფულია საჭირო, “სახელწიფო: ადვოკატების იმედი კი არ აქვთ.
“იქ არავინ სცემდა პოლიციელებს და არც რაიმეს ამტვრევდა ვინმე. ხალხი შეიკრიბა კლუბის წინ, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის გვერდითაა განლაგებული. ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბნენ – ხალხი შუქს ითხოვდა. ბევრი პოლიციელი მოვიდა. ხალხს უხეშად ექცეოდნენ. დაიწყო ჩხუბი, ამის შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობა შეიქმნა და ხალხი დაიქსაქსა. ამ გაწევ-გამოწევაში ვიღაც – როგორც პოლიციელი, ისე პოლიციელი – შეიძლება, დავარდნილიყო და არაა გამორიცხული, დაშავებულიყო კიდეც. ამ დროს პარკში რამდენიმე ნათურა გატყდა. განა შეიძლება ამის გამო ადამიანების დაპატიმრება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა?! – იკითხა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
“ჩემი შვილი გამოუშვან, და ნუ მომიკლავენ”
ჩვენ კიდევ ერთი დაკავებულის, 33 წლის ჯალალ გულიევის სახლისკენ მივემართებით. თავიდან ეზოში ორ ბავშვს ვხედავთ, რომლებსაც სიცივისგან ლოყები ასწითლებიათ. ერთი 4 წლისაა, მეორე – 6-ის. მათ მოჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელში ერთი წლის ბავშვი უჭირავს. ბავშვს ძალიან თბილად აცვია, მაგრამ ცხვირი და ლოყები მაინც გაწითლებული აქვს სიცივისგან.
ჯამალ გულიევის დედა, ნარმინა მამედოვა, სახლში გვეპატიჟება, სადაც ორი ელექტრორადიატორია ჩართული, მაგრამ ისე ცივა, როგორც ქუჩაში. ძალიან დაბალი ძაბვაა. ამასთან, სახლი მიწის დონეზე დგას და ამიტომ ოთახებში ნესტია მოდებული.
“ჩემი შვილი არც ჩხუბისთავია, და არც პროვოკატორი და ამას ჩვენი ნათესავებიც დაგიდასტურებენ, და მეზობლებიც. შუქის გარეშე ძალიან ცივა სახლში. ყველა შუქის მოთხოვნით გავიდა გარეთ და ჩემი შვილიც წავიდა. რატომ დასწამეს ცილი? ჩემს ვაჟს სუსტი ფილტვები აქვს. მისთვის ციხე კუბოს ტოლფასია. გამოუშვან. ნუ მომიკლავენ”.
ბავშვები, რომლებიც ყურადრებით უსმენდნენ ბებიას, ატირდნენ. “ბავშვებს არ ვეუბნებოდით, რომ მათი მამა დააპატიმრეს. როდესაც გვეკითხებოდნენ, – სად არისო, – ვეუბნებოდით, რომ საავადმყოფოშია, და ვარწმუნებდით, რომ მალე გამოჯანმრთელდება და დაბრუნდება”.
ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ნაძვის ხე მორთეს. ახალ წელს მამიკოსგან საჩუქრებს ელოდებოდნენ, ახლა კი მათი ყველაზე დიდი ოცნება მამიკოს სახლში დაბრუნებაა.