ევროსასამართლომ 2008 წლის ომის საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო
2008 წლის ომი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა განმარტოს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლები.
ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. რუსეთს სასამართლოს კითხვებზე პასუხისთვის ვადა 2022 წლის 2 მაისამდე აქვს.
“სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება” – წერია საიას განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საია სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს.
● “ომზე მახსენდება მონო-ბარათი”. ვის როგორ ახსოვს აგვისტოს ომი
● ფოტოარქივი. სოხუმის დაცემის დღე, ქართველები ტოვებენ აფხაზეთს
● ომი მწარეა. ბავშვობაც ომით ვნახე და სიბერეც – 89 წლის ვენერა ედიშერაშვილი გორიდან. ვიდეო
2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში დაარღვია სიცოცხლის უფლება, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ზომებს, დაარღვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.
სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განასხვავა აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში და მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკვე 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან.
სტრასბურგის სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის მოქმედებებს ეხება.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდგომ კონფლიქტურ ზონაზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა და სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაში, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, რომელიც საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ვერ დაადგინა ე.წ. “ეფექტური კონტროლი” რუსეთის მხრიდან ამ კონკრეტულ პერიოდში.
“სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული”, – მიიჩნია სასამართლომ.