17 აპრილიდან მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება
17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. ასევე სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.
16 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 74 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. აკრძალვა არ ეხება ე. წ. მიტანის სერვისსაც.
ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადის ტარება. პირბადის ტარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც საჯარო სივრცე ეკუთვნით. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიაში/აფთიაქში ადამიანი პირბადის გარეშე შევა, მაღაზიის/აფთიაქის მფლობელი 15 000 ლარით დაჯარიმდება.
ხვალიდან იკეტება სასაფლაოებიც.
“თუ ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები, ეს გახდება ვითარების გამწვავების საფუძველი და მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა. 15 აპრილიდან კი 10 დღით თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტა.