ჭიათურელ მაღაროელებს ხელფასს 35 პროცენტით გაუზრდიან, გაფიცვა დასრულდა
ჭიათურელ მაღაროელებს ხელფასის 35 პროცენტიან ზრდას დაპირდნენ. ამ პირობით მათ თითქმის ორკვირიანი გაფიცვა შეწყვიტეს.
შეთანხმება 27 მაისს, თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შედეგად იყო მიღწეული. მაღაროელების კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ესწრებოდნენ. მოლაპარაკებებში ასევე ჭიათურის ახლად არჩეული მერი მონაწილეობდა.
• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი
• “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
ხელფასები 35 პროცენტით ეტაპობრივად გაიზრდება.
თავდაპირველად ხელფასებს 25 პროცენტით გაზრდიან, წლის განმავლობაში კი კიდევ 10 პროცენტით.
გაფიცული მაღაროელები ხელფასების 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ. ადრე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ ხელფასების 25 პროცენტით გაზრდაა შესაძლებელი, მაგრამ მაღაროელები ამას არ დასთანხმდნენ.
რა ხდებოდა ჭიათურაში?
ხელფასის 50%-ნი მატების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მაღაროელთა გაფიცვა ჭიათურაში 15 მაისიდან მიმდინარეობდა. გაიფიცა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ დაახლოებით 2 500 თანამშრომელი.
150-მა ადამიანმა მერიის და კომპანიის შენობების წინ კარვები გაშალა. 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, სამმა კი პირი ამოიკერა. ერთი მათგანი მოგვიანებით შეუძლოდ გახდა.
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს 27 მაისს სკოლების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების და სხვა ობიექტების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებოდნენ, არ მუშაობდნენ ბანკები და სხვა დაწესებულებებიც.
აქციაზე დილიდან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
“ჭიათურა დღეს პარალიზებულია, ქალაქში არაფერი არ მუშაობს. ყველა ერთად ვართ, მაღაროში ვმუშაობ თუ არ ვმუშაობთ ყველანი მაღაროელები ვართ“, – ამბობს ერთ–ერთი გაფიცული მუშა გივი შერგელაშვილი.
გაჩერებული იყო „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. მაღაროელებს როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა, ასევე მთავრობის წარმომადგენლები ხვდებოდნენ, თუმცა დღემდე უშედეგოდ.
რატომ გაიფიცნენ მაღაროელები
ჭიათურაში არსებულ 11 მაღაროში 3 214 ადამიანია დასაქმებული.
მაღაროელები ითხოვდნენ – ხელფასების 50%-ით ზრდას; ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას; და მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას. მაღაროელები ასევე მოითხოვდნენ, რომ არავინ დაისჯილიყო გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო.
გაფიცულ მაღაროელთა ნაწილი ქალაქის შესასვლელში იდგა და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
ჟურნალისტებთან საუბარში გაფიცულები აცხადებდნენ, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება 800 ლარს, ხოლო ყველაზე დაბალი 240 ლარს შეადგენს.
„ჯორჯიან მანგანეზი“, თავის მხრივ, ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების – 924 ლარია.
კომპანია გაფიცულების მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ ნაწილობრივ თანხმდებოდა და პარალელურად გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყების შესახებ განაცხადა.
რას სთავაზობდა გაფიცულებს „ჯორჯიან მანგანეზი“ შეთანხმების მიღწევამდე
შეთანხმების მიღწევამდე კომპანიამ გაფიცულებს საკუთარი წინადადება შესთავაზა, რაც გულისხმობდა ხელფასის ეტაპობრივ 25%-იან ზრდას; სახელფასო დანამატების გავრცელებას 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე; კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლებას; ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვას და სხვა ზომებს.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს… სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ“, – ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.
თუმცა ამ პირობებს გაფიცულები არ დასთანხმდნენ.
“მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას კომპანიასა და გაფიცულებს შორის მაღალ დონეზე პოლიტიკური შუამავლობა შეუძლიათ.