წერილი ციხიდან. მომავალი მშვენიერია, როდესაც ის გაქვს
ანასტასია ლოგვინენკოს ნახატი
[su_quote] “წერილები საპატიმროდან” JAMnews-ის ახალი პროექტია. ყველაფერი დაიწყო რედაქციაში შემოსული წერილით, რომლის ავტორსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. უკვე 23 წელია, რაც იური სარქისიანი ციხეშია. მას საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდა და ამიტომ მოგვწერა. იურის მიაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ესმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც საპატიმროების კედლების „მეორე მხარეს“ ცხოვრობენ. ჩვენ მას დავეთანხმეთ და ასე შეიქმნა ეს პროექტი. [/su_quote]
იური სარქისიანის მესამე წერილი
ეს წელიც სრულდება. თითქმის ერთნაირად მთავრდება პატიმრობაშიც და ციხის კედლების მიღმაც. გვიხარია, რომ ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები არ გამართლდა და ვდარდობთ იმის გამო, რომ „ჩათქმული“ სურვილები არ აგვიხდა. ილუზიებში არ ვცხოვრობთ! მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი სიკვდილმისჯილიც კი არ გაუთავისუფლებიათ. ბოლო დახვრეტის შემდეგ ოცდახუთი წელი გავიდა, მაგრამ ის პატიმრები, რომლებსაც სიკვდილი მიუსაჯეს, მაინც იხოცებიან. იხოცებიან გამოუვალი მდგომარეობისა და იმის გამო, რომ მათ ცაზე ხვალაც არ ამოვა მზე.
იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, დღემდე გარიყულთა კატეგორიას მიაკუთვნებენ და მათთვის მეორე შანსის მიცემას არ აპირებენ. ვადამდელი და პირობითი გათავისუფლების საკითხებზე მომუშავე „დამოუკიდებელი“ კომისია ჩვენ შესახებ არსებულ ყველა დადებით ინფორმაციას უგულებელყოფს და მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებიდან აღებული ფაქტებით ხელმძღვანელობს.
აღმზრდელობითი სამუშაობის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახურები თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას. აქაური რეალობა საერთოდ არ უწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას და საკნების ბინადრებს მხოლოდ პატიმრობაში თავის გატანასა და გადარჩენას ასწავლის. ჩვენ თავად მივისწრაფვით ამ მანკიერი წრის გარღვევისკენ – მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, წინ აღუდგეს ჩვენს მცდელობებს.
ევროსტანდარტები, რომლებისკენაც ასე გავეშებით მიისწრაფვის სომხეთი, უარყოფს საზოგადოების შურისძიებას კერძო ინდივიდზე. თუმცა, გარიყული პატიმრების კატეგორიის მდგომარეობა სწორედაც რომ შურისძიებაზე მეტყველებს. ადამიანის პიროვნულ საწყისს ანადგურებენ და მორჩილებასა და თვინიერებას მოითხოვენ.
პატიმარი დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს და მისთვის უცხო წესებს ემორჩილება. უმუშევრობა და სინათლის, სუფთა ჰაერის, წყლისა და საჭმლის დოზირებული მიწოდება საზოგადიების კმაყოფაზე მყოფი ადამიანის სტერეოტიპს აყალიბებს. ოჯახის წევრებთან პაემნების შეზღუდვა ოჯახურ კავშირებს ანადგურებს, ციხეში სიკვდილისთვის განწირული ადამიანი კი მხეცად გარდაიქმნება.
სასჯელი უკიდურეს ზომას უნდა წარმოადგენდეს და ცხოვრებისეულ ნორმად არ უნდა იქცეს. მაგრამ სხვა რად უნდა იქცეს პატიმრობა გათავისუფლების შანსის გარეშე?
და თუკი პატიმრობის ვადები თავად მსჯავრდებულისთვის არ განისაზღვრება, გამოდის, რომ მისი უვადო ტუსაღობა სხვა ინტერესებს ემსახურება. რა ინტერესებს?
ჩემმა ბიძაშვილმა, რომელსაც ციხის ბადრაგის ოცდახუთწლიანი სტაჟი აქვს, ნაწილობრივ უპასუხა ამ შეკითხვას: «განსხვავებით მსჯავრდებულთაგან, რომლებიც იქ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან, ადმინისტრაცია ციხეში სამუშაოდ და კარაქიანი პურის საჭმელადაა მოსული».
მაგრამ დეტალების გამოძიება არ დამიწყია, იმიტომ რომ წარსულის გახსენება არ მსურდა. და არც ის მინდოდა, რომ ჩემი ნათესავისგან რაიმე ისეთი გამეგო, რაც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებად გვაქცევდა. სწორედ ეს განასხვავებთ ერთმანეთისგან ყოფილ პოლიციელებსა და პატიმრებს შორის. მათ ამ ყველაფრის დავიწყება სურთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ სინდისის ქენჯნით დაიტანჯებიან. ჩვენ კი არაფერს დავივიწყებთ: ამის საშუალებას სინდისი არ მოგვცემს.
პატიმრობის პირობები საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება. ეს პრობლემა გამიზნული ქმედების შედეგია – ფუნქციონერებს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა სურთ ვითომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი იხარჯება დანიშნულებისამებრ. დანარჩენი ჩინოვნიკების უძირო ჯიბეებში ილექება.
პენიტენციალური სისტემის თანამედროვე მსახურები ცოდვების მიტევებით არ არიან დაკავებულნი. ისინი თავად სცოდავენ. სამხრეებით დამშვენებული ამ დამნაშავეების გაუმაძღრობით არამხოლოდ პატიმრები, არამედ მსავრდებულთა ოჯახის წევრებიც ზარალდებიან. საპატიმროებში მყოფი ადამიანების ახლობლები ფიქრებითა და აზრებით ციხის კედლებს ეჯაჭვებიან იმ მომენტამდე, სანამ მათთვის ძვირფასი ადამიანი საპატიმროს არ დატოვებს. მისი პატიმრობის ოდნავ შემსუბუქება-გალამაზებასაც კი დიდი ფასი ადევს. ზოგიერთი შეღავათი კი ძალიან ძვირი უჯდებათ ხოლმე.
პაემნების ოთახი, როგორც წესი, წარმოადგენს ბუნკერს, რომელშიც მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარაა დატენებული, მაგრამ ხშირად ასეთი სარკმელიც კი არ აქვს. ოთახის შიდა მოწყობის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხარჯებს თავად პატიმრები ფარავდნენ. ათ წელზე მეტია, რაც ეს ოთახები შეხვედრებისთვის გამოიყენება და ამ პერიოდის მანძილზე ბევრი რამ გაფუჭდა. ცუდი ვენტილაციის გამო კედლები ნესტიანდება და ინგრევა. მაგრამ ადმინისტრაციას საერთოდ არ ადარდებს ის, რომ პაემანზე მოსული ადამიანებს სამი დღის გატარება უწევთ ისეთ სივრცეში, სადაც ჩვეულებრივ საკანზე უარესი პირობებია.
ციხე ადამიანს არ აკეთილშობილებს. საპატიმრო მსჯავრდებულს ახეიბრებს, ასახიჩრებს და კლავს. და ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აკეთებს ამას – ჰუმანურად, თუ ფილიგრანული სადიზმით. 90-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ახალი რეალობისკენ ილტვოდნენ, მაგრამ არც ძველ წესებზე ამბობდნენ უარს. ეს სახელმწიფოები, რომლებმაც ვერაფრით მოიპოვეს საკუთარი „სახე“, დღემდე „პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებად“ რჩებიან. დეკორაციები შეიცვალა, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩა.
დაჯილდოვებისა და დასჯის სისტემა ვითარდება და თანამედროვე იერს იღებს. მაგრამ მისი არსი არ იცვლება. იმიტომ რომ ეს ღირებულებები სისხლში გვაქვს გამჯდარი. მათრახითა და თაფლაკვერით ადამიანებსა და ცხოველებს წვრთნიან. სისტემა, რომელსაც ყველა უბედურებას აბრალებენ, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების ერთგვარი გამოვლინებაა. ციხე ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, იმ კულტურის საფუძველია, რომელიც შიშმა დაბადა. არ ვიცი, აქვს თუ არა ასეთ ცივილიზაციას მომავალი, მაგრამ ადამიანები ყოველთვის იბრძოლებენ იმისათვის, რათა ასეთი კულტურა არსებობდეს.