აზერბაიჯანელ ადვოკატს ერთი წლით გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულება მიესაჯა
გაზიარება
გაზიარება
ცნობილ ადვოკატს ასლან ისმაილოვს ბრალად დასდეს ხულიგნობა და მას ერთი წლის განმავლობაში გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულება, და ყოველთვიურად გამომუშავებული თანხის 20%-ის დაკავება მიესაჯა. გარდა ამისა, ის 1500 მანათით (დაახლოებით 882$) დააჯარიმეს. როგორც სააგენტო Turan გადმოსცემს, თავად ადვოკატს ეს საქმე ფალსიფიცირებულად მიაჩნია.
რით არის ცნობილი ასლან ისმაილოვი
ასლან ისმაილოვი – აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია. 90-იანი წლების დასაწყისში ის პრეზიდენტის აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი მრჩეველი იყო. მისი სახელი ხშირად ფიგურირებს სხვადსხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. ისმაილოვი იმით არის ცნობილი, რომ 1989 წლის დასაწყისში ის ქალაქ სუმგაითში მომხდარი სომხური დარბევების შესახებ ბაქოში გამართულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. ამის შემდეგ მან დაწერა წიგნი „სუმგაითი – სსრკ-ს კრახის დასაწყისი“.
ისმაილოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბრალდების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ქალაქი ბაქოს ბინაგადინის სასამართლომ პარტია „მუსავათის“ მეთურის წინააღმდეგ ისმაილოვის სარჩელის მიღებაზე უარი განაცხადა, ადვოკატმა მოსამართლესა და სასამართლოს თავმჯდომარეს შეურაცხყოფა მიაყენა და კარი ისე ძლიერად გაიჯახუნა, რომ გატეხა.
ისმაილოვის ვერსია
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს საქმე გენერალურმა პროკურორმა ზაკირ გარილოვმა და სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწემ ალი გასანოვმა „დაუკვეთეს“. „ ჩემი დასჯა უნდათ იმის გამო, რომ აფთიაქებში ნარკოტიკული საშუალებების ღიად გაყიდვის, ბაქოში კაზინოებსა და სათამაშო დაწესებულებებში უკანონო საქმიანობის, ეროვნულ ონკოლოგიურ ცენტრში არსებული კორუფციის შესახებ განვაცხადე“, – თქვა ისმაილოვმა. *
ეს ამ წლის განმავლობაში ისმაილოვისთვის გამოტანილი მეორე ანალოგიური განაჩენია. ივლისში მას, ბაქოელი რესტირატორის მურვატ გასანოვის მიმართ ცილისწამების ბრალდებისთვის უკვე მისჯილი ჰქონდა წელიწადნახევრის მანძილზე გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულება. ისმაილოვმა ამ განაჩენს მაშინაც „დაკვეთილი“ უწოდა.