შურისძიება შეურაცხყოფილი დის გამო თუ გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანში?
ქალაქ განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ელმარ ველიევზე თავდასხმის საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და დეტალები ერთმანეთში აირია.
განჯის აღამასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე თავდასხმა 3 ივლისს მოხდა. ჩინოვნიკი დაჭრით გადარჩა, მსროლელი კი, რუსეთის მოქალაქე იუნის საფაროვი ადგილზე დააკავეს.
თავდასხმის შემდეგ მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა იუნის საფაროვის ფოტოები სასტიკი ცემის კვალით. როგორც ფოტოებზე დართულ კომენტარებში იყო ნათქვამი, მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სცემეს და ფოტოც თავადვე გამოაქვეყნეს.
Facebook-ის ოპოზიციურად განწყობილი სეგმენტის წარმომადგენელთა შორის ამ ფოტოებმა გაბრაზება და თანაგრძნობა გამოიწვია. განჯის დაჭრილი ხელმძღვანელს ხომ უხეში და გინების მოყვარული კაცის სახელი ჰქონდა და ხალხში განსაკუთრებული სიმპათიით არ სარგებლობდა.
მოცემულ მომენტში არსებობს იმის ორი ვერსია, თუ რა და რატომ მოხდა.
ოფიციალური ვერსია
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ეს თავდასხმა ტერორისტული აქტია.
იუნის საფაროვი რადიკალური ისლამისტია, 2016 წელს ის რვა თვის განმავლობაში ცხოვრობდა ირანის ქალაქ კუმში და საბრძოლო მომზადებას სირიაში გადიოდა.
В 2017 წელს, განჯაში დაბრუნების შემდეგ ის ბანკის მცველს თავს დაესხა და მას ტაბელური იარაღი წაართვა. 2018 წლის იანვრიდან ის ელმარ ველიევს უთვალთვალებდა, და ერთხელ კინაღამ შეამჩნიეს, თუმცა მან პოლიციელი დაჭრა და მიიმალა. და აი, საბოლოოდ, ივლისში მან ველიევის მოკვლა სცადა. ამგვარ ვერსიას ავრცელებს სააგენტო APA.
ველიევი უნდა გამხდარიყო იმ ტერორისტული აქტების სერიის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელთა მიზანი აზერბაიჯანში ისლამური სახელმწიფოს შექმნაა. ამისთვის უნდა მოეკლათ სახელმწიფო მოხელეების „ენ“ რაოდენობა, ქვეყანაში პანიკა და ქაოსი დაეთესათ, და ძალაუფლება ხელში ჩაეგდოთ.
პოლიცია ირწმუნება, რომ საფაროვმა ვითომდა ვიდეო-მიმართვაც კი მოამზადა, რომელშიც ხალხს თანამდებობის პირთა და ისლამის მტრების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
ხოლო რაც შეეხება ფოტოებს საფაროვის დამახინჯებული სახით, ის არავის უცემია, ტრავმები კი მან დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისას მიიღო.
არაოფიციალური ვერსია
ამავდროულად, ოპოზიციური და დამოუკიდებელი პრესა (მაგალითად, სააგენტო Turan) და სამოქალაქო აქტივისტები განსხვავებულ ვერსიას იზიარებენ.
როგორც უკვე ითქვა, ველიევმა უკვე დიდი ხანია და მყარად დაიმკვიდრა უხეში ადამიანის სახელი, რომელიც სისტემატურად შეურაცხყოფდა როგორც თავის ხელქვეითებს, ისევე განჯის ყველა მაცხოვრებელს, ვისაც კი ცხელ გულზე გადაეყრებოდა. ასევე – ჩამოსულ ჟურნალისტებსაც. ასეთი მოპყრობით დაზარალებული ერთ-ერთი ადამიანი იუნის საფაროვის დაც იყო.
ამრიგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე თავდასხმა – ტერორისტული აქტი არ არის, არამედ შურისძიების აქტია. და ეს საფაროვს, არამხოლოდ განჯელების, არამედ მთელი აზერბაიჯანის თვალში უფრო გმირად აქცევს, ვიდრე შეუმდგარ მკვლელად. როგორც ამ ისტორიის განხილვისას ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარში დაწერა: „მთელ ქვეყანაში ერთადერთი მამაკაცი იყო დარჩენილი, და ისიც დაიჭირეს“.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო „ტურანი“ იუწყება, მოძრაობა „მუსლიმური ერთობა“ (ვითომდა რომლის სახელითაც საფაროვმა თავისი ვიდეო-მიმართვა მოამზადა), აცხადებს, რომ ეს ადამიანი მათი ორგანიზაციის წევრი არ არის და არც ეს ვიდეო-მიმართვა გამოქვეყნებულა აქამდე არსად. ასე რომ, თავად მისი არსებობა დიდ ეჭვს იწვევს.
კიდევ ერთი ვიდეო-მიმართვა დაკავებულის ცოლმა შარაფატ საფაროვამ ჩაწერა. მასში ის რამდენადმე სხვაგვარად ხსნის თავისი ქმრის საქციელს. მისი თქმით, ის მხოლოდ შეურცხყოფილი დისა და განაწყენებული მუსლიმების გამო არ იძიებდა შურს, არამედ მთლიანად ყველა განჯელის გამო, რომლებსაც ველიევი დიდხანს ჩაგრავდა.