შესვლა აკრძალულია
ფოტო: გევორგ ყაზარიანი
კონფლიქტის შედეგად ყარაბაღი და სომხეთი, პრაქტიკულად, ყველა აზერბაიჯანელმა დატოვა, აზერბაიჯანიდან კი ყველა სომეხი წამოვიდა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს – ამ მხრივ, განსაკუთრებით, შერეული ოჯახები უნდა აღინიშნოს – მაგრამ როგორც ცნობილია, გამონაკლისები წესის დასამტკიცებლად არსებობს.
ყველა სხვა კონფლიქტის დროს – როგორიც იყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, დნესტრისპირეთის დაპირისპირებისა და ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების შემთხვევებშიც კი, მიუხედავად სისხლისმღვრელი ომებისა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების არარსებობისა, ასეთი მკაცრი სეგრეგაცია არ შინიშნებოდა.
“მტრის” ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ზოგიერთი მძევლებად მიიჩნევს, ზოგი სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის გარანტიად; ზოგი კი, ნდობის დიალოგის გასამართად გადებულ ხიდად აღიქვამს.
ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, ეს ხიდი თავიდანვე ჩატყდა. სხვადასხვა მონაცემებით, 1990-91 წლებში სომხეთი და ყარაბაღი 700 ათასამდე აზერბაიჯანელმა დატოვა. მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანიდან დაახლოებით 400 ათასი სომეხი გაემგზავრა.
ასეთი სერეგაცია იქამდეც კი მივიდა, რომ ორი ხალხის წარმომადგენლების ურთიერთობაც კი თანამემამულეების თვალში ღალატად აღიქმება. რომელიმე ამ ერის წარმომადგენლის მეორე, „მტრულად განწყობილ“ ქვეყანაში გამოჩენა კი სასიცოცხლო საფრთხეს უტოლდება
სომხეთში ეს საკითხი ასე მწვავედ არ დგას – აზერბაიჯანელებს ქვეყანაში შესვლა არ ეკრძალებათ. გარკვეული პერიოდში აზერბაიჯანელები თავისუფლად გადადიოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის მოქალაქეები ყარაბაღშიც ჩადიოდნენ და არც ადგილობრივების არასტუმართმოყვარეობას უჩიოდნენ.
აზერბაიჯანში რამდენადმე განხვავებული სიტუაციაა – ქვეყნის ტერიტორიაზე სომხების შესვლას საკუთრივ სახელმწიფო კრძალავს. რა თქმა უნდა, ოფიციალურად ამას არავინ აღიარებს, მაგრამ სასაზღვრო სამსახურების თანამშრომლები არ მალავენ, რომ სომხური გვარების მქონე პირების ქვეყანის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებს მათი სომხური გვარების გამო არ უშვებდნენ აზერბაიჯანში. ბოლო შემთხვევა სომხური გვარის მქონე 8 წლის ბიჭს შეეხება. მისი დედა და მამინაცვალი რუსები არიან.
ამას გარდა, ახლახან ბაქოში დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე მ.ვ. უელდანოვი, რომელიც ავსტრიული კომპანია “Do&Co”-ს თანამშრომელია. უელდანოვი ბაქოში მივლინებით ჩავიდა, მაგრამ, როდესაც გაირკვა, რომ მისი მეორე გვარი გალუსტიანია, იგი დააპატიმრეს.
ასეთი „ტოლერანტობის“ ფონზე, საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ტყვეების, მძევლებისა და მტრის მხარეზე გადასული ადამიანების ბედი კიდევ უფრო შემაშფოთებლად მოჩანს. ბევრისთვის უბრალოდ საზღვრის იქეთა მხარეს ყოფნაც კი სასიკვდილო განაჩენად აღიქმება, „მტრულად განწყობილ“ ქვეყანაში გადაბარგება კი მათთვის რენეგატობასა და ქვეყნის ღალატს ნიშნავს.
აზერბაიჯანისა და ყარაბაღის ხელისუფლებებსა და სტრუქტურებს შორის კონტაქტების არარსებობა არათუ უბრალოდ ართულებს არაერთი სიტუაციური პრობლემის მოგვარებას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებულ უფსკრულსაც აღრმავებს. ბაქო ჯიუტად „არ უყადრებს თავს“ ყარაბაღის ხელისუფლებას და მიიჩნევს, რომ სტეფანაკერტთან დამყარებული ნებისმიერი სახის კონტაქტი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების ნიშანი იქნება. თუმცა, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილება სულ სხვა დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლევა.
ბოლო პერიოდში ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო მოლაპარაკებები მეტწილად ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება – უფრო სწორად კი, ტყვეებისა და მძევლების დაბრუნებას. მაგალითად შეიძლება აღინიშნოს აზერბაიჯანის მცდელობა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით, 2014 წელს დაკავებული დილჰამ ასკეროვისა და შაჰბაზ გულიევის გათავისუფლებას მიაღწიოს. შეგახსენებთ, რომ ასკეროვი და გულიევი ყარაბაღის ტერიტორიაზე დააკავეს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ორი ადამიანის მკვლელობა დასდეს ბრალად. ამჟამად დაკავებულები სტეფანაკერტის ციხეში იმყოფებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯათ. პერიოდულად პატიმრებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები აკითხავენ.
აზერბაიჯანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან პირდაპირ თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და სტეფანაკერტზე ზეწოლის განსახორციელებლად საერთაშორისო კავშირებს იყენებს. მაგალითად, ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა, მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოეყენებინა და დაკავებული აზერბაიჯანელების გათავისუფლება მოეთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხურ მხარეს ღიად მოუწოდა დილჰამ ასკეროვისა და შაჰბაზ გულიევის აზერბაიჯანისათვის გადაცემისკენ, თუმცა, ერევანმა სტეფანაკერტისკენ გაიშვირა თითი და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შეუძლიათ, პირდაპირ ყარაბაღის ხელისუფლებას მიმართონ.
ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა ყარაბაღის კონფლიქტში ე.წ. „რუსული ინიციატივის“ საფუძვლად იქცა. შეგახსენებთ, რომ ძირითადი მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში, შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით მიმდინარეობს. თუმცა, რუსეთი პერიოდულად ცდილობს, ჩამოაყალიბოს სამმხრივი ფორმატი, რომელშიც მოსკოვი, ბაქო და ერევანი მიიღებენ მონაწილეობას.
უნდა ითქვას, რომ ყარაბაღის კონფლიქტში რუსული ინიციატივა თავიდანვე ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე უფრო იყო მომართული, ვიდრე პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაზე. რუსეთის შუამდგომლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ტყვეების გაცვლასა და დაღუპულების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. სწორედ ეს მიიჩნიეს ყაზანის შეხვედრის მთავარ მიღწევად 2011 წელს. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები ჩატარდა და რაღაც მომენტში მხარეებმა განაცხადეს, რომ ტყვეები და მძევლები საერთოდ აღარ ჰყავდა.
ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სამხედრო ტყვე იმყოფება. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქალაქე არსენ ბაღდასარიანს თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბაღდასარიანი დივერსიის მოწყობა ედება ბრალად. იგი 2014 წლის 26 დეკემბერს დაატყვევეს.
2014 წლიდან სომხურ ან აზერბაიჯანულ მხარეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოწინააღმდეგის მხრიდან პერიოდულად სამხედრო და სამოქალაქო პირები გადადიოდნენ. ყველა მათგანი გათავისუფლდა – ზოგი კეთილი ნების საფუძველზე, სხვები კი ტყვეების გაცვლის შედეგად.
მცირე ხნის წინათ ყარაბაღში კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო პირი, 1995 წელს დაბადებული ელნურ ჰუსეინზადე ჩავარდა ტყვედ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰუსეინზადე დისციპლინის დარღვევის გამო დემობილიზდა არმიიდან და აღარ ირიცხება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ყარაბაღის უშიშროების სამსახური კი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1-ელ თებერვალს აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფი შეეცადა, მთიანი ყარაბაღის სოფელ თალიშის მიმართულებით დივერსიული ოპერაცია განეხორციელებინა. მცდელობა აღიკვეთა. იმავე დღეს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების 157-ე მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო რაზმის წევრი, ელნურ ჰუსეინზადე დაატყვევეს.
რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანის თალიშური კულტურის რესპუბლიკური ცენტრის წარმომადგენელმა , გაზეთ „თოლიში სადოს“ ყოფილმა თანამშრომელმა შაჰინ მირზოევმა სომხეთის ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა. ერევანმა მირზოევის თხოვნა დააკმაყოფილა.
მანამდე კი, 2016 წელს, სომხეთის მოქალაქემ, ვაან მარტიროსიანმა ოფიციალურ ბაქოს თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ეს თხოვნაც დაკმაყოფილდა.
ვაან მარტიროსიანმა ზოგიერთ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად განაცხადა, რომ აპირებდა, შეექმნა „მშვიდობის პლატფორმა“, რომელიც, მისი თქმით, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კავშირების აღდგენისკენ იქნება მიმართული. სომხური მხარე ამ პლატფორმის გაზიარებას არ ჩქარობს, რასაც იმით ხსნის, რომ აზერბაიჯანში ქსენოფობიის მაღალი დონე ნარჩუნდება – არ შეიძლება, მშვიდობაზე საუბრობდე, და, ამავდროულად, ქვეყანაში შესვლას უკრძალავდე ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მას სომხური გვარი აქვს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმანიტარული პრობლემებისა და პოლიტიკური საკითხების გამიჯვნა, შესაძლოა, კარგ პლატფორმად ქცეულიყო ორ საზოგადოებას შორის რეალური კავშირების დასამყარებლად.