ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს ემხრობა - ასე განაცხადა ერდოღანმა ბაქოში
გაზიარება
გაზიარება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში საზეიმო აღლუმზე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ერდოღანის თქმით, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნაზე საუბარიც კი შეუძლებელია.
თურქეთმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად, 1993 წელს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი დაკეტა.
აღლუმი 1918 წელს ბაქოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანი-თურქეთის ჯარის გამარჯვების 100 წლისთავს ეძღვნებოდა. ამ ისტორიულ ეპიზოდს აქამდე რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება აქვს, მაგრამ აზერბაიჯანში 15 სექტემბერი ბაქოს განთავისუფლების თარიღად და არაოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. მათ შორის – ორი ქვეყნის მეგობრობის დღესასწაულადაც.
აღლუმში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კავალერიამ, სამხედრო ორკესტრმა და სამხედრო ტექნიკამ, ცაში კი აზერბაიჯანისა და თურქეთის მოიერიშეებმა, გამანადგურებლებმა და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებმა გაიფრინეს. ტექნიკა საზეიმოდ ჩაატარეს იმ მოედანზე, სადაც ტრიბუნებზე ორივე პრეზიდენტი და ოფიციალური პირები ისხდნენ. ბაქოს ბულვარი და მიმდებარე ქუჩები წინასწარ გაათავისუფლეს სხვა საზოგადოებისგან, ასე რომ, ბაქოელები აღლუმს მაღალი თანამდებობის სტუმრებს საკმაოდ მოშორებული მანძილიდან ადევნებდნენ თვალს.
„1917 წელს რუსეთში მონარქიის დამხობისა და პირველი მსოფლიო ომის ფონზე აზერბაიჯანი არც ერთი დამპყრობის მიერ არ აღმოჩნდა „დაკავებული“, და აქ ხელისუფლებისთვის ბრძოლა რამდენიმე ძალას შორის გაჩაღდა. 1918 წლის 15 სექტემბერს ბაქოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა. ერთი მხრივ, ამ ბრძოლაში თურქეთის და აზერბაიჯანის ჯარი მონაწილეობდა, მეორე მხრივ – ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი და ე.წ. „შუა კასპიის დიქტატურები“, სხავადასხვა პარტიის გაერთანება, სადაც სომხების პარტია „დაშნაკცუტიუნიც“ შედიოდა. თურქეთ-აზერბაიჯანის ჯარმა გაიმარჯვა. ამან ახლად შექმნილ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას დედაქალაქის გაკონტროლების და 22 თვით არსებობის საშუალება მისცა, იმ მომენტამდე, ვიდრე ქალაქში ბოლშევიკების 11-ე არმია შევიდოდა.
სოციალურ ქსელებში დღესასწაულის დღეს აზერბაიჯანელი მომხმარებლები ერთმანეთს ისტორიულ ცნობებს უზიარებდნენ. 1918 წელი აზერბაიჯანის ისტორიაში იმდენად დატვირთული იყო მნიშვნელოვანი და არაერთაზროვანი მოვლენებით, რომ აქამდე იძლევა იმის შესახებ დავის საბაბს, თუ ვინ იყო მაშინ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მტერი ან მოყვარე.
მაგრამ სოციალური ქსელების ყველაზე მთავარ და მასობრივ ტრენდად უკვე აღლუმამდე ერთი დღე-ღამით ადრე იქცა ქალაქის ცენტრში გზების გადაკეტვა და შექმნილი საცობები.