ქვეყანა ფონიჭალა
კოლმეურნეობის მოედანზე N44 ავტობუსში აზერბაიჯანელი ბიჭი თავიაზიანად მითმობს ადგილს. უკნიდან სომხური საუბარი მესმის, მარცხნიდან კი ვიღაც რუსულად ლაპარაკობს. ხალხით გადატვირთული პატარა ავტობუსი თბილისის სამხრეთით, ერთ-ერთი ღრმა გარეუბნისკენ მიიწევს.
ფონიჭალა თბილისს, კრწანისის რაიონს ეკუთვნის. დღემდე მას არაურბანულ დასახლებად აღიქვამენ. ადრე ის გარდაბნის რაიონის ნაწილი იყო, რომლის მოსახლეობა მებოსტნეობა-მეცხოველეობას მისდევდა. მოგვიანებით კი, რუსთავისკენ მიმავალი გზის პარალელურად, აქ ქარხნები ამუშავდა. 70-იან წლების დასაწყისში დასაქმებულთა წასახალისებლად ამ ადგილებში მაღალსართულიანი სახლები აშენდა.
ამჟამად ყველა დიდი ქარხანა – ყოფილი ‘ელექტროშემდუღებელი’ თუ თევზის საწარმო უფუნქციოდ არის დარჩენილი.
მათ ნანგრევებზე ფეხს იკიდებს წვრილ-წვრილი საწარმოები. ყოფილი ქარხნის ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიას ზოგი – ავეჯის საამქროდ, ზოგი პროდუქტის დაფასოებისთვის, ზოგიც ჯართის ჩასაბარებელ პუნქტად იყენებს.
ასე რომ, ფონიჭალა, როგორც სამრეწველო უბანი, ნელი ტემპით, მაგრამ მეორედ იბადება.
აქ თითქოს ცალკე სამყაროა – თბილისსა და გარდაბანს თანაბრად მოწყვეტილი.
ავტობუსის ბოლო გაჩერება ზემო ფონიჭალაში ჩემი ‘მოგზაურობის’ ათვლის წერტილია. აქედან რკინიგზის სადგურ ‘ფონიჭალამდე’ შორი არ არის. ბაქანი მოქმედია, მაგრამ სადგურის ერთ დროს მოჩუქურთმებული შენობა მოუვლელობისგან სულს ღაფავს. ნამძინარევი თანამშრომელი მეუბნება, რომ აქ უბნის ‘ელექტრიჩკა’ და სომხეთისკენ მიმავალი მატარებელი გაივლის.
ზემო ფონიჭალაში, უკვე წლებია, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველები და ბერძნები, სომხები და აზერბაიჯანლები. რკინიგზის სადგურთან ბერძნების და სომხების უბნებია. კერძო დასახლების ვიწრო გზაზე მიმავალი ხანდაზმული ფონიჭალელი, ალი აჯიბეკოვი ძველ ამბებს იხსენებს და მიყვება, რომ ბერძნების უბანი 90-ან წლებში დაიცალა.
‘აი, აქ ბერძნები ცხოვრობდნენ, – ხელით მანიშნებს იგი, – სახლები გაყიდეს და წავიდნენ. კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ჩხუბი არასდროს მოგვსვლია.’
ალი ამბობს, რომ საქართველო იმ ადამიანების ქვეყანაა, ვინც მას თავის სამშობლოდ მიიჩნევს, ეროვნებსა და აღმსარებლობის მიუხედავად.
ფონიჭალაში ყველა კორპუსი ერთმანეთს ჰგავს და ეს ერთფეროვნება უნებურად საბჭოთა დროში გაბრუნებს.
საბავშვო ბაღთან თავსაფრიანი ქალები თოკზე გადაკიდებულ მეორად ტანსაცმელს ყიდიან. გარშემო ათასი წვრილმანითა და ალკოჰოლით მოვაჭრე ჯიხურების წყებაა – 90-იანიანი წლების თბილისში რომ იყო, ისეთი. ერთ-ერთს ‘ბროდვეი’ ჰქვია.
იქვე საბანკეტო დარბაზის სევდის მომგვრელი შენობაა, რომელსაც ბოქლომი ადევს. პლასტმასის ინტერიერიან კაფეში კი ადგილობრივი მამაკაცები უცხოს რომ მხედავენ, მრისხანედ მათვალიერებენ და მეკითხებიან, გამგეობიდან ხომ არ ვარ.
1980-90-იან წლებში ფონიჭალა ნამდვილი განგსტერული ზონა იყო. აქ თავისუფლად იყიდებოდა ნარკოტიკები, საქმეები კი ცეცხლსასროლი იარაღით ირჩეოდა.
არც ახლაა საქმე კარგად. ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში ფონიჭალა იშვიათად, და ისიც მხოლოდ კრიმინალური ქრონიკაში თუ მოხვდება.
‘თავდასხმა ფონიჭალაში – 47 წლის მამაკაცს დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება;’
‘დედას ყელი გამოჭრეს, ბავშვი დაწვეს – საზარელი მკვლელობა ფონიჭალაში;’
‘ფონიჭალიდან 17 წლის სამირა ბაირამოვა გაიტაცეს;’
‘ფონიჭალაში 23 წლის ახალგაზრდა – ფიქრათ ახმედოვი მოკლეს,’ – ვკითხულობთ ‘რუსთავი 2’-ის ვებ-გვერდზე 2016 წლით დათარიღებულ ამბებს.
აქაურები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების ხალისი აქვთ დაკარგული, და ისინი სახელმწიფომაც დაივიწყა.
ქალბატონი ნინა აგვისტოს ომის დროს დაქვრივდა. პენსია არაფერში ჰყოფნის, ამიტომ პატარა ბიზნესი აქვს წამოწყებული – ნახევრად დანგრეულ ჯიხურში ზის და არაყს ჭიქებით ყიდის. მუშტარიც ბლომად ჰყავს. ამბობს, რომ ხალხი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობს, რომ არყით იქარვებს დარდს.
ნინა დაწვრილებით და დიდი ენთუზიაზმით მიყვება, თუ როგორ მუშაობდა ‘ელექტროშემდუღებელში’ 19 წლის განმავლობაში, რა კარგი ცხოვრება იყო მაშინ, და როგორ შეიცვალა ყველაფერი.
ფონიჭალაში მძიმე სოციალური ყოფის დეპრესიული მუხტი ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალში საცემია – ამაზე მეტყველებს სურგალაძის ქუჩაზე მცხოვრები 98 წლის კარლო ზარდიაშვილის ოჯახი, რომლის წევრები ყოველდღიურად უპოვართა სასადილოში იკვებებიან, ეზოებში მოთამაშე მოზარდების ღარიბული ჩაცმულობაც და კერძო სახლების ჟანგისფერი ფასადებიც.
ფონიჭალის მოსახლეობა დილაადრიანად მასობრივად მიემართება ‘ქალაქისკენ’. ბევრი ბაზრობებსა და ბაზრებში მუშაობს. საღამოს რვა საათის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია. მოსახლეობისთვის დიდი შეღავათია რუსთავისკენ მიმავალი სამარშრუტოები, რომლებიც გვიანობამდე მოძრაობენ და ქვედა ფონიჭალას გაივლიან.
ზემო ფონიჭალაში ქალაქის ხმაური ნაკლებად აღწევს. თუ აქ პირველად მოხვდით, უცნაური შეგრძნება დაგეუფლებათ – თითქოს, არც ქალაქში ხართ და არც სოფლად. ამ შეგრძნებას კორპუსებს შორის მოასფალტებულ ეზოებში ოსტატურად გაშენებული ბოსტან-ნაკვეთები გაგიმყარებთ. აქ არც გზებზე ზანტად მოსეირნე ძროხები აკვირვებს ვინმეს და არც ქუჩებში მოგრიხინე ანტიკვარული ‘ჟიგულები’.
ბნელდება. ფონიჭალიდან რუსთავის სამარშრუტოთი ვბრუნდები. მგზავრები ჩუმად სხედან. ძველი თბილისის მოვლილ ქუჩებში ტურისტების მხიარული ჯგუფი გამვლელების ყურადღებას იქცევს და რატომღაც ფონიჭალის გარეუბნული კონტრასტი ორმაგად უფრო მტკივნეული ხდება.