კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, “ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა),“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი” მიენიჭა .
აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც 17 მარტით არის დათარიღებული, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ახალი ძეგლის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა, ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს – ერთი თვის ვადაში ქართული სუფრის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
აღნიშნული დოკუმენტი სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს : „ვაშა მეგობრებო! შეგვიძლია თავისუფლად გავაგრძელოთ ქეიფი! “
„ჩვენს მთავრობას ქართული სუფრა არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოუცხადებია და ახლა როგორ იქნება, ვინც თამადას არ მოუსმენს ან სუფრიდან ადრე გავა, კულტურის ძეგლის შეურაცხყოფისათვის უნდა დაისაჯოს?“- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
დღეისათვის აღნიშნული კატეგორია მინიჭებული აქვს: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, დედაენას, როგორც სწავლების მეთოდს, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და ქართულ ჭიდაობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელმძღვანელობს 2003 წლის იუნესკოს კონვენციით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. საქართველო ამ კონვენციას 2008 წლის დასაწყისში შეუერთდა, რითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აღრიცხოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები საქართველოში.