ქართული სკოლები აფხზეთში: როგორ მოვიქცეთ
ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის სკოლებში რუსული ენა ეტაპობრივად დევნის ქართულს, როგორც ძირითად ენას, უკიდურესად აღიზიანებს ქართულ პოლიტიკურ ელიტას. ის უკმაყოფილებას გამოთქვამს, მიმართავს საერთაშორისო სტრუქტურებს და “დისკრიმინაციული პროცესების” შესაჩერებლად ზომების გატარებას მოითხოვს.
სხვათა შორის, ის, რაც დღეს გალის სკოლებში ხდება, ოდნავ თუ განსხვავდება იმ ზომებისგან, რასაც საქართველოს მთავრობა (უფრო ინტენსიური მეთოდებითაც) ატარებს, ვთქვათ, ახალქალაქის – სომხურ, ან მარნეულის აზერბაიჯანულ სკოლებში. მაგრამ, იქ ეს განიმარტება როგორც საერთო საგანმანათლებლო სტანდარტის დანერგვა, აფხაზეთის შემთხვევაში კი როგორც – “დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა”.
ალბათ ოფიციალური თბილისი უარს არ იტყოდა, სურათი უფრო მუქ ფერებში დაეხატა, და სიტუაცია “ბერია-სტალინის ძალადობრივი მეთოდებისთვის” შეედარებიანა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებს. ხოლო იმის გახსენებაზე, თუ რას და როგორ აკეთებდნენ იოსიფ ბესარიონოვიჩის და ლავრენტი პავლოვიჩის სიცოცხლეში – სწორედ აფხაზები და არა ქართველები, და ვის ენაზე გადააკეთეს ერთი ხელის მოსმით მთელი სწავლების პროგრამა, ადამიანებს დღემდე აჟრიალებთ. ჩემი მშობლების თაობას არათუ მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ შესვენებაზეც კი მკაცრად ეკრძალებოდა აფხაზურად საუბარი.
სხვათა შორის, სწორედ ამ ისტორიული მეხსიერების გამოა, როდესაც მტერსაც არ უსურვებ იგივე ხვედრს, რაც შენმა ხალხმა გადაიტანა, და მხოლოდ ეს აფერხებს აფხაზეთის ხელისუფლებას, უფრო მკვეთრად იმოქმედოს გალის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ეს პროცესი უაღრესად მშვიდ, სრულიად განსხვავებული რეჟიმით მიმდინარეობს, ვიდრე ამას ქართული მედი აღწერს.
კერძოდ, გალის რაიონის ქვედა ზონაში როგორც ასწავლიდნენ ყველა საგანს ქართულად, და თბილისში დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით, ისევე აგრძელებენ. თუკი სადმე ცხრილში აფხაზურის ან რუსულის გაკვეთილია შეტანილი, მხოლოდ – თვალის ასახვევად.
დღეს რეალური სურათი ასეთია – გალის რაიონის აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაზე სრულ გადასვლამდე ისეთივე შორია, როგორც ბერლინამდე – ფეხით. თუმცა აფხაზეთის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ “უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ყველა კლასში მთლიანად რუსულად წარიმართება სწავლება”. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კეთილი სურვილების თავმოყრას ჰგავს. დღევანდელი ტემპის მიხედვით, გაცხადებული რეფორმის განხორციელებას ათი წელი მაინც დასჭირდება. საამისოდ არც საკმარისი თანხა არსებობს და არც გეგმების შესაფერისი საკადრო პოტენციალი.
მაგრამ ეს რეფორმა სრულადაც რომ განხორციელდეს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორც ცალკეულ საგნებს, არაფერი ემუქრება.
იმისგან განსხვავებით, რაც სტალინის დროს ხდებოდა, როდესაც აფხაზური სკოლების დახურვა ერთადერთ მიზანს ისახავდა – აფხაზების ძალადობრივ ასიმილაციას, გალის სკოლების რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საერთოაფხზურ სივრცეში ინტეგრირებისკენ არის მიმართული. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ეს ინტეგრაცია აძლევს შანსს სამურზაყანოელებს, შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება, და, ვთქვათ ოცი წლით შემოიღებენ მორატორიუმს გალის საგანმანათლებლო სისტემის ხელშეუხებლობაზე – ამ დროის გასვლის შემდეგ სკოლების უმეტესობა თავისთავად დაიხურება, რადგან იქ სწავლის მსურველი არავინ იქნება.
გალის ახალგაზრდობა, უმეტესწილად, პრაქტიკულად არც ერთ ენას არ ფლობს, ქართულის გარდა. მას შემდე, რაც საშუალოსტატისტიკური გალელი სკოლას ამთავრებს, მას განსაკუთრებული არჩევანი არ გააჩნია, შემდგომი განათლებისთვის სად უნდა გაემგზავროს. ცოდნის და დიპლომის მისაღებად ის საქართველოში მიდის.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მას შეუძლია შინ დაბრუნდეს, მაგრამ რა უნდა აკეთოს გალში? საქართველოში მიღებული დიპლომი გალში არ მოქმედებს. თუ სამედიცინო განათლება გაქვს, ან პედაგოგის დიპლომი – რაღაც გარკვეული პირობებით კიდევ შეგიძლია ადგილობრივ საავადმყოფოში ან სოფლის სკოლაში იმუშაო, თუმცა ყველანაირი გარანტიის გარეშე.
მაგრამ თუ იურისტის, ეკონომისტის, ან ინჟინერის დიპლომი გაქვს – აფხაზეთში სპეციალობით მუშაობა არ გეღირსება, გალის რაიონის ფარგლებშიც კი. და რა უნდა ქნა ასეთ შემთხვევაში? ისღა დაგრჩენია – სამსახური საქართველოში ეძებო, და სამომავლოდ იქვე დაფუძნდე, პატარა სამშობლოში კი შვებულების დროს ჩამოხვიდე, ისიც – ვიდრე მშობლები ცოცხალი გყავს. მერე უკვე ჩამოსვლა აზრს კარგავს.
ჩემს ნაცნობ გალელს, ნოდარს, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, სამი შვილი ჰყავს. სკოლის დამთავრების შემდეგ სამივემ საქრთველოში გააგრძელა სწავლა და იქვე დარჩნენ. ოჯახები შექმნეს, სამსახურები იშოვეს, ვიღაცას უძრავი ქონებაც გაუჩნდა. იგივე სიტუაცია აქვს მის ძმას, სოსოსაც, რომლის ერთდერთი ვაჟი სწავლის შემდეგ ასევე თბილისში დარჩა.
მოკლედ, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები ჟენევებსა და ნიუ-იორკებს იკლებენ იმაზე ჩივილით, თითქოს გალელების რუსიფიკაცია მიმდინარეობს, რუსულისა და აფხზურის არმცოდნე სამურზაყანოელები უკეთესი მომავლის საძებნელად, მშვიდად, უკვე ჩვეული წესით, საქრთველოში მიემგზავრებიან – ჯერ სასწავლებლად, შემდეგ კი საცხოვრებლადაც.
თუ რადიკალურ ნაციონალისტურ შეხედულებებს გავიზიარებთ, გამოდის, რომ სოხუმს გალის რაიონში არანაირი საგანმანათლებლო რეფორმის გატარება არ სჭირდება; მეტიც – ამგვარი პოზიცია, რა უცნაურიც უნდა იყოს, ყველას აწყობს. შესაძლოა ქართველი პოლიტიკოსებისგან შექებაც მიიღონ და სანაცვლოდ, ჟენევასა და ნიუიორკში რაიმე მსუყეც გამოსტყუონ.
ოღონდაც ოც წელიწადში გალის რაიონში, მოხუცების გარდა, აღარავინ დარჩება, რაც შესაბამის შედეგსაც გამოიღებს. თუკი გარეშე მოთამაშეებს ამგვარი პერსექტივა არ ამოსწონთ, უბრალოდ ხელი არ უნდა შეუშალონ აფხაზეთის ხელისუფლებას სამურზაყანოელების აფხაზურ სივრცეში ინტეგრირების საქმეში; პირველ რიგში კი, ეს ეხება ამ რეგიონის საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც ზანტად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის შეხედულებებს ასახავს და არ არის აუცილებელი, ემთხვეოდეს რეადქციის პოზიციას