ქართველი მოსწავლე ამერიკაში: "აქაურ სკოლაში თავისუფლად აზროვნებას ასწავლიან"
ათასობით უფროსკლასელს და აბიტურიენტს უკვე დაეწო საგამოცდო ციებ-ცხელება.
JAMnews-ი ესაუბრა გიორგი ორკოდაშვილს, ქართველ უფროსკლასელს, რომელიც ერთი წელია ამერიკულ სკოლაში სწავლობს. გიორგი გვიყვება თავის ამერიკულ ცხოვრებაზე, გვიზიარებს გამოცდილებას და აანალიზებს – რითი განსხვავდება ამერიკული სკოლა ქართულისგან.
ვფიქრობთ, მისი გამოცდილება ყველა აბიტურიენტისთვის და უფროკლასელისთვის საინტერესო იქნება.
________________________
როგორ მივიღე აშშ-ი სწავლის გადაწყვეტილება
თელავის პირველი საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. გეოგრაფია მიყვარდა ყველაზე მეტად – ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ეს საგანი შესაძლებლობას მაძლევდა სხვადასხვა კულტურებს და ქვეყნებს გავცნობოდი.
ინგლისურის სწავლა ექვსი წლის ასაკიდან დავიწყე. მითხრეს, ამ ენას თუ ვისწავლიდი, ბევრი უცხო კარი გაიღებოდა ჩემთვის.
ჯერ კიდევ დაბალ კლასებში ვიყავი, როდესაც ჩემი ახლობელი ამერიკაში სასწავლებლად წავიდა და იმ დროიდან მეც გადავწყვიტე, რომ ოდესმე ამერიკაში ვისწავლიდი.
ერთი მომენტი მახსოვს ბავშვობიდან კარგად – რაღაც ამერიკულ ფილმს ვუყურებდი, სადაც სკოლის დაჯილდოებიდან სცენას აჩვენებდნენ. ყველაფერი ძალიან განსაკუთრებული და საზეიმო იყო – ყველას ერთნაირი ფორმა ეცვა, რომელსაც, როგორც მერე გავიგე, Cap & Gown -ს ეძახიან. ამ ფილმის ყურებამდე არასდროს მენახა მსგავსი ფორმა. მახსოვს ვფიქრობდი, რა მაგარი იქნება, მეც რომ ასეთი ფორმა მეცვას-მეთქი. იმ წუთიდან შემიყვარდა ეს ქვეყანა.
შემდეგ იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ სულ მესმოდა, რომ ამერიკას ახსენებდნენ, როგორც საქართველოს მეგობარს და მას იმედის თვალით შეჰყურებდა ყველა.
ამ ქვეყანაში წასვლის სურვილი ნელ-ნელა ჩემს დიდ ოცნებად გადაიქცა. როცა გავიზარდე, ეს სურვილი უფრო გაცნობიერებული გახდა, რადგან ბევრი გავიგე ამერიკული განათლების სისტემის შესახებ და მინდოდა საკუთარ თავზე გამომეცადა. განსაკუთრებით, ის ამბავი მეჩვენებოდა დაუჯერებლად, რომ მოსწავლეები თავად ირჩევენ საგნებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ეს სწორედ ის იყო, რაც ქართულ სკოლაში ძალიან მაკლდა.
გამოცდების ჩაბარების პროცესზე
ერთ დღეს, მეგობრისგან გავიგე FLEX პროგრამის შესახებ. ეს პროგრამა ქართველ სკოლის მოსწავლეებს ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში უშვებს სასწავლებლად.
პირველი ცდა მე-9 კლასში მქონდა. შეშინებული მივედი პირველ ტურზე. დიდი იმედი არ მქონია, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა მესინჯა. აღმოჩნდა, რომ სამივე ეტაპი გადავლახე, თუმცა საბოლოოდ უარყოფითი პასუხი მივიღე.
არც ისე რთული ყოფილა მარცხთან შეგუება. პირიქით, უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი, რადგან უკვე გამოცდილება მქონდა. იმ წუთასვე გადავწყვიტე, რომ მეორე წელსაც მეცადა. მეორედაც გავედი, ისევ გადავლახე სამივე ეტაპი და ხუთი თვის ლოდინის შემდეგ (საბოლოო პასუხები ხუთ თვეშია), ისევ უარყოფითი პასუხი მივიღე.
ეს კი, ის მომენტი იყო, როცა სამყაროში ყველაზე იმედგაცრუებული ადამიანი ვიყავი. ერთი კვირა ძალიან რთული პერიოდი მქონდა. პროგრამის წესების თანახმად, მომდევნო წელს კიდევ ერთი, მესამე და ბოლო ცდის უფლება მქონდა, თუმცა გადავწვიტე, რომ აღარ გავსულიყავი.
თუმცა, ბრაზმა მალე გამიარა. მივხვდი, რომ სისულელეს გავაკეთებდი და მთელი ცხოვრება ვინანებდი, კიდევ რომ არ მეცადა.
მესამე წელს ყველაზე მეტად ვნერვიულობდი. კვლავ სამივე ტური გავიარე და დაიწყო ხუთთვიანი მოლოდინის მტანჯველი პერიოდი.
14 მარტის დილა იყო, არდადეგები მქონდა და გვიან გავიღვიძე, ჩემი მეგობრის მესიჯი დამხვდა – “დარეკვები დაწყებულაო”. საშინელი მომენტი იყო. კიდევ კარგი, ჩემი მოლოდინი 20 წუთზე დიდი ხანი არ გაგრძელდა. დამირეკეს და ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლიო, მითხრეს. საოცარი გრძნობა იყო.
ამერიკულ სკოლაზე
ყველა ამერიკული სკოლა ერთმანეთისგან განსხვავებულია, რადგან სკოლის შიდა საქმეებში ქვეყნის და შტატის მთავრობის ჩარევა მინიმალურია. სკოლებს და მასწავლებლებს აქვთ თავისუფლება თავად განსაზღვრონ, როგორი იქნება სასწავლო პროცესი. ასწავლონ ის საგნები, რასაც საჭიროდ ჩათვლიან; გადაწყვიტონ, სემესტრული სწავლა იქნება თუ ტრიმესტრული; განსაზღვრონ გამოცდების ფორმატი და ა.შ.
თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ამერიკაში და იგი მხოლოდ მასწავლებლებს როდი აქვთ. მეცხრე კლასიდან მოსწავლეებიც თავად აირჩევენ იმ საგნებს, რომლებიც უნდათ ისწავლონ.
თანაც, ამერიკაში სულ სხვანაირი საგნები აქვთ – ძალიან პრაქტიკული და გამოსაყენებელი. მაგალითად, მე პერსონალური ფინანსების მენეჯმენტს ვსწავლობდი; ასევე გამოყენებით კომუნიკაციას, სადაც ვსწავლობდით თუ როგორ დავწეროთ წერილები, ელ-ფოსტა, როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე, როგორ შევადგინოთ CV, სამოტივაციო წერილი, როგორ ვიყოთ აქტიური მსმენელები და ა.შ. ასევე, მე ავირჩიე საგანი, სადაც გვასწავლიდნენ ამერიკის კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს.
ამ ერთი წლის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანე ამერიკული სწავლების სისტემიდან: იქ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა საგანს აირჩევს მოსწავლე. ნებისმიერი საგნის შესწავლისას, ის აუცილებლად შეიძენს გარკვეულ უნარებს. სწავლება ისეა აწყობილი, რომ მოსწავლე გამოიმუშავებს უნარ-ჩვევებს, რაც მას შემდგომ ნებისმიერი საგნის სწავლას და პროფესიის დაუფლებას გაუადვილებს.
მაგალითად, ენის და ლიტერატურის კლასებზე ჩვენ მხოლოდ ნაწარმოებებს კი არ ვსწავლობდით, არამედ ვსწავლობდით გამართულად წერას, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას, კრეატიულ აზროვნებას, წაკითხულიდან აზრის გამოტანას, ფაქტების შეფასებას, მათ გააზრებას და ანალიზს.
მათემატიკის კლასებზე უშუალოდ ალგებრის და გეომეტრიის გარდა, ვსწავლობდით პრობლემის გადაჭრის გზებს, პრობლემაზე დაფიქრებას, გამოსავლის პოვნას და ანალიზს.
ასე იყო სხვა საგნების შემთხვევაშიც და ეს არის მთავარი, რაც გამოარჩევს ამერიკულ სკოლას ქართულისგან. ამერიკული სკოლის მთავარი მიზანია მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული უნარები მისცეს მოსწავლეს. ჩამოაყალიბოს ის როგორც თავისუფალი პიროვნება, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი და შეუძლია ამ აზრის ნათლად გადმოცემა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გაკვეთილების ფორმატი. არც ართი გაკვეთილი მოსაწყენი არ ყოფილა – სულ თამაშები, აქტივობები და ძალიან საინტერესო დავალებები გვქონდა, რაც სწავლის პროცესს რუტინულს და მოსაწყენს არ ხდის.
ამერიკული ცხოვრების წესზე
ამერიკა მეოთხე ქვეყანა იყო, სადაც ვიმოგზაურე. თუმცა, ასე დიდხანს არსად დავრჩენილვარ. FLEX-ის პროგრამა იძლევა საშუალებას ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ ოჯახში ვიცხოვროთ და ამ კულტურის და ყოფის ნაწილი გავხდეთ.
პროგრამის დასაწყისში დროებით ოჯახში ვცხოვრობდი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ძალიან მიყვარს ჩემი მასპინძელი ოჯახიც, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება – დედა, მამა და სამი და-ძმა – 13-ის, 10-ის და 5-ის.
მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც ძალიან დაკავებულები არიან და მთელი დღე მუშაობენ, ოჯახური აქტივობები მათთვის მაინც მთავარი პრიორიტეტია.
საღამოს სადილი აუცილებლად ერთად გვაქვს. ხშირად სადილს ექვსივე ერთად ვამზადებთ და ამ სამზადისის პროცესში ვუზიარებთ ერთმანეთს როგორი დღე გვქონდა – ვყვებით ჩვენი დღის ისტორიებს. შემდეგ ერთად გართობის დრო მოდის – ხან ფილმს ვუყურებთ, ხან ველოსიპედებით გავდივართ გარეთ, ხან ვსეირნობთ, ხანაც სამაგიდო თამაშებს ვთამაშობთ.
შაბათ-კვირას პიკნიკებზე, ფესტივალებზე, ლაშქრობებზე ან სხვადასხვა ადგილების სანახავად მივდივართ და ერთად ვატარებთ დროს.
კვირის დღეებში ყველანი ძალიან დატვირთულები ვართ. მე უმეტეს დროს სკოლაში ვატარებ. თუცა, სკოლის მიღმაც მაქვს ბევრი საქმე – სტაჟირების პროგრამაში მოვხვდი და ცოტა ხანი დაწყებით სკოლაში, მასწავლებლის ასისტენტი ვიყავი; ასევე მოხალისე ვიყავი ბიბლიოთეკაში, უსახლკარო ცხოველთა თავშესაფარში.
ასევე, მოვიგე ერთ-ერთი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებისთვის ეკო-კლუბებს ვქმნით სკოლებში. პარალელურად ცოტ-ცოტას ვმუშაობ კიდეც – მანქანებს ვრეცხავ, ბალახს ვუვლი, დასუფთავებაში, მცენარეების დარგვა-მოვლაში ვეხმარები, ძაღლებს ვასეირნებ და სტიპენდიასთან ერთად, დამატებით ჯიბის ფულსაც ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. ყველაფერი მაინტერესებს და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გავიგო, მეტი გამოცდილება მივიღო.
ყველაზე მეტად რაც დამოუკიდებლობაში მეხმარება – ველოსიპედია. ყველგან ველოსიპედით დავდივარ, ძალიან მომწონს ცხოვრების ეს წესი.
პროფესიის არჩევასა და მომავალზე
ერთი წელი, რომელიც ამერიკაში გავატარე, ალბათ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩემს მომავალსაც. გარდა იმისა, რომ ცოდნა და გამოცდილება მივიღე, ასევე ვისწავლე დამოუკიდებლობა.
ვისწავლე საკუთარი ფულის მენეჯმენტი, გადაწყვეტილებების მარტო მიღება, რთულ სიტუაციებთან მარტო გამკლავება. ასევე მნიშვნელოვანი წელი იყო იმითაც, რომ უნდა მეფიქრა მომავალ პროფესიაზე, ამერჩია საბოლოოდ რისი სწავლა მინდოდა უნივერსიტეტში.
ჩემი გეგმები ასეთია – მალე ჩამოვალ საქართველოში და ბაკალავრის დიპლომს საქართველოში ავიღებ. ილიაუნიში მინდა ჩავაბარო პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. მაგისტრატურის და დოქტორანტურისთვის კი ისევ ამერიკაში მინდა დავბრუნდე. ვფიქრობ, განათლება პოლიტიკის მიმართულებით მივიღო.
ამერიკაში მხოლოდ სასწავლებლად მინდა ჩამოსვლა. ცხოვრებას საქართველოში ვაპირებ, რადგან მჯერა, რომ კარგ ქვეყნებს თავად მოქალაქეები ქმნიან. მეც მინდა ვიყო ის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც საკუთარ პატარა წვლილს შეიტანს ქვეყნის ცხოვრებაში. მომავალში საქართველო წარმომიდგენია ტოლერანტულ, სამართლიან და სუფთა ქვეყნად.