„ფორმულა 1“-მა ბაქოში რბოლების ჩატარების თაობაზე კონტრაქტი გააგრძელა. გრან-პრი აზერბაიჯანში მინიმუმ 2022 წლის ჩათვლით ჩატარდება. თავიდან კონტრაქტს ხელი ხუთი წლით მოაწერეს და ის 2020 წელს უნდა ამოწურულიყო. „ფორმულა-1“-ის კლასის მსოფლიო ავტორბოლის აზერბაიჯანული ეტაპი 2016 წლიდან ტარდება. ამ სეზონზე ის აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ჯერ კიდევ 2017 წელს მორიგი რბოლის დაწყებამდე მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიგიარ არპადარაი ამბობდა, რომ „თავიდან რბოლა განიხილებოდა როგორც ბიზნეს-პროექტი, რაც მთელი მსოფლიოდან „ფორმულა-1“-ის ნახევარმილიარდიანი მზა აუდიტორიისთვის აზერბაიჯანის პრომოუტირებას და ქვეყანაში მაყურებლის ტურისტებად მოზიდვას ისახავდა მიზნად“.
დამოუკიდებელი ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი კი ამ აზრს უარყოფდა, რადგან მისი თვალსაზრისით, მხოლოდ დიდი ღონისძიებებით ტურისტების მოზიდვა შეუძლებელია, და ამისთვის სერიოზული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. აქამდე გრძელდება დავა იმის თაობაზე, მოაქვს თუ არა „ფორმულა-1“-ს აზერბაიჯანისთვის რაიმე სარგებელი – ფინანსური ან საიმიჯო მაინც. და ამის შესახებ არა მხოლოდ სპეციალისტები, არამედ რიგითი ბაქოელებიც კამათობენ.
ქალაქელების დამოკიდებულება
რბოლები ქალაქის ტრასაზე ბაქოს ცენტრში ტარდება. ამის გამო, ბევრი საავტომობილო და საფეხმავლო ქუჩა ხანგრძლივად იკეტება. ქალაქელები ამ დღეებში საგრძნობ უხერხულობას განიცდიან და სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ უყვარს ბევრს ბაქოში „ფორმულა-1“, და რატომ მიიჩნევენ აზერბაიჯანის გრან-პრის მცირე სტიქიურ უბედურებად.
აი, როგორ აღიქვეს სოციალურ ქსელებში კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ცნობა:
„ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!“;
„გზებს რომ არ კეტავდნენ, თუ უნდათ, სამუდამო კონტრაქტი დადონ“;
„ეს იმას ნიშნავს, რომ გადასახადების გადამხდელთა მთელი ფული ისევ ჩლუნგ თამაშებში დაიხარჯება, ისევ ათჯერ გადააკრავენ ასფალტს, უზარმაზარ დამცავ ფილებს დადგამენ და ასე შემდეგ, და შედეგად, ცხოვრების დონე დაიწევს“.
თუმცა, უფრო ოპტიმისტურად განწყობილი კომენტარებიც მოიძებნებოდა:
„სამუშაო ადგილები გაჩნდება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სასტუმროები ტურისტებით აივსება. მე მხოლოდ მომხრე ვარ!“