უცხოელების მიერ ბავშვების უკანონოდ შვილად აყვანის საქმეზე დაკავებულია სომხეთის მთავარი მეანი
სომხეთში უცხოელების მიერ ბავშვების უკანონოდ შვილად აყვანის საქმის ფარგლებში რამდენიმე ადამიანია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანია – რამზიკ აბრამიანი, ქვეყნის მთავარი მეან-გინეკოლოგი. ხალხში მას რესპუბლიკური სამშობიარო სახლის დირექტორს უწოდებენ.
საქმის მასალების თანახმად, ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული ადამიანები დედებს შთააგონებდნენ, რომ ბავშვები ავად არიან და ჯობდა, მათზე უარი ეთქვათ. ზოგიერთ დედას ეუბნებოდნენ, თითქოს მათი ჩვილები მშობიარობის დროს დაიღუპნენ.
საბოლოოდ ამ ბავშვების, უმეტესწილად, უცხოელებზე გაშვილება ხდებოდა.
კერძოდ, არსებობს ინფორმაცია ოცდაათზე მეტი ახალშობილის შესახებ, რომლებიც იტალიელმა ოჯახებმა იშვილეს. მათი შვილად აყვანის პროცედურა კანონმდებლობის უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა.
არსებობს საფრთხე, რომ ბავშვებს ორგანოების გაყიდვის მიზნით აშვილებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
• როგორ შექმნა სომხეთში დანაშაულებრივმა ჯგუფმა უკანონო გაშვილების სქემა
• რა ხდება სომხეთში მათი სრულწლოვანების შემდეგ, ვისმა ცხოვრებამაც ბავშვთა სახლებში გაიარა?
საქმის დეტალები
„რეპროდუქტიული ჯანმრთელობის, პერინატოლოგიისა, მეანობის და გინეკოლოგიის რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დირექტორის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება უცხოელების მიერ ბავშვების უკანონოდ შვილად აყვანის საქმის გამოძიების ფარგლებში მიიღეს. რამზიკ აბრამიანი ეჭვმიტანილია ბავშვების მშობლებთან უკანონოდ დაშორებაში, რაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხორციელდებოდა.
2019 წლის ნოემბერში სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა იტალიელი მშობლების მიერ ბავშვების უკანონოდ შვილად აყვანის სქემა გახსნა.
აღმოჩნდა, რომ დედებს იმისკენ უბიძგებდნენ, რომ მათ საკუთარ შვილებზე უარი ეთქვათ. ამისთვის მათზე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახდენდნენ. თაღლითები მსხვერპლებს, ძირითადად, ისეთ ქალებს შორის ირჩევდნენ, რომლებიც რაიმე პირადი მიზეზებით, ან სოციალური პრობლემების გამო, ორსულობის შეჩერებას აპირებდნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ქალებს ორსულობის ფაქტის გამჟღავნებით ემუქრებოდნენ. იყო ასევე შემთხვევები, როდესაც დედებს არწმუნებდნენ, რომ ჩვილი ავადმყოფი დაიბადა. ამავდროულად ეს ინფორმაცია ან სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, ან ძლიერ გაზვიადებული იყო.
მშობიარობის შემდეგ დამნაშავეები ბავშვზე უარის თქმის თაობაზე საბუთს იღებდნენ, ახალშობილები კი – ხშირად „გაყალბებული“ დიაგნოზებით – ბავშვთა სახლებში გადაჰყავდათ.
საუბარი უცხოელების მიერ სომეხი ბავშვების შვილად აყვანის საეჭვოდ დიდი რაოდენობის თაობაზე ჯერ კიდევ 2019 წლის იანვრიდან დაიწყო.
იმ მომენტისთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ არსებობს ფაქტები ორგანოების გაყიდვის მიზნით ბავშვების შვილად აყვანის თაობაზე:
„ჩემი მუშაობის რამდენიმე თვის განმავლობაში ამ კვანძის გახსნას ვცდილობდი, და მუდმივად მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც ისე ვერ იყო; საქმის გახსნასთან სულ ახლოს ვიყავით, მაგრამ ხელშესახებ შედეგებს მაინც ვერ მივაღწიე. ის ფული, რომელზეც ვლაპარაკობთ, სამშობიარო სახლებიდან იწყება და სხვა დაწესებულებებში გრძელდება, და ეს აისბერგის მხოლოდ წვერია“.
კიდევ ვინ ფიგურირებს ამ საქმეში
რამზიკ აბრამიანის გარდა, დაკავებულები არიან მთავარი მეანის მოადგილე არშაკ ჯერჯერიანი და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჯანმრთელ ბავშვთა სახლის – „ერევნის ბავშვის სახლის“ დირექტორი ლიანა კარაპეტიანი.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-მდივანმა ნაირა არუთიუნიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ბრალი ერევნის კიდევ ერთ მცხოვრებელს წაუყენეს, ის 1976 წელს არის დაბადებული. მის სახელსა დანაშაულებრივ ჯგუფში მის როლს არ იუწყებიან.
აღიარებენ თუ არა ბრალს დაკავებულები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
წინასწარი გამოძიება გრძელდება.
კიდევ რაში ედება ბრალი რესპუბლიკური სამშობიარო სახლის დირექტორს
რესპუბლიკური სამშობიარო სახლის 76 წლის დირექტორი ბრალდებულის სახით სხვა საქმეშიც ფიგურირებს.
2019 წლის აპრილში ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროში ხმამაღალი კორუფციული სკანდალის შესახებ.
მაშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეროვნული უშიშროების სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავა. მოგვიანებით თავად მინისტრმა დაადასტურა, რომ დაკავებულია – მისი მოადგილე არსენ ტოროსიანი.
ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა მინისტრის მოადგილეს მის კაბინეტში პირადად გადასცა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი, სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში, მისივე სამედიცინო დაწესებულების დაფინანსების გაზრდის სანაცვლოდ.
კიდევ ორი დღის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეროვნული უშიშროების სამსახურში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი რამზიკ აბრამიანი მიიყვანეს. მოცემულ მომენტში მას ჯანმრთელობის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის არსენ დავიტიანისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის გადაცემა ედება ბრალად.