სომხეთის უშიშროების სამსახურმა ბავშვების უკანონოდ გაშვილების სქემა გამოავლინა
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ბავშვების უკანონოდ გაშვილების სქემა გამოავლინა. კერძოდ, არსებობს ინფორმაცია 30-ზე მეტ ახალშობილზე, რომლებიც მათი შვილად აყვანის მსურველ იტალიელ მშობლებს გადასცეს. ამავდროულად, შვილად აყვანის პროცედურა კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარდა.
ის, თუ რა მიზნით არიან ბავშვები გაშვილებულები და არსებობს თუ არა ახალშობილების ორგანოების გამო გაყიდვის ალბათობა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ასეთი საშიშროება არის.
საქმე უფრო დეტალური გამოძიებისთვის საგამოძიებო კომიტეტს უკვე გადაეცა.
ისტორიის დეტალები
საუბარი სომეხი ბავშვების საეჭვოდ დიდი რაოდენობის უცხოელებზე გაშვილების თაობაზე 2019 წლის იანვრიდან დაიწყო.
ამ დროს პარლამენტში საოჯახო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. იმ მომენტისთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ არსებობს ბავშვების ორგანოების გაყიდვის მიზნით მათი გაშვილების ფაქტები:
„ჩემი მუშაობის რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ძალით ვცდილობდი ამ კვანძის გახსნას, და მუდამ მიჩნდებოდა ისეთი შეგრძნება, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ იყო. საქმის გახსნასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ხელშესახები შედეგების მიღწევა მაინც ვერ შევძელით. ის ფული, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, სამშობიარო სახლებიდან იწყება და სხვა დაწესებულებებში გრძელდება, და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია“.
საინტერესოა, რომ მაშინ მირზოიანს ძალიან კატეგორიულად შეეწინააღმდეგა იმ მომენტისთვის ეროვნული უშიშროების სამსახურის, ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი. მან დარწმუნებით განაცხადა, რომ უცხოელების მიერ შვილად აყვანილ არც ერთ ახალშობილს ასეთი რამ არ შემთხვევია.
„სიტუაცია ჩვენი მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ასეთი შემთხვევები არ ყოფილა“, – განაცხადა ვანეციანმა.
და მისი სიტყვები სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტაკ დავიტიანმაც დაადასტურა.
უცხოელების მიერ ბავშვების შვილად აყვანის თემა დაიხურა. მაგრამ 2019 წლის ნოემბერში ეროვნული უშიშროების სამსახური ბავშვების უკანონოდ გაშვილების სქემის გახსნის თაობაზე ხმაურიანი განცხადებით გამოვიდა.
ეროვნული უშიშროების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში ნათქვამია:
„სომხეთის ორმა მოქალაქემ,რესპუბლიკის ერთ-ერთ სამეანო დაწესებულებაში, რიგ უწყებებში, ასევე საბავშვო სახლებში თავიანთი კავშირების გამოყენებით, იტალიის მოქალაქეების მიერ 20-ზე მეტი ბავშვის უკანონოდ შვილად აყვანის ორგანიზება მოახდინა“.
აღმოჩნდა, რომ დედებს იმისკენ უბიძგებდნენ, რომ მათ საკუთარ შვილებზე უარი ეთქვათ. ამისთვის მათზე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახდენდნენ. თაღლითები მსხვერპლს ძირითადად ისეთ ქალებს შორის ირჩევდნენ, რომლებიც რაიმე პირადი მიზეზით, ან სოციალური პრობლემების გამო, ორსულობის შეწყვეტას აპირებდნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ქალებს ორსულობის ფაქტის გამჟღავნებით ემუქრებოდნენ. იყო ასევე შემთხვევები, როდესაც დედებს არწმუნებდნენ, რომ ბავშვი ავადმყოფი დაიბადა. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია ან სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, ან ძალიან გაზვიადებული იყო.
მშობიარობის შემდეგ დამნაშავეები ბავშვზე უარის თქმის ცნობას იღებდნენ, და ახალშობილები ბავშვთა სახლებში ხშირად გაყალბებული „დიაგნოზებით“ გადაჰყავდათ.
ამავდროულად სამშობიარო სახლების თანამშრომლები ზოგჯერ „სამედიცინო სამსახურის გაწევისთვის მშობიარე ქალებისგან არც ქრთამის აღებას ერიდებოდნენ“.
მეტიც, თუკი სომხეთის მოქალაქეებს შორის ამ ბავშვების შვილად აყვანის მსურველები ჩნდებოდნენ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამ პროცესს სხვადასხვა მიზეზით უშლიდნენ ხელს. საქმე ისაა, რომ კანონით, ბავშვების შვილად აყვანის დროს პრიორიტეტი ადგილობრივ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ.
შვილად აყვანის სისტემაში ცვლილებების შესახებ
2019 წლის ზაფხულიდან ქვეყანაში დაიწყო მსჯელობა, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო შვილად აყვანის სისტემა, რომელიც, ექსპერტების აზრით, ბევრ რისკს შეიცავს.
ამჟამად მშობლის უფლებების წარდგენისას პოტენციური მშობლების საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინება ხდება. მაგრამ უყურადღებოდ რჩება მშობლების უნარები და ცოდნა. ახლა შვილად აყვანის ახალი წესი შემუშავდა. ის ბავშვის შვილად აყვანის როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მსურველებისთვის მომზადების კურსებსაც კი ითვალისწინებს
„რეფორმა ითვალისწინებს შედარების შემოღებას. უნდა ჩატარდეს პოტენციური მშობლის სურვილებისა და მოთხოვნების შედარება. პროცედურა ორ ეტაპად განხორციელდება. მოხდება ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, ხასიათის თავისებურებებით დაწყებული“, – ამბობს შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს ბავშთა განყოფილების ხელმძღვანელი ანაიტ კალანტარიანი.
შვილად აყვანის ახალი წესი ასევე კონტროლის მკაფიო მექანიზმებს გულისხმობს. მაგალითად, განხორციელდება სამონიტორინგო ვიზიტები, ნახევარ წელიწადში ერთხელ შემოწმდება ის საყოფაცხოვრებო პირობები, რომელშიც ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შვილად აყვანილი ბავშვი იცხოვრებს.
რაც შეეხება უცხოელების მიერ ბავშვის შვილად აყვანას. იმ ბავშვის რეგისტრაციას, რომელიც სომხეთის მოქალაქეა, შვილად აყვანის მსურველი მშობლების მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე სომხეთის საელჩო ახდენს. იმ შემთხვევაში, თუკი იმ ქვეყანაში სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის, საქმე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.
თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უცხოელი მოქალაქეების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს ბავშვის კვალი იკარგება.