უმცირესობა უმრავლესობაში
ლიუსი ედიგაროვას სახლის ეზოში ცნობილი ასირიული სიწმინდე, “მარეზი” მდებარეობს, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ ასირიელები – სანთლებს ანთებენ, ლოცულობენ და აქედან ცოტა მიწა მიაქვთ.
“როდესაც ჩემი წინაპრები ერაყიდან სომხეთში გადმოსახლდნენ, თან ცოტა მიწა წამოიღეს. იმ მიწის ნაწილი აქ მოხვდა და ამიტომ სწორედ აქ ააშენეს “მარეზი”. ეს სიტყვა ღვთისმშობელ მარიამს ნიშნავს. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, მთხოვს, რომ ცოტა მიწა გავატანო. ჯარში წასული ბიჭების დედები მოდიან და ღვთისმშობლის ხატები მიაქვთ, ორი წლის შემდეგ კი – როდესაც მათი შვილები შინ ბრუნდებიან, უკან აბრუნებენ ხოლმე,” – ამბობს ადირიელი ედიგაროვა, რომელიც არარატის რაიონის სოფელ ვერინ დვინში ცხოვრობს. ამ სოფლის მოსახლეობის 70%-ს ასირიელები წარმოადგენენ.
როდესაც 78 წლის ედიგაროვა საკუთარ ოჯახზე იწყებს საუბარს, მისი ზღვასავით ცისფერი თვალები მღელვარებისგან კიდევ უფრო მკვეთრად ელავს: “მე სუფთა სისხლის ასირიელი ვარ. ხუთი ვაჟი მყავს. ჩემი ერთი რძალი რუსია, მეორე – სომეხი, მესამე – უკრაინელი, დანრჩენი ორი კი ასირიელია. თითოეული მათგანი ასირიელად მიიჩნევს თავს. 15 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მყავს. ერთ-ერთ შვილიშვილს ასირიის ძველი დედაქალაქის სახელი, “ნინვე” (ნინევია) დავარქვი”.
თუმცა სოფელ ვერინ დვინში, რომელიც ერევნიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, სომხური ოჯახებიც ცხოვრობენ, მაგრამ ყველა ასირიულად ლაპარაკობს. სოფელში თითქმის არ ისმის სომხური საუბარი, რაც სომხეთისათვის ძალიან უჩვეულოა.
58 წლის რიმა ბადალიანი, რომელიც სომხურ ოჯახში გაიზარდა და შემდეგ სომეხ მამაკაცზე დაქორწინდა, მეუღლესა და შვილებს მხოლოდ ასირიულად ელაპარაკება.
“დედაჩემი სომეხი იყო. მაშინაც კი, როდესაც სომხურად გვესაუბრებოდა, ჩვენ ასირიულად ვპასუხობდით. სახლში დღემდე იშვიათად ვლაპარაკობთ სომხურად. აქ ხშირია შერეული ქორწინებების შემთხვევები. ამ სოფელში ვერ იპოვით ოჯახს, რომელშიც ან რძალი არ იქნება სომეხი, ან ქმარი. ორივე ხალხი ქრისტიანია, ამიტომ სარწმუნოება შერეულ ქორწინებას ხელს არ უშლის,” – განმარტავს რიმა.
გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრის მსახიობის, სომხეთის ეთნიკური უმცირესობების ეროვნულ-კულტურული ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, რაზმიკ ხოსრიევის თქმით, მას შემდეგ, რაც 1750 წლის წინ ასირიელებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს, ისინი სასაუბრო ენის საშუალებით ინარჩუნებდნენ იდენტობას.
“ამიტომ მოიკოჭლებს ჩვენთან წერილობითი ენა. დაახლოებით 1000 წელია, რაც ამ ენაზე თითქმის არაფერი დაწერილა, სასაუბრო ენა კი ყოველთვის გამოიყენებოდა. სწორედ ამიტომ აძლევდა წინათ მრავალი ასირიული ოჯახის უფროსი უფლებას, არ მიეცა მზითევის ნახევარი, ან საერთიდ არაფერი მიეცათ სიძისთვის იმ შემთხვევაში, თუ მისმა ქალიშვილმა ასირიული ენა იცოდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეროვნული გენი და ჩვენი ოჯახები რომ დაგვეცვა. ამიტომ, დღეს ყველამ იცის ასირიული ენა. ხალხს მშობლიური ენის შენარჩუნების ინსტინქტი აქვს.”
სომხეთის 3000 ასირიელის უმეტესობა სოფელ ვერინ დვინში, სოფელ დმიტროვსა და სიფელ არზნიში ცხოვრობს. ვერინ დვინი ყველაზე მსხვილ ასირიულ სიფლად ითვლება. აქ არის წმ. თომას სახელობის ადირიული ტაძარი, რომელსაც შვეიცარიაში მცხოვრები ქველმოქმედის სახსრებით ჩაუტარეს რესტავრაცია.
“ასირიელებს 100 წლის განმავლობაში არ ულოციათ მშობლიურ ენაზე. რეკონსტრუქციამდე წმინდა თომას ტაძრის ნანგრევები იყო მხოლოდ შემორჩენილი. ეკლესიის მშენებლობის პარალელურად, რელიგიურ ორგანიზაციად, აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიად დავრეგისტრირდით,” – აღნიშნავს ხოსროევი.
იგი დაიბადა სოფელ გიოლაისორში, რომელიც გარნის ხეობასა და ხოსროვის ტყეს შორის მდებარეობს. აქ ჯერ კიდევ 1805 წელს, თურქეთიდან 20 ასირიული ოჯახი გადმოსახლდა. ასირიელების სომხეთში ემიგრაციის მეორე ტალღა 1826-1828 წლებით თარიღდება. იმ პერიოდში რუსეთ-სპარსეთის ომი მიმდინარეობდა. რუსეთსა და ირანს შორის 1828 წელს თურქმანჩაიში დადებულმა თურქმანჩაის შეთანხმებამ დაასრულა ომი, და მაშინ 100-მა ასირიულმა ოჯახმა რუსეთში ცხოვრების ნებართვა ითხოვა და სომხეთში დაფუძნდა.
“1949 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ასირიელებზე ზეწოლა დაიწყო. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეჭვი ჰქონდა, რომ ასირიელებს პროდასავლური განწყობები ჰქონდათ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ციმბირში, ბარნაულში გადაასახლეს. დანარჩენები კი სხვადასხვა სოფელში დაასახლეს. ბევრი ჩვენი თანასოფლელი ვერინ დვინში დაფუძნდა,” – ამბობს ხოსროევი.
პოსტსაბჭოთა პერიოდში სომხეთი ბევრმა ასირიელმა დატოვა. ხოსროევის თქმით, მიგრაციის პროცესი ასირიელებს შორის გაცილებით უფრო აქტიურად მიმდინარეობდა, ვიდრე სომხების შემთხვევაში. საბჭოთა პერიოდში მათი რიცხვი სომხეთში შვიდ ათასს აღწევდა.
სოფელ ვერინ დვინის მკვიდრის, სედა ნიკოლაევნას მამა ასირიელია, დედა კი – სომეხი. მისი ქალიშვილები სომხებზე დაქორწინდნენ და მისმა ვაჟმაც სომეხი ქალი მოიყვანა ცოლად.
“ვამაყობ, რომ ასირიელი ვარ. მამაჩემი ასირიელია. ასირიელები ღირსეული ადამიანები არიან. თუკი სამეზობლოში ვინმეს პრობლემა უჩნდება, მთელი სოფელი ვიკრიბებით და ვეხმარებით. სომხებსა და ასირიელებს შორის სხვაობა მხოლიდ ენასა და რამდენიმე ტრადიციაშია, – ამბობს სედა, – ჩვენ ქორწილებს სომხებივით რესტორნებში არ ვიხდით. ჩვენ ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნეთ. როდესაც პატარძალი სიძის სახლში მიჰყავთ, ქალს ზღურბლთან მისვლისთანავე საჩუქრებს ჩუქნიან. რიგრიგობით იძახებენ ყვრლას და ვინც რა მოამზადა, იმას ჩუქნის. ტრადიციის მიხედვით, საქორწინო ხარს პარასკევის საღამოს კლავენ და ამ ხორცის ნაწილს მძახლებს უგზავნიან.”
თავის თანამემამულეებზე ხანაევს ასეთი წარმოდგენა აქვს:”უცხოელები ყოველთვის ამბობენ, რომ ასირიელებს ერთით მეტი ნეკნი აქვთ; ანუ ჯიუტები არიანო. თუკი ასირიელი იტყვის “არას”, მას ვერანაირი ძალა ვერ გადაათქმევინებს. ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერი ეროვნული მახასიათებელია. თუკი ასირიელი იტყვის, რომ მაწონი შავია, ე.ი. ის შავია.”
ასირიელებისთვის ახალი წელი 1-ელ სექტემბერს დგება. ამას გარდა, ისინი აღნიშნავენ “შარას” – ეროვნულ დღესასწაულს, რომელსაც სოფელ არზნიში ზეიმობებ ხოლმე. ამ დღეს ასირიელები ცეკვებითა და სიმღერებით აღნიშნავენ. ამას გარდა, აღინიშნება წმინდა თომას დღე და მარეზი. ასირიელები ყველა დღესასწაულზე საერთო მსხვერპლს წირავენ. ღამით, მთვარის შუქზე ყველა სოფელში ლოცვის ფონზე მსხვილ ხარს კლავენ და ახალ ხორცს სოფლის ყველა მკვიდრს ურიგებენ ხოლმე.
ლიუსია ედიგაროვა ამბობს, რომ მარეზის დღესასწაულზეც განსაკუთრებულ ჰალვას ამზადებენ და საჭმელს ამ შემთხვევაშიც ყველას ურიგებენ. “მარეზის დღესასწაული ყოველწლიურად 14 ივნისს აღინიშნება. ჰალვა იმ დღის შესაწირია. ჩვენ მას მორტუხას ვეძახით. დიდ ქვაბში ძალიან ვაცხელებთ ერბოს და შემდეგ ფქვილს, რძესა და კვერცხს ვამატებთ. მიღებულ მასას კარგად ვხარშავთ, ცეცხლიდან ვიღებთ, ლავაშში ვახვევთ და ხალხს ვურიგებთ.”
სამზარეულოში რინა და სედა ასირიულ ბიუშალას ამზადებენ, რომელიც ძალიან ჰგავს სომხურ სპასს.
“სპასს თეთრ ჭარხალს, ნიახურს და მწვანე წიწაკას ვამატებთ. ასირიული წესის მიხედვით, ეს კერძი ყოველთვის უნდა იყოს სუფრაზე,” – ამბობს სედა ნიკოლაევნა.
ხოსროევი აღნიშნავს, რომ სომხეთის ასირიული თემს არასდროს შეჯახებია პოლიტიკურ დაბრკოლებებს და მათი პრობლემები, ძირითადად, კულტურული და საგანმანათლებლო ხასიათისაა.
“ჯერჯერობით ერთნიკური უმცირესობების კულტურის სომხური კულტურის ნაწილად ქცევა ვერ შევძელით. მთავრობასა და კულტურის მინისტრს ამ მხრივ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ. მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, თუკი სტუდენტები კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე ჩაირიცხებიან [ანუ უფასოდ სწავლის უფლებას მიიღებენ].
კიდევ ერთი პრობლემა დაკავშირებულია ასირიულ ენასთან, რომელსაც სომხეთის არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ასწავლიან. ჩვენს ახალგაზრდებს თემის სახსრებით სასწავლებლად ვუშვებთ ურმიის ასირიულ უნივერსიტეტში (ირანი) ვუშვებთ. შემდეგ ისინი ბრუნდებიან და სოფლის სკოლებში პედაგოგებად მუშაობენ. მაგრამ მასწავლებლის კვალიფიკაციის მისაღებად ამ შემთხვევაში ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტის დაუსწრებელ ფაკულტეტზეც უწევთ სწავლა. ეს ყველაფერი კი სირთულეებთანაა დაკავშირებული.”
ხოსროევი აღნიშნავს, რომ ყოველწლიურდ ხელისუფლება სომხეთის 11-ივე ეთნიკურ უმცირესობას 10 მილიონ დრამს გადასცემს, რომელიც ამ თემებს შორის თანაბრად იყოფა (ამ შემთხვევაში, სათვისტომოს სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს). ხოსროევის თქმით, ეთნიკური უმცირესობების უფლებები დაცულია როგორც ევროპის საბჭოს შეთანხმებითა და სომხეთის კონსტიტუციით, ისე კონვენციით “ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ”. თუმცა, ეს ყველაფერი მათთვის არც ისე ბევრის მომცემია:
რამდენიმე წლის წინათ მთავრობას წარვუდგინეთ კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობების შესახებ. ამ დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ჩვენი პრობლემების გადაჭრის მექანიზმი გაგვიჩნდებოდა, მგრამ ეს პროექტი პარლამენტში ვერ მოხვდა. ყველა ჩვენი პრობლემა წერილების, თხოვნებისა და ნაცნობობის საშუალებით წყდება.”
მაგრამ მტკიცე სულის ასირიელები პირობას დებენ, რომ საკუთარი უფლებებისათვის იბრძოლებენ და რეალურ შედეგებს მიაღწევენ. მათი თქმით, ისინი არასდროს იტყვიან, რომ მაწონი შავია.
გამოქვეყნდა: 16.09.2016