სომხეთში ქალები ევროპის კავშირს ემხრობიან, მამაკაცები - ევრაზიულ კავშირს
Фото: გევორკ კაზარიანი, JAMnews და მედია ცენტრი
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთში ევროპის კავშირის მომხრეების რიცხვმა იმატა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მომხრეთა რაოდენობამ კი – იკლო. ამის შესახებ დღეს ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საზოგადოებრივ კვლევათა წამყვანი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რუბენ სარგსიანმა განაცხადეს და მათი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები წარმოადგინეს.
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 2015 წელს გაწევრიანდა. ევრაზიული ინტეგრაციის პერსპექტივა ქვეყნისთვის 2013 წლის 3 სექტემბერს გაიხსნა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა და ევროკავშირთან გაფართოებული და ყოველმხრივი ვაჭრობის ზონის შექმნაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამავდროულად პრეზიდენტმა განაცხადა სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების შესახებაც, რაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესის დასაწყისად იქცა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ კვლევათა წამყვანი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რუბენ სარგსიანმა განაცხადა, რომ 2014 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასარგებლოდ რესპონდენტების 38%-მა გამოთქვა აზრი, ხოლო 2017-ში – მხოლოდ 32%-მა. კვლევების ჩატარების წლებიდან ევროკავშირის მიმართ სიმპათიის მაჩვენებელმა მაქსიმუმს იმავე 2016 წელს მიაღწია – 44%-ს, ხოლო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასარგებლოდ აზრი 25%-მა გამოთქვა.
“ჩვენი აზრით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ 2016 წელს ყარაბაღი-აზერბაიჯანის გამყოფ ზოლზე მომხდარი ოთხდღიანი ომის დროს აზერბაიჯანისთვის რუსული სამხედრო ტექნიკის გადაცემის ფაქტი გამოაშკარავდა“, – აღნიშნა რუბენ სარგსიანმა.
გამოკვლევების შედეგების თანახმად, ასევე გამოვლინდა, თუ მოსახლეობის რომელი ფენა იხრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ, და რომელი – ევროკავშირისკენ.
ევროკავშირის მომხრეები – ძირითადად 18-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები არიან, უმეტესად – ქალები, რომლებიც ერევანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ცხოვრობენ და 150 ათასი დრმის (315 დოლარი) ოდენობის და უფრო მაღალ ხელფასს იღებენ.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მომხრეები არიან 45 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანები, ძირითადად მამაკაცები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და მათი ყოველთვიური შემოსავალი 150 ათას დრამს არ აღემატება.
საზოგადოებაზე გავლენა აშკარად მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმაც მოახდინა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირისადმი სიმპათიით განწყობილნი არიან ისინი, ვინც ტელევიზორის ყურებას ამჯობინებს, ხოლო ბეჭდური და ონლაინ პრესის მკითხველები უფრო ევროკავშირის მხარეს იხრებიან.
გამოკითხვა ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში, 2014-დან 2017 წლამდე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სომხეთის ყველა ოლქის 18 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლები, თანაბარი რაოდენობის ქალი და მამაკაცი.
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა აღნიშნა, რომ გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების მომენტიდან დღემდე საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებებათა გამოვლენა.