სომხეთში რუსული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები განთავსდება
ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews
სომხეთში განიხილეს საკითხი ქვეყანაში რუსული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების დისლოკაციის შესახებ. იუწყებიან, რომ ეს ქვედანაყოფები გიუმრისა და ერევნის სამხედრო გარნიზონის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განთავსდება.
ოფიციალური რუსული წყარო – სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური, სომხეთში რუსული სამხედრო პოლიციის განთავსების, როგორც უკვე მომხდარი ფაქტის შესხებ, იუწყება. თუმცა სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსული სამხედრო პოლიციის განთავსების თაობაზე დოკუმენტი ჯერ არ არსებობს.
სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრმა მიგრან აკოპიანმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ამჟამად ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
რუსულმა მხარემ კი სამხედრო პოლიციის ერევანში მუშაობის დაწყების თარიღი უკვე დაასახელა.
სომხეთის ოპოზიცია შიშობს, მოვლენები ისე არ განვითარდეს, რომ სომხეთში ჯერ რუსეთის სამხედრო პოლიცია ჩავიდეს, ხელშეკრულება კი მხოლოდ ამის შემდეგ დაიდოს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხეთში რუსული სამხედრო პოლიციის ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობს. რუსული მხარე კი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამხედრო პოლიცია სომხეთში რუსული სამხედრო ბაზისა და გარნიზონის ფარგლებში იმოქმედებს.
ამაზე სომხეთში პასუხობენ: თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებში, რომლებსაც რუსეთსა და სომხეთს შორის 1995 წელს მოეწერა ხელი, რუსული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ერევანსა და გიუმრიში განთავსების თაობაზე არაფერია ნათქვამი.
„რუსეთის სამხედრო პოლიციას სომხეთის ტერიტორიაზე არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. ანუ რუსეთის სამხედრო პოლიციას აქ ისეთივე უფლებამოსილება აქვს, როგორიც, ვთქვათ, სენეგალის პოლიციას. ჩემი აზრით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნაკლებად აინტერესებს ის, თუ რა წერია სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებში“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ კოორდინატორმა დანიელ იოანისიანმა.
ხელისუფლების წარმომადგენელმა დეპუტატმა მიგრან აკოპიანმა დაადასტურა, რომ მითითებულ ხელშეკრულებაში არ არის, და არც შეიძლება იყოს პუნქტი სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. რუსეთში სამხედრო პოლიცია 20111 წელს შეიქმნა, ეს ხელშეკრულება კი დაიდო1995 წელს, როდესაც ეს სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
იმავდროულად აკოპიანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში არსებობს დებულება ახალი შეთანხმების დადების თაობაზე, და არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში სამხედრო პოლიციის განთავსების გამო, შესაძლოა, გადაიხედოს მთელი ეს ხელშეკრულება, რომელიც სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას არეგულირებს.
„ჩვენ მსჯელობის ეტაპზე ვიმყოფებით, რათა გავარკვიოთ, თუ რა სტატუსი ექნება სამხედრო პოლიციას. ვფიქრობ, რუსეთს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ყოლა იმისთვის სჭირდება, რომ ის შიდა წესრიგით, თანამშრომელთა ქცევით დაკავდეს. 102-ს ბაზაზე ამ საკითხების მოსაგვარებლად ჩვენ ხომ არ შევალთ“, – თქვა მიგრან აკოპიანმა.
როგორც რუსეთის ოფიციალური წყარო იუწყება, სამხედრო პოლიციის ფუნქციაში შევა:
- რუსულ სამხედრო ბაზაზე წესრიგის დამყარება;
- სამხედრო ბაზების ობიექტების დაცვა;
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
წარსულში ამ ფუნქციას ცალკეული საპატრულო სამსახურები ასრულებდნენ, თუმცა ახალი ქვედანაყოფები შეიქმნება საგანგებოდ განსწავლული სამხედროებისგან – კონტრაქტორი-ოფიცრებისგან, სერჟანტებისა და ჯარისკაცებისგან, რომლებიც არამხოლოდ სატნდარტულად იქნებიან შეიარაღებულები, არამედ პოლიციელებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობითაც.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი არცრუნ ოვანისიანი ასევე მიიჩნევს, რომ სამხედრო პოლიციის არსებობის აუცილებლობა გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის დისციპლინური პრობლემებით არის განპირობებული.
JAMnews -ს არაერთხელ გამოუქვეყნებია მასალა რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური და მთლიანობაში სომხეთში მათი ქცევის შესახებ თუმცა, სომხეთის ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზაზე წესრიგის დამყარების ნაცვლად, ეს ძალოვანი სტრუქტურა სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვის მორიგ ბერკეტად იქცევა.
„რეალური ფასეულობების მქონე ქვეყანაში, რომელიც საკუთარ დამოუკიდებლობას პატივს სცემს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნიდა… პირველ რიგში, ამაზე საჭიროა მსჯელობა. მეორეც, ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს სათანადო საკანონმდებლო ველი, ანუ ჩვენი კანონმდებლობა ამას უნდა შეესაბამებოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დისლოკაციაზე ჰქონდეთ პრეტენზია.
ვაპირებ დავადგინო, მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყანაში მოქმედებს სხვა ქვეყნის პოლიცია, და რა კანონებით მოქმედებს“, – განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ წევრმა დეპუტატმა, სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არამ სარგსიანმა.
გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა სტეპან გრიგორიანმა შეშფოთება სხვა საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა. მან 2016 წელს ყარაბაღი-აზერბაიჯანის გამყოფ ზოლზე მომხდარი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები გაიხსენა. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ აპრილის ომის შემდეგ დასკვნები გამოიტანა, და სომხეთში სამხედრო პოლიციის დისლოკაცია – გააზრებული ნაბიჯია:
„სწორედ იმ კონტექსტში, რომ თუკი ხვალ რუსეთი მოინდომებს, აზერბაიჯანის სასარგებლოდ სერიოზულ დათმობებზე წავიდეთ, იციან, რომ ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლას შეძლებენ და საამისოდ სათანადო ბერკეტები აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებსა და საზოგადოებაზე ზეწოლის ბერკეტები არ გააჩნიათ. და აი, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები შეიძლება ერთ-ერთ ასეთ ბერკეტად იქცეს“.