სომხეთში არ სჯერათ, რომ რუსეთი აზერბაიჯანს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს
სომეხ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელთა იმ განცხადებების სიმართლეში, თითქოს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების პოლიტიკა გადაიხედება.
ბოლო თვის განმავლობაში რუსი დეპუტატები უკვე მეორედ გამოდიან მსგავსი განცხადებებით. თავიდან კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანს იარაღს ძველებური მოცულობებით აღარ მიაწვდის. შემდეგ კონსტანტინ ზატულინმა გამოთქვა მწუხარება იმის თაობაზე, რომ „აზერბაიჯანმა ამ [რუსეთისგან შეძენილ – რედ.] იარაღს, გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გარდა, სამწუხაროდ, სხვა დანიშნულება ვერ მოუძებნა“.
ზატულინიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დასკვნები გამოიტანა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის მედია ერევანში მის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებასაც ციტირებს:
„რუსეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, სომხეთის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო მუქარას ან თავდასხმას მომავალშიც ისე განიხილავს, როგორც თავად რუსეთისადმი მუქარას“.
„გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელი სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადებებით რუსეთი სომხური საზოგადოების დაწყნარებასა და დეზორიენტირებას ცდილობს. 2016 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ, როდესაც გამყოფ ზოლზე არსებული დაძაბულობა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა, რასაც „ოთხდღიანი ომი“ დაერქვა, სომხეთში რუსეთი აზერბაიჯანისთვის დიდი მოცულობით იარაღის მიყიდვაში დაადანაშაულეს. გამოითქვა აზრი, რომ სწორედ რუსეთის პოლიტიკამ მისცა აზერბაიჯანულ მხარეს იარაღის დაგროვებისა და სამხედრო მოქმედებების დაწყების საშუალება.
„მე არ მიმაჩნია, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობაა. არსებობს უკმაყოფილება იმ პოლიტიკით, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ატარებს: აზერბაიჯანის მხარდაჭერა, ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება. ისინი სომხეთს ყურადღებას უფანტავენ, და ეს ძალიან სახიფათოა. ჩემი აზრით, ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე აზერბაიჯანისთვის იარაღის ღიად მიყიდვა, რადგან რუსეთი იარაღის მიწოდების ამ კონტრაქტით აზერბაიჯანთან მუშაობას აგრძელებს“, – განაცხადა სტეპან გრიგორიანმა.
პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების მოცულობები შეამციროს, მაგრამ ამაზე ბოლომდე უარს არ იტყვის. მან აღნიშნა, რომ რეგიონში იარაღის არსებობა სამხედრო მოქმედებების განახლების ალბათობას ზრდის და გამყოფ ზოლზე დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს, რასაც ახალი მსხვერპლი მოჰყვება.
ვარდანიანის აზრით, სომხეთში 2016 წლის აპრილის მოვლენებამდეც არსებობდა უკმაყოფილება რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების გამო. ამჟამად უკმაყოფილებამ უკვე იმ დონეს მიაღწია, რომ შესაძლოა, ამან კრემლის საწინააღმდეგო განწყობები გამოიწვიოს, რასაც შესაძლოა ისეთი მოთხოვნებიც მოჰყვეს, როგორიცაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლა ან საერთაშორისო სივრცეში რუსეთის მხარდაჭერის შეწყვეტა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თანმიმდევრული ბრძოლის შედეგად სომხეთის საზოგადოების მიერ მიღწეული გამარჯვებაა“, – დასძინა მან.