სომხეთში ეძებენ პრეზიდენტობის კანდიდატს - ავტორიტეტულს, უპარტიოს, ენების მცოდნეს
სომხეთში აქტიურად განიხილავენ, ვინ გახდება ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი, თუმცა მეოთხე პრეზიდენტს ის უფლებები აღარ ექნება, რაც მის წინამორბედებს ჰქონდათ.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის აპრილიდან ქვეყანას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტს კი შეზღუდული უფლებები ექნება: მას წარმომადგენლობითი როლი დაეკისრება, როგორც ეს ხდება პარლამენტური მმართველობის მოდელის სხვა ქვეყნებში.
ამის მიუხედავად, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. 9 აპრილს მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის უფლებამოსილების ვადა იწურება და პოლიტიკური ძალები ეროვნული კრების დეპუტატებს არჩევნებისთვის საკუთარ კანდიდატურებს წარუდგენენ.
სომხეთის მეოთხე პრეზიდენტის იდეალური სახე
სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გუშინ ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა და მოუყვა, მისი წარმოდგენით, როგორი უნდა იყოს ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი:
- განათლებული,
- ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი,
- უნდა შეეძლოს ღირსეულად წარმოადგინოს სომხეთი საზღვარგარეთ,
- უნდა ფლობდეს უცხო ენებს,
- უნდა ჰქონდეს ფართო კავშირები სომხეთში და დიასპორის თანამემამულე წარმომადგენლებს შორის,
- უნდა სარგებლობდეს ავტორიტეტით,
- მიუკერძოებელი,
- პოლიტიკაში რომ არასდროს ყოფილა ჩართული,
- უპარტიო.
ადამიანს, რომელიც იდეალურად შეეფერება ამ აღწერილობას, ექსპერტები ჯერ ვერ იხსენებენ. მათი აზრით, სერჟ სარგსიანმა შემთხვევით არ განაცხადა, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც წარსულში პოლიტიკაში არ ყოფილა ჩართული. ამგვარად მან „თამაშიდან“ გამორიცხა რამდენიმე პოტენციური პრეტენდენტი.
ამ განცხადებამდე ექსპერტთა წრეებში სამი მეტ-ნაკლებად სავარაუდო კანდიდატი განიხილებოდა:
- საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი,
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გაგიკ არუტიუნიანი,
- მთიანი ყარაბახის ყოფილი პრეზიდენტი არკადი გუკასიანი.
ამავე დროს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ სომხეთის შემდეგი პრეზიდენტი პოლიტიკისგან შორს მდგომი პირი არ უნდა იყოს.
„პროტოკოლით რამდენადაც სიმბოლური არ უნდა იყოს პრეზიდენტის როლი, ის არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური, არ შეიძლება არ დაკავდეს პოლიტიკური პროცესებით. ეს ალოგიკურია. სომხეთში, ალბათ, არ არის არცერთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკასათან არ აქვს შეხება. საზოგადო მოღვაწეობაც პოლიტიკოსობაა, ისევე, როგორც, დიპლომატიური სამსახური. დამლაგებელს ხომ ვერ ავირჩევთ, პოლიტიკასთან რომ არ იყოს დაკავშირებული?“ – ბრძანა პოლიტიკურმა კონსულტანტმა არმენ ბადალიანმა.
სერჟ სარგსიანის თანაპარტიელები ირწმუნებიან, რომ ჯერ არ განუხილავთ პრეზიდენტობის კანდიდატურის საკითხი და მხოლოდ დისკუსიის შემდეგ გადაწყდება ვინ დაიკავებს ამ პოსტს.
„ისე არ არის, რომ პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება და ჩვენ მხოლოდ ერთ კანდიდატს განვიხილავთ. შეიძლება ავარჩიოთ ერთი რამდენიმე კანდიდატიდან“, – განაცხადა მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მათი კანდიდატის სახელს ახლო მომავალში გამოაცხადებენ. პრეზიდენტობის ამ კანდიდატის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, გამოვა სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნი, რომელიც მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შედის.
უფრო მეტიც, დეპუტატების რაოდენობით მეორე საპარლამენტო ფრაქცია „ცარუკიანმა“, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, შეიძლება პრომმართველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ბლოკ „ცარუკიანის“ ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა გარიკ ცარუკიანმა ეს შემთხვევა არ გამორიცხა და თქვა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია.
ოპოზიციას პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავს, მაგრამ მანდატების საკმარისი რაოდენობა არ აქვს
პარლამენტის მეორე ოპოზიციურმა ძალამ – ფრაქცია „ელკმა“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოაცხადა, ეს დეპუტატი და იურისტი არტაკ ზეინალიანია.
მაგრამ ბლოკ „ელკს“ არ აქვს საკმარისი რაოდენობის მანდატები, რომ არტაკ ზეინალიანის კანდიდატურა წამოაყენოს. კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატი შეუძლია წამოაყენოს პოლიტიკურ ძლას, რომელსაც პარლამენტის მანდატების მეოთხედი აქვს. მანდატების საკმარისი რაოდენობის მისაღებად, ფრაქცია „ელკმა“ უკვე მიმართა ბლოკ „ცარუკიანს“ თხოვნით, მხარი დაუჭირონ მათ ალტერნატიულ კანდიდატს. თუმცა კოლეგა-ოპოზიციონერებისგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც 40 წელი შეუსრულდა, არის სომხეთის მოქალაქე უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს სომხეთში, აქვს ხმის მიცემის უფლება და კარგად ფლობს სომხურ ენას.
პრეზიდენტს ირჩევენ 7 წლის ვადით და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი. ამიერიდან პრეზიდენტს არ შეუძლია დაიკავოს ეს პოსტი ერთზე მეტი ვადით.