პასუხი რუსეთში ვანდალიზმის აქტზე: ერევანში გრიბოედოვის ძეგლს საღებავი შეასხეს
ერევანში რუსი პოეტის, დრამატურგისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლს წითელი საღებავი შეასხეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე 2 დეკემბერს საღამოს პირველმა განაცხადა თავად შაგენ არუთიუნიანმა, რომელმაც ვანდალიზმის აქტი განახორციელა. ის რადიკალური ნაციონალისტური პარტიის „ცეხაკრონის“ მეთაურის შანტ არუთიუნიანის ვაჟია.
ახალგაზრდა წერდა, რომ ამით მან შური იძია სომხეთის ეროვნული გმირის, გარეგინ ნჯეს სამახსოვრო დაფის გამო, რომელსაც ქალაქ არმავირში დეპუტატმა ალექსეი ვინოგრადოვმა საღებავი შეასხა. მოგვიანებით ეს დაფა მოხსნეს.
3 დეკემბრის დილისთვის გრიბოედოვის ძეგლი უკვე გაწმინდეს. თუმცა, აქტივისტის ქმედება Facebook-ის სომხური სეგმენტის ბევრმა მომხმარებელმა ვანდალიზმად შეაფასა. თავად არუთიუნიანი თავის ნაბიჯს „ადეკვატურად“ მიიჩნევს. პოლიცია კი ძეგლის დაზიანების თაობაზე მასალებს ამზადებს.
ინციდენტის შესახებ ოფიციალური მოსაზრება სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ვლადიმირ კარაპეტიანმა გამოთქვა. მან განაცხადა:
„სომხეთის საზოგადოებაში ვანდლიზმი არ უნდა გამოვლინდეს… ჩვენ მომხდარს ვგმობთ“.
ინციდენტის წვრილმანები
თავიდან შაგენ არუთიუნიანმა სოციალურ ქსელში დათხვრილი ძეგლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ყურადღება! ეს-ესაა რუსეთის იმპერიის ელჩის, მწერალ გრიბოედოვის ქანდაკებას საღებავი შევასხი, გარეგინ ნჯეს მემორიალური დაფის შეღებვის საპასუხოდ. დაწვრილებით, მოგვიანებით – პირდაპირ ეთერში“.
ოდნავ მოგვიანებით, პირდაპირი ჩართვის დროს მან თავისი ქმედება შემდეგი მიდგომით ახსნა – „თვალი თვალის წილ“. მეტიც, მან განაცხადა, რომ საკუთარ ქმედებას ვანდალიზმის აქტად არ მიიჩნევს, თავის საქციელს „ნაფიქრი აქცია“ და „ადეკვატური“ რეაქცია უწოდა. ამავდროულად, შაგენ არუთიუნიანმა თავისი ქმედება ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობითაც განმარტა.
თავის გამოსვლაში მან ასევე ახსნა, თუ რატომ ჩაატარა აქცია სწორედ იმ დღეს:
„მე ეს 2 დეკემბერს გავაკეთე – სომხეთის ბოლშევიზაციისა და ბაქოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის დღეს“.
სხვათა შორის, შაგენ არუთიუნიანი ახლახან გაათავისუფლეს მმართველი პარტიის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატის ერჯანიკ აკოპიანის თანაშემწის თანამდებობიდან.
რით დაიწყო ყველაფერი
13 ნოემბერს სომხეთისა და რუსეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არმავირის საქალაქო დუმის დეპუტატმა ალექსეი ვინოგრადოვმა სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე შეაღწია და სომხეთის ეროვნული გმირის, გარეგინ ნჯესადმი მიძღვნილ სამახსოვრო დაფას შავი საღებავი შეასხა.
თავის ქმედება მან იმით ახსნა, რომ 11 ნოემბერს ამოიწურა ორწლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე „რუსეთის სომეხთა საბჭოს“ ადგილობრივი განყოფილების წარმომადგენლები, თითქოს საზოგადოებას ნჯესადმი მიძღვნილი დაფის მოხსნას დაჰპირდნენ.
მოგვიანებით რუსეთში სომხეთის საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარით გამოვიდა და ინციდენტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა.
„არმავირის (კრასნოდარის მხარე) საქალაქო დუმის დეპუტატის ა.ვინგრადოვის ქმედება ჩვენს მიერ ფასება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტად, და თვითნებობად, რაც დადგენილ კანონიერ წესრიგს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ Facebook-ზე გაკეთებულ განცხადებაში.
30 ნოემბერს კი დაფა მოხსნეს.
მოსაზრება რუსეთში სამახსოვრო დაფის მოხსნის თაობაზე
გარეგინ ნაჯესადმი მიძღვნილი სამახსოვრო დაფის მოხსნის ისტორიას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა „უცნაური“ უწოდა:
„იყო ადგილობრივი სათვისტომოს კომენტარიც იმის თაობაზე, რომ მოხსნა აღდგენის მიზნით მოხდა. ჩვენ ინფორმაციის სრული მოცულობა გვესაჭიროება და ახლა ჩვენს კოლეგებთან ერთად ამ მიმართულებით ვმუშაობთ“.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ინციდენტი ეკლესიის ტერიტორიაზე მოხდა:
„მე ჩემს კომენტარებში ფრთხილი უნდა ვიყო, და ბუნებრივია, რომ არ მსურს ეს საკითხი რელიგიური უმცირესობების სფეროში გადავიდეს. ამ მიზეზით, ჩვენ დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება და სიტუაციას თვალ-ყურს მივადევნებთ“.
ვინ არის გაერგინ ნჯე
გარეგინ ტერ-არუთიუნიანი ცნობილი იყო ფსევდონიმით ნჯე (ითარგმნება როგორც „მოხეტიალე“) – სომეხი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 20-ე საუკუნის დასაწყისის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე.
ის ცნობილია როგორც სომხეთის ეროვნული იდეოლოგიის კონცეფციის დამფუძნებელი. ავტორმა მას – სომხური სიტყვების – „გვარი“ და“რელიგია“ – ფუძეების შეერთებით ცეხაკრონიზმი უწოდა.
ნჯე გვაროვნულ პატრიტიოზმს უწევდა პროპაგანდას, მას ის „უცხო გარემოს წინააღმდეგ, რომელიც საკუთრივ გვარის არსებობას ეწინააღმდეგება, ბუნებრივ და ლოგიკურ რეაქციად მიაჩნდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც საბჭოთა სომხეთში თურქეთის შეჭრის საფრთხე გაჩნდა, ნჯემ ნაცისტურ გერმანიასთან გააბა კავშირები. ის ხვდებოდა რეიხსმინისტრს, ოკუპირებული აღმოსავლეთი ტერიტორიების სამინისტროს ხელმძღვანელ ალფრედ როზენბერგს და ვერმაჰტის შემადგენლობაში სომხური ნაწილების შესაქმნელად თავის მონაწილეობას სთავაზობდა.
მოგვიანებით ნჯემ იოსებ სტალინისადმი მიწერილ წერილში გერმანელებთან თანამშრომლობის ორი მიზეზი დაასახელა: ის თავის ანტითურქულ პოზიციასა და იმ სურვილზე წერდა, რომ უნდოდა სომხები ებრაელების ბედისგან ეხსნა, ასევე იმაზე, რომ საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შეჭრასა და „სომხეთის დარჩენილი ნაწილის გენოციდს“ ვერ დაუშვებდა.
ნჯეს ბიოგრაფიის სწორედ ეს ფაქტი რუსეთში ჯერ კიდევ დაგმობისა და განხილვის საგანს წარმოადგენს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთში შეიქმნა პარტიები, რომელთა ძირითად იდეოლოგიას ცეხაკრონიზმის კონცეფცია წარმოადგენდა. ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ მას ასევე მხარს უჭერდა.
არუთიუნიანის ოჯახის პოლიტიკური შეხედულებები
პარტია „ცეხაკრონი“, რომელიც შანტ არუთიუნიანმა დააარსა, გარეგინ ნაჯეს იდეოლოგიის სახელწოდებას ატარებს.
შანტ არუთიუნიანი ყოველთვის რადიკალურ შეხედულებებს იზიარებდა და სომხეთის ყველა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციაში იყო.
2013 წელს მან თავის თანამოაზრეებთან ერთად ერევნის თვისუფლების მოედანზე „ანონიმების აღლუმი“ გამართა. ისინი ეგრეთ წოდებული „ფასეულობების რევოლუციის“ მოწყობას ცდილობდნენ, რის შედეგადაც მარშის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
არუთიუნიანი და მისი თანამოაზრეები დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ამ საქმის გამო 14 ადამიანი იყო მსჯავრდებული. 2018 წლის ნოემბერში არუთიუნიანი ამნისტიით გათავისუფლდა.
მისი ვაჟი შაგენ არუთიუნიანი, რომელმაც გრიბოედოვის ქანდაკება შეღება, ასევე აქტივისტია. ის პირველად 2013 წელს დააპატიმრეს, როდესაც მხოლოდ 14 წლის იყო.
ამავდროულად უმცროსი არუთიუნიანი ატარებს თვისი ბაბუის სახელს, რომელმაც 1966 წელს საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა ეროვნული გაერთიანებული პარტია დააარსა. ის ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ციხეში ორჯერ მოხვდა, შემდეგ კი დეპორტირებული იყო.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
ძეგლისთვის საღებავის შესხმასთან დაკავშირებული ინციდენტი Facebook-ისა და Telegram-ის სომხურ სეგმენტში ნომერ პირველ სამსჯელო თემად იქცა.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„აქტივისტის ქმედებები რუსეთის მედიაში მორიგი ანტისომხური მასალების საბაბად იქცევა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამაზე კითხვას დაუსვამს ზახაროვას, რომელიც იტყვის, რომ ეს“ვანდალიზმის აქტია“. ხოლო ანტისომხური განწყობის რუსი ექსპერტები სომხეთისა და მისი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას დაიწყებენ. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ პარლამენტში სამსახურდაკარგულ შაგენ არუთიუნიანს ძალიან უნდოდა საინფორმაციო ველზე მოხვედრა“;
„მთელ ამ ისტორიაში ერთი პოზიტიური მომენტი არსებობს – ამ სულელური ვანდალური აქტის მიმართ საზოგადოების ნეგატიური რეაქცია, რუსეთისა და მისი პოლიტიკისადმი არცთუ პოზიტიურად განწყობილებისაც კი. ხოლო ნჯეს საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მედიასა და ხელისუფლებასთან კომპლექსური მუშაობაა საჭირო“;
„მთელ ამ ისტორიაში დადებითი მომენტი იქნება, როდესაც ამ არარაობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ და შესაბამისი მუხლის მიხედვით მიუსჯიან“;
„სირცხვილი! ჩვენს საზოგადოებას ვანდალიზმიღა აკლდა!“;
„ყველა შაგენს აკრიტიკებს. თუკი რუსული დიასპორა „მთავარი სომეხის“ მიმართ არაფერს აკეთებს, თუკი მთელი სომხობა ფედოსიაში საფლავის აღების გამო არაფერს აკეთებს, თუკი უფროსი დეიდები და ბიძიები არაფერს აკეთებენ, თუკი რუსები ჩუმად არიან, მაშინ „ახალგაზრდობა“ მოქმედებს. პირველ რიგში თქვენივე თავი დაადანაშაულეთ, და არა ახალგაზრდა, რომელსაც სისხლი უდუღს იმ სასოწარკვეთილებისგან, რომელშიც თქვენ ჩააგდეთ“;
„მოგმართავთ ყველას, იმ სომხებს,რომლებიც შაგენ არუთიუნიანს ვანდალს ან რაიმე სხვას უწოდებთ. როგორ აფასებთ გრიბოედოვის ამ სიტყვებს: „რა საძაგელი მოდგმაა ეს სომხები!“;
„გრიბოედოვი ქედმაღლური და ზიზღიანი დამოკიდებულებით არის ცნობილი იმ რეგიონისა და მისი მცხოვრებლებისადმი, სადაც ის მუშაობდა; რისთვისაც აგო კიდეც პასუხი. რასაკვირველია – გადაჭარბებით. უბრალოდ გატყეპვაც საკმარისი იქნებოდა“.
„სოლოვიოვმა ახალი ამბების სასწრაფო გამოშვების მზადება დაიწყო, თუ როგორ გააკრეს ჯვარს სომეხმა ბანდერებმა გრიბოედოვი ჯვარს“;
„იმ ბიჭის დაბალ ღობედ გადაქცევას, რომელსაც გრიბოედოვი თვალში არ მოსდის, აზრი არ აქვს. ნჯესთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ მოსალოდნელი ქმედება იყო. უბრალოდ, სხვა სიმბოლოების რიგში გრიბოედოვი ყველაზე „უკიდურესი“ აღმოჩნდა“.