სომხეთი: უმრავლესობა მთავრობას იწონებს, მაგრამ იმატა უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობამაც
რესპონდენტების 76 პროცენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მუშაობით კმაყოფილია, 63 პროცენტი – ეროვნული საკრებულოს საქმიანობას დადებითად აფასებს.
ეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის შედეგებია. ეს ციფრები ხელისუფლების მუშაობის მოწონების საკმაოდ მაღალ დონეზე მეტყველებს, თუმცა ამავდროულად, გამოკითხვამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებაც დააფიქსირა.
კერძოდ, გამოკითხულთა 27 პროცენტი მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად ცუდ მმართველობას მიიჩნევს. და ასეთების რაოდენობა ხუთი პროცენტით მეტია, ვიდრე სულ ახლახან, 2019 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის დროს.
• რევოლუციის შემდეგ: ახალ სომხეთში ცხოვრების პირველი წელიწადი
• სომხეთში შიშობენ, რომ მთავრობა მკაცრი ცენზურის შემოღებას ცდილობს
რით არიან კმაყოფილები სომხეთის მაცხოვრებლები
მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა მიიჩნევა:
• გამოკითხულთა 66 პროცენტს მიაჩნია, რომ მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისთვის საკმარის ნაბიჯებს დგამს;
• 70 პროცენტს ეს ბრძოლა ეფექტიანად მიაჩნია;
• 30 პროცენტი მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად კორუფციის შემცირებას მიიჩნევს.
მოსახლეობის უმრავლესობა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობით ინტერესდება:
• გამოკითხულთა 82 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს რეფორმა პრიორიტეტული უნდა იყოს;
• 60 პროცენტი მოელის გარდამავალი მართლმსაჯულების ამოქმედებას, რომელიც წინა ხელისუფლების ყველა დანაშაულს გამოიძიებს – კორუფციით და უკანონოდ გამდიდრებით დაწყებული, ადამიანის უფლებების დარღვევისა და არჩევნების გაყალბების ჩათვლით
ადამიანებს პოზიტიურ ცვლილებებად მიაჩნიათ:
• ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება (19 პროცენტი);
• დემოკრატიის დამყარება (13 პროცენტი);
• სომხეთის პოლიტიკური არენიდან ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წასვლა(13 პროცენტი).
რით არიან უკმაყოფილოები სომხეთის მცხოვრებლები
რესპონდენტები ყველაზე მეტად იმაში არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრება (29 პროცენტი, წინა 18 პროცენტთან შედარებით).
ისევ მატულობს მათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (38 პროცენტი, წინა 30-თან შედარებით).
ამავდროულად იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად ცუდი მმართველობა მიაჩნიათ, 27 პროცენტს შეადგენს. ეს მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ხუთი პროცენტით მეტია.
კომენტარი
პოლიტოლოგი გრანტ მიქაელიანი
თვის Facebook-გვერდზე
„მოთხოვნა რევოლუციაზე ამოწურული სულაც არ არის, რასაც, ჩემი აზრით, დესტაბილიზაცია ახლავს“.
საქმიანობის მოწონება ყოველთვის ნდობას არ ნიშნავს.
„მაგალითად, კარაპეტიანის საქმიანობას [საუბარია კარენ კარაპეტიანის შესახებ, რომელიც 2016-დან 2018 წლამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო -JAMnews] 2017წლის ივლისში 71,7 პროცენტი იწონებდა, ნდობა კი ნაკლებს ჰქონდა – 63,4 პროცენტს. გამორიცხული არ არის, რომ ფაშინიანის მიმართ ნდობაც მოწონებაზე ნაკლები იყოს“.
„2018 წლის თებერვალ-აპრილში ჯარს 83 პროცენტი ენდობოდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მისი სქმიანობის მოწონების დონემ 74 პროცენტი შეადგინა. ეს ვარდნა ჯარისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების საქმიანობის, ასევე „ერკრაპის“ [1993 წელს შექმნილი მოხალისეთა კავშირი – JAMnews] ლიდერის მანველ გრიგორიანის მიმართ კორუფციული მხილებების ფონზე ხდებოდა. თუმცა, საბოლოოდ სიტუაცია დასტაბილურდა, თანაც პრემიერ-მინისტრმა ჯარისადმი ნდობის ასამაღლებლად რიგი ძალისხმევა გასწია, და ახლა მისი საქმიანობის მოწონება 91 პროცენტია“.
• მსხვილი კორუფციული მხილება სომხეთში – ცნობილი დეპუტატი, სავარაუდოდ, ჯარისკაცების ულუფებს იპარავდა