სომეხი მოქლაქე საკუთარი სახელმწიფოსგან მილიონ ევროზე მეტ კომპენსაციას მიიღებს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სომხეთს ქვეყნის 83 წლის მოქალაქისთვის, იური ვარდანიანისთვის 1,6 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს თანხა აჭარბებს იმ კომპენსაციების საერთო ოდენობას, რაც 2007 წლიდან 2018 წლამდე სომხეთის წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტებით დადგინდა.
• ხუთი ისტორია მათ შესახებ, ვინც სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოახდინა
ვის და რისთვის გადაუხდიან
2007 წელს ერევნის ბიუძანდის ქუჩა, ნომერ 13 სახლში მცხოვრებლებმა – იური ვარდანიანმა, არტაშეს ვარდანიანმა და შუშანიკ ნანუშიანმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათ განაცხადეს, რომ მათი საკუთრება, კერძოდ კი: სახლი და მიწის ნაკვეთი – სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ, და რომ მათ ამისთვის შეუსაბამო კომპენსაცია – მხოლოდ თავიანთი საკუთრების ნაწილის საფასური მიიღეს.
2000-იან წლებში დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში სახლებს ანგრევდნენ, რადგან გადაწყდა, რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის გამზირი აშენებულიყო. მისი მშენებლობის დროს დაზარალდა ერევნის მცირე ცენტრის ასობით მაცხოვრებელი, რომლებიც აიძულეს, რომ მწირი კომპენსაციის სანაცვლოდ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
• ახალი ერევანი ძველს ანადგურებს
კერძოდ, ოჯახს, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, კომპენსაციის სახით, საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე ნაკლები თანხა გადაუხადეს. დადგენილია, რომ კუთვნილი 176 მილიონი დრამის ($570 ათასი) ნაცვლად, ვარდანიანებმა 54 მილიონი დრამი ($111 ათასი) მიიღეს.
რაც შეეხება მიწის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას, ის მათთვის საერთოდ არ გადაუხდიათ. ასეთი გადაწყვეტილება იმით იყო დასაბუთებული, რომ მიწის ნაკვეთი ვარდანიანების საკუთრებას არ წარმოადგენდა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ იური ვარდანიანისა და მისი ოჯახის უფლებების დარღვევა ჯერ კიდევ 2016 წელს აღიარა.
მაშინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სომხეთის საკასაციო სასამართლოს მოსამართლე არმან მკრტუმიანი არაობიექტურობასა და იმაში დაადანაშაულა, რომ მან ადამიანის სამართლიანის სასამართლო განხილვის უფლება დაარღვია.
სომხეთში ამ ფაქტს აქტიურად განიხილავდნენ, და პროფესიული საზოგადოებრიობა მოთხოვნითაც კი გამოვიდა, რომ მკრტუმიანს თანამდებობა დაეტოვებინა. თუმცა, მოსამართლე არ ჩქარობდა, და თანამდებობა მხოლოდ 2018 წლის „ხავერდოვანი“ რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.
2019 წლის ივლისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.
„ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის საფასური“
ევროპის სასამართლოში სომხეთის წარმომადგენელი ეგიშე კირაკოსიანი რადიო „აზატუტიუნთან“ („თავისუფლება“) ინტერვიუში იმის შესახებ მოჰყვა, თუ რას აპირებს სომხეთის ხელისუფლება მას შემდეგ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა:
„რასაკვირველია, ეს არის ვალდებულება, რომელიც სომხეთმა მაშინვე უნდა გადაიხადოს. უპირობო ვალდებულება. მოცემულ მომენტში მთავრობა [გადახდის] შესაძლო ვარიანტებს განიხილავს, სახელმწიფო ბიუჯეტის დატვირთულობის გათვალისიწინებით, რათა ბიუჯეტზე ეს გავლენა შერბილდეს. მაგალითად, ნაწილ- ნაწილ გადახდით“…
თუმცა, თუკი განმცხადებელი ამ წინადადებას არ დაეთანხმება, მაშინ, კირაკოსიანის თქმით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ თანხა მთლიანად გადაიხადოს.
ინციდენტის შესახებ საზოგადოებაშიც მსჯელობენ. ადამიანები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ახლანდელი მთავრობა იძულებულია, რომ გადასახდელების გადამხდელთა ჯიბიდან უზარმაზარი ჯარიმა გადაიხადოს იმ დარღვევისთვის, რომელიც წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.
ეგიშე კირაკოსიანმა ასევე განმარტა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ვალდებულია, რომ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება:
„ეს ვალდებულება არსებობს, და სომხეთის რესპუბლიკა პასუხს აგებს. არა [კონკრეტული] მთავრობა – ნიკოლ ფაშინიანის ან ნებისმიერი სხვა… რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი თანხის გადახდაა საჭირო. მაგრამ იმის დაფიქსირებაც საჭიროა, რომ ჩვენ იმ უფლების კონკრეტული დარღვევისთვის ვიხდით, რომელიც მოხდა. და როგორც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ამღები სახელმწიფო, უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რომ ეს, ერთგვარად, უფლებების დარღვევის საფასურია“.