სომხეთის ქალაქ გიუმრიში აღადგინეს უძველესი ქუჩა, რომელიც ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ის ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო.
ამ მიზეზით გიუმრიში საზეიმო ცერემონია ჩატარდა – ყველა სტუმარს ფახლავით და ქადით უმასპინძლდებოდნენ, ქუჩებში ქართულ ცეკვა „კინტოურს“ ცეკვავდნენ, ბევრი ეროვნულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, და ქალაქის ქუჩებში ძველი ფაეტონით სეირნობაც შეიძლებოდა.
წინათ გიუმრის კუმაირი ერქვა, დღეს კი ასე უწოდებენ ცენტრს – „ძველ ქალაქს“.
„ეს ჩვენი ქალაქის გულია. ასეთი ლამაზი ადგილი სხვაგან სად არის? ამ ქუჩაზე თითოეული ქვა, თითოეული ქვეფენილი მეფეების დროინდელია. კარგია, რომ ახლა ეს ყველაფერი აღადგინეს“, – უთხრა JAMnews-ს გიუმრის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
სხვა ადგილობრივმა მცხოვრებელმა გიუმრი „ღია ცის ქვეშ მუზეუმს“ შეადარა. რადგანაც რუსთაველის ქუჩა დაინგრა – მუზეუმი დროებით დაიკეტა, – თქვა მან:
„ახლა კი შეგვიძლია ამაყად ავწიოთ თავები და უფრო თავდაჯერებულად წარვუდგინოთ მსოფლიოს ის, რაც გვაქვს“.
ისტორიულ რაიონ „კუმაირიში“ არის მუზეუმი- ნაკრძალი, რომელშიც 1000 ჰა-ზე მეტი ტერიტორია შედის. იქ 1600-ზე მეტი ძეგლია წამოდგენილი.
რუსთაველის ქუჩიდან ჯერ კიდევ ბევრი წლის წინათ გაიტანეს ძველისძველი ქვაფენილი, რომლითაც ის იყო მოკირწყლული. ადგილობრივი ჟურნალისტური კლუბის „ასპარეზის“ ხელმძღვანელი ლევონ ბარსეგიანი მაშინ ჰყვებოდა, რომ ქვაფენილი „შავი ციხესიმაგრის“ სახელით ცნობილი კომპლექსის ტერიტორიაზე გადაიტანეს. ბარსეგიანის თქმით, ეს „ციხესიმაგრე“ მოქმედი მერის ოჯახს ეკუთვნის.
ახლა რუსთაველის ქუჩაზე გრანიტი დააგეს, გრძელი სკამები დადგეს, ყვავილებით მორთეს და გაანათეს.
„ქუჩა ძალიან ნათელი და კოლორიტული გახდა“, – თქვა გახსნის ცერემოანიაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.
იგეგმება, რომ გიუმრის ისტორიულ ცენტრში ხელოვნებისა და დასვენების ცენტრები გაიხსნება, ასევე – ძველებურ სტილში გაფორმებული სახელოსნოები.