სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
სომხეთის პარლამენტის სხდომას, რომელზეც პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაამტკიცეს, 93 დეპუტატი ესწრებოდა. აქედან 77 დეპუტატმა სარგსიანს მხარი დაუჭირა. სარგსიანი ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე. ის მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” წამოაყენა. ამ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა აქვს და საკმარისზე მეტი მანდატები იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის დახმარების გარეშე დანიშნოს.
სარგსიანმა მადლობა უთხრა პარლამენტს ნდობისთვის და თქვა, რომ ამ დიდი პასუხისმგებლობის არ ეშინია.
ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ქვეყნის დედაქალაქში მრავალათასიანი მიტინგებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობდა.
მეხუთე დღეა ერევანში ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. პროტესტს, რომელსაც პარტია “სამოქალაქო თანხმობა” და მისი ლიდერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი უდგას სათავეში, ათასობით ადამიანი შეუერთდა.
ცოტა ხნის წინ სომხეთში კონსტიტუცია შეიცვალა და ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა, რომელსაც სუსტი პრეზიდენტი და ძლიერი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, რომელიც 17 აპრილს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია, კონსტიტუცია საკმაოდ დიდ , თითქმის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს. დემონსტრანტები, რომლებიც უკვე მეხუთე დღეა სომხეთის დედაქალაქში აქციებს მართავენ, ცდილობდნენ, რომ სწორედ სარგსიანის გაპრემიერება ჩაეშალათ.
პრემიერის დანიშვნის მიუხედავად, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლა პაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა “ხავერდოვანი რევოლუციისთვის” ემზადება. პოლიცია იმუქრება, რომ აქციას ძალის გამოყენებით დაშლის. ამ დროისთვის ერევნის ქუჩებში ათასობით მომიტინგე რჩება.
რა ხდებოდა დღის განმავლობაში
აქციის მონაწილეები ორგანიზატორებთან ერთად ერევნის ცენტრში მსვლელობას აწყობენ, და ქუჩების გადაკეტვას აგრძელებენ.
09:00, 17 აპრილი
დილიდან ახალი ამბების სააგენტო „არმენპრესმა“ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ 16 აპრილს პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ პაშინიანის მიერ ორგანიზებული დაუმორჩილებლობის აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, და მოითხოვა, რომ მას ეს ინფორმაცია მოძრაობის მონაწილეებისთვის გადაეცა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დემონსტრაციის დაშლა მოხდება, და შესაძლოა, სპეციალური საშუალებები გამოიყენონ.
პოლიციამ ორგანიზატორებს მოუწოდა, „არ გააგრძელონ უკანონო აქცია“, რათა ძალის გამოყენება თავიდან აირიდონ.
ჯერჯერობით ქუჩები გადაკეტილია, და აქციის მონაწილეები მათ ისევ ინარჩუნებენ.
ქალაქში გადასაადგილებლად ბევრი ველოსიპედებზე გადაჯდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 17 აპრილს 12:00 პარლამენტში დანიშნულია პრემიერ-მინისტრის, ანუ სომხეთის მომავალი პირველი პირის არჩევნები. ოპოზიციამ 13 აპრილიდან გამოაცხადა და ატარებს დაუმორჩილებლობის უვადო აქციას, რათა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციონ და დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და ხმის მიცემის საშუალება არ მისცენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის ნიკოლ პაშინიანის ჩანაფიქრით, აუცილებელია, რომ პარლამენტში კენჭისყრა ორჯერ ჩაიშალოს. მაშინ ამოქმედდება კონსტიტუციის მუხლი, რომლის თანახმადაც, პრემიერის არჩევნების ორჯერ ჩაშლის შემდეგ პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დაკარგავს, და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. იდეალურ შემთხვევაში, ხალხი პარლამენტის სხვა შემადგენლობას აირჩევს, რომელშიც უმრავლესობა არ ეყოლება ახლანდელ მმართველ პარტიას, რომლის ლიდერი სერჟ სარგსიანია და რომლის მმართველობის წინააღმდეგაც არის ორგანიზებული ეს აქცია.
თუმცა, გაირკვა, რომ აქციის მიზანი – ქუჩის აქციების საშუალებით კენჭისყრა არ დაუშვან, შესაძლოა, სასურველ შედეგამდე ვერ მივიდეს. ამის შესახებ კონსტიტუციის თანაავტორმა ვარდან პოღოსიანმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: თუკი კენჭისყრა ოპოზიციის მიერ შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო არ შედგება, მაშინ ეს მუხლი არ ამოქმედდება. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუკი არჩევნები ორჯერ კენჭისყრის შედეგების მიხედვით არ შედგება.
მმართველი პარტიისა და ასევე პოლიციის მხრიდან ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციის, ქალაქის ცენტრში სადღეღამისო მიტინგებისა და გზების გადაკეტვის მიმართ ხაზგასმულად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორით აიხსნებოდეს.
წინა დღეს ოპოზიციონერები არჩევნების ჩატარების ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავდნენ: დეპუტატები კენჭისყრას სადმე სხვაგან, პარლამენტის გარეთ გამართავენ, ან შენობაში ღამეს გაათენებენ. თუმცა, კონსტიტუციის თანაავტორმა ვარდან პოღოსიანმა განმარტა, რომ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შესაძლებელია არჩევნების გადადება და კარენ კარაპეტიანის მთავრობა, რომელიც ახლა მინისტრთა კაბინეტის მოვალეობას ასრულებს, მანამდე შეძლებს მოვალეობის შესრულებას, ვიდრე ახალ პრემიერს აირჩევენ.