ეროვნული საკრებულოს დეპუტატებმა დღეს სხდომათა დარბაზში დაწყებული დისკუსიის შემდეგ იჩხუბეს. ინციდენტი მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის დეპუტატ არტაშეს გეგამიანსა და ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ (თარგმანით „გამოსავალი“) ხელმძღვანელ, ნიკოლ პაშინიანს შორის მოხდა.
თავიდან ნიკოლ პაშინიანმა ინციდენტის კომენტირებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ ეს თქვა: „არტაშეს გეგამიანი – არტაშეს გეგამიანია“.
მაგრამ შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ზე პუბლიკაცია გამოაქვეყნა: „ეს-ესაა ეროვნული საკრებულოს დერეფანში არტაშეს გეგამიანი მუშტებით თავს დამესხა. მე შევძელი თავი დამეცვა, და ერთი-ორჯერ ფეხსაცმელი შევახოცე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ასეთ პირობებში მიწევს მუშაობა“.
თუმცა, არტაშეს გეგამიანი უარყოფდა, რომ ვინმეს მუშტებით დაესხა თავს. მისი თქმით, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, „პაშინიანი, სულ მცირე, საავადმყოფოში იქნებოდა გადაყვანილი“, რადგან ის სამი წლის განმავლობაში კრივში ვარჯიშობდა.
ოპოზიციური დეპუტატი კი ისევ ამტკიცებდა, რომ თავდასხმა მოხდა:
„ეროვნული საკრებულოს დერეფანში არტაშეს გეგამიანი ხულიგანივით მუშტებით დამესხა თავს. საინტერესო ის არის, რომ ახლა ის ყველაფერს უარყოფს. მინდა ვთქვა, რომ იქ მოწმეები იყვნენ. ჩვენ მმართველი რესპუბლიკური პარტიისგან ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ“.
რესპუბლიკურ პარტიაში აღნიშნეს, რომ ინციდენტი შეშფოთებას იწვევს და პირობა დადეს, რომ ამაზე იმსჯელებენ. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის მდივანმა გაგიკ მელიკიანმა თქვა, რომ ასეთი რამ მთელი მსოფლიოს პარლამენტებში ხდება, და მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა.
სხვათა შორის, პარლამენტის შენობის იმ ნაწილში, სადაც, დეპუტატის თქმით, შეხლა-შემოხლა მოხდა, სათვალთვალო კამერები არ არის.
მოგვიანებით არტაშეს გეგამიანმა მაინც აღიარა, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის თავს არავის დასხმია, არამედ „ახსნა-განმარტებით სამუშაოს ატარებდა“. დეპუტატის სიტყვებით, ამ გზით ის გამოხატავდა, რომ ბოლო დღეებში პარლამენტში განხილულ საკითხებს არ ეთანხმება.
ბოლო დღეებში კი პარლამენტი, ნიკოლა პაშინიანის ფრაქციის წინადადებით, განიხილავდა დროებით კომისიის შექმნის საკითხს, რომელსაც უნდა შეესწავლა, თუ რამდენად სასარგებლო იყო სომხეთისთვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა და არსებობს თუ არა ამ კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის საჭიროება.