სომხეთის მაცხოვრებლები კვების პროდუქტების შეძენისას ხორცზე უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე პურზე. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები მეტყველებს. ამ მონაცემების თანახმად, მინიმალური სამომხმარებლო კალათის 23,8 % ხორცზე იხარჯება, ხოლო 22% – პურზე.
ექსპერტების თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მეტ ხორცს ჭამენ – სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ეკონომისტი აიკ ბალანიანი განმარტავს, რომ მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში ხორცის ხვედრითი წილი მეტია, რადგან ხორცი პურზე ძვირი ღირს:
„მინიმალური სამომხმარებლო კალათა სომხეთში 55.000 დრამს შეადგენს (115 დოლარი). ადამიანს არ შეუძლია, რომ ამ თანხიდან ხორცზე ყოველთვიურად 13.000 დრამი (27 დოლარი) დახარჯოს, ამიტომ ადამიანები უფრო მეტ პურს და რაღაც ბოსტნეულს ყიდულობენ“.
მან გაიხსენა, რომ ამ თანხიდან კიდევ კომუნალური და ტრანსპორტის ხარჯები უნდა გამოიყოს, რაც ასევე დიდ თანხას შეადგენს.
სომეხი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება აუცილებლად უნდა გადაიხედოს და გაიზარდოს. ბოლოს ის 10 წლის წინათ გათვალეს.
„მინიმალური სამომხმარებლო კალათა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს. ის ცხოვრების დონის რეალურ ცვლილებებს უნდა ასახავდეს. მისი კომპონენტები საშუალო ფაქტობრივ მონაცემებს უნდა დაუახლოვდეს“, – მიაჩნია ექსპერტ სმბატ გრიგორიანს.
აიკ ბალანიანის სიტყვებით, მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება უნდა გაორმაგდეს. თუმცა, ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგან, ასეთ შემთხვევაში, პენსიებისა და ხელფასების გაზრდა მოუწევთ.