სიკვდილი არჩევნების გამო? ია კერზაიას საქმე
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები” [ISFED] ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს. ოჯახის წევრები მის გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, მათი აზრით, იგი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ემსხვერპლა.
“სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და მისი დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ორგანიზაციის თქმით, ინსპექტირების დაწყების საფუძველი ბუნდოვანია, დასკვნაში მოყვანილი შეფასებები კი გადაჭარბებული.
• საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კონფერენციაზე შეაფასეს. აზრები გაიყო
• გია ნოდიას თვალსაზრისი: რა გავიგეთ ამ არჩევნებით?
ია კერზაიას საქმე
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა (საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ნოემბერს გაიმართა). განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და ,,სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა” გამოავლინეს.
თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
რა წერია ანგარიშში?
,,სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის ეჭვები ჩნდება.
ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ინსპექტირების მარეგულირებელ აქტებში ბუნდოვან კრიტერიუმებზე, ინსპექტირების დაწყების ბუნდოვან საფუძველზე, ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებსა და ინსპექტირების პროცესულ დარღვევებზე.
,,სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება, აქედან 6 კი ნოემბრის თვეში – საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ჩატარდა.
,,სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს ინსპექტირებისგან.
ხელისუფლება ISFED-ის დასკვნაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშს, რომლის მიხედვით ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეში პოლიტიკური მოტივის ნიშნები იკვეთება და მას უსაფუძვლოს უწოდებს.
ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეული ვართ უსაფუძვლო განცხადებებს“.– ამბობს ირაკლი კობახიძე.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი ჩარევა პროცესში მართებული არ იქნება.
ოპოზიცია
,,ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და მის გადადგომას ითხოვს.
,,პროკურატურამ დაიწყო თითქოს გამოძიება მაგრამ შედეგი არ დაუდია, არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან.“ – ამბობს კაპანაძე.
ევროპული საქართველო ასევე ითხოვს, რომ კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მივიდეს მთავარი პროკურორი და ასევე კომიტეტის ფარგლებში შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ილუზია, რომ ხელისუფლება ია კერზაიას საქმეს გამოიძიებს.