სახელწოდება „რესპუბლიკა სამხრეთი ოსეთი – სახელმწიფო ალანიას“ მიღება, მოქალაქეების ყოფის თვალსაზრისით, არაფერს ცვლის. კერძოდ, მათ არ მოუწევთ პასპორტების გამოცვლა.
9 აპრილს სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მოქალაქეებმა მეორე სახელწოდების – სახელმწიფო ალანიას – მიღების შესახებ გამოხატეს აზრი. იდეას ხმა მისცა ამომრჩეველთა 78%-მა.
საუბარია მეორე სახელწოდების მიღებაზე და არა პირველის (სამხრეთი ოსეთი) გაუქმებაზე, – განაცხადა სამხრეთი ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.
ამიერიდან ეს ორი სახელი თანაბარმნიშვნელოვანი და იურიდიულად სწორი იქნება… ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ამ ორიდან ერთ-ერთი სახელი გამოიყენოს. ამგვარი ფორმულირება არ გვაიძულებს, რომ პასპორტები გამოვცვალოთ, ან ოფიციალურ საბუთებში შევიტანოთ ცვლილებები, ანდა უცბად შევცვალოთ ჩვენი სიმბოლიკა. საჭიროა ცვლილების შეტანა მხოლოდ კონსტიტუციის პირველ მუხლში“, – თქვა ჯიოევმა.
საქართველო, 1990 წლის საქართველო-ოსეთის კონფლიქტიდან მოყოლებული, აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სამხრეთი ოსეთი მისი ნაწილია და ამ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას „არალეგიტიმურად და ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევად მიიჩნევს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ამ აქციებს არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, ეს ყველაფერი მისაღები არ იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, და საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს“.
ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე სამხრეთი ოსეთის რეფერენდუმსა და არჩევნებს „ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის აქტივობას“ უწოდებს. მისი აზრით, „ეს ყველაფერი ორმაგ მიზანს ემსახურება – კავკასიის რეგიონზე გავლენის მოხდენას და დასავლეთთან ურთიერთობაში ამ ყველაფრის ბერკეტებად გამოყენებას“.
სტატიაშიგამოთქმულიმოსაზრებები, ტერმინებიდაპოზიციამთლიანადავტორსეკუთვნისდა, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს