ფოტოისტორია სომხეთის სამრეწველო ქალაქის, კიროვაკანი-ვანაძორის ნანგრევების შესახებ
80-იანი წლების ბოლოს კიროვაკანში მოქმედებდა 32 სამრეწველო საწარმო, რომლებიც წელიწადში 620 მილიონი რუბლის პროდუქციას აწარმოებდნენ. ქალაქს კიროვაკანი 1993 წლამდე ერქვა, შემდეგ კი ვანაძორი დაერქვა. საბჭოთა წლებში კიროვაკანი თავისი სამრეწველო პოტენციალით დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა.
• ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის პირველი შედეგები სომხეთში
• მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას ვარაუდობს
კიროვაკანის 170.000 მცხოვრებლიდან, დაახლოებით – 30. 000 სამრეწველო საწარმოებში მუშაობდა. პროდუქცია სავაჭრო ნიშნით „გაკეთებულია კიროვაკანში“ 40-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა.
1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქალაქის ყველა საწარმოს პრივატიზება მოხდა. დღესდღეობით რაღაც ნაწილი საერთოდ არ მუშაობს, ნაწილი კი მოქმედებას აგრძელებს, და უმნიშვნელო მოცულობის პროდუქციას უშვებს. კიროვაკანის სანაქებო სამრეწველო წარსულის შესახებ თითქმის აღარაფერი მეტყველებს.
აი, წარსულში მძლავრი საწარმოების შენობები, რომელთა შესახებ ადგილობრივმა ახალგაზრდობამაც კი თითქმის აღარაფერი იცის.
ქარხანა ‘არტავტომატიკა’, კიროვაკანელთა უფროსი თაობისათვის უფრო ‘რობოტების ქარხანად’ არის ცნობილი. ამ ქარხნის შესახებ ხალხმა მხოლოდ ის იცოდა, რომ აქ მაგიდის პატარა რობოტებს ამზადებდნენ. ცოტა ვინმე თუ იყო საქმის კურსში, რომ აქ დამზადებული ხელსაწყოები ქვეყნის თავდაცვისათვის გამოიყენებოდა.
თბოელექტროცენტრი. ამუშავდა 1962 წელს. ელექროენერგიასთან ერთად ცხელი წყლითა და ორთქლით ამარაგებდა არამარტო რიგ სამრეწველო საწარმოებს, არამედ საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ცენტრალური გათბობის სისტემას უზრუნველყოფდა. ბედის ანაბარად მიტოვებული ამ საწარმოს მომავალი უცნობია.
ქიმიური ბოჭკოს ქარხანა. 1957 წლიდან მშენებლობაში 13 ეროვნების ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქ წელიწადში 13 586 ტონა ბოჭკო იწარმოებოდა, ასევე – 7000 ტონა ლენტები სიგარეტის ფილტრისათვის. ამჟამად საწარმო უმოქმედოა.
ქარხანა ‘ელექტრონი’. აქ მზადდებოდა საიდუმლო ხელსაწყოები, რომლებიც თავდაცვით მრეწველობაში გამოიყენებოდა. კიროვაკანელები ხუმრობდნენ კიდეც: ‘ვამზადებთ საკერავ მანქანას და ტყვიამფრქვევი გამოდისო.’
დღეს ‘ელექტრონის’ ბაზაზე შექმნილია შპს ‘ჩინ-ვანი’, რომელიც აწარმოებს ტრაქტორებს ჩინური მარაგნაწილებით; თუმცა, წარმოების მოცულობა ძალზე მცირეა.
ქარხანა ‘პოლიმერსოსინძი’ (პოლიმერული წებო). ექსპერტების თქმით, ქარხნის მიერ გამოშვებულ წებოსა და საღებავ მასალებზე დიდი მოთხოვნილება იყო. 1987 წელს ქარხანამ 1950 ტონა პროდუქცია გამოუშვა. დღეს წარმოების მოცულობა გაცილებით მცირეა.
ქიმიური ქარხანა. ქალაქის პირველი სამრეწველო საწარმო. დაარსებულია 1929 წელს. ჯერ ექსპლოატაციაში გაუშვეს კირისა და აზოტის საამქროები, მოგვიანებით კორუნდის, კარბამიდის, მელამინისა და სხვ.
კიროვაკანის ქიმიური გიგანტის მშენებლობა 1977 წელს დასრულდა. 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ ქარხანა დროებით გაჩერდა, შემდეგ კვლავ ამუშავდა, მაგრამ მცირე მასშტაბებითა და პერიოდულობით. ახლა ქარხანა, პრაქტიკულად, არ მუშაობს. წარსულში აქ რამდენიმე ათასი კაცი საქმიანობდა, ახლა კი 200-300 თანამშრომელია, რომლებიც ტერიტორიასა და დანადგარებს იცავენ.
მუშაობის ბოლო, 1987 წელს, ქარხანამ გამოუშვა 180 000 ტონაზე მეტი სასუქი, 2 200 ტონა ამიაკი, 34 660 ტონა კალციუმის კარბიდი, 13 570 ტონა მელამინი.
ჩარხმშენებელი ქარხანა, რომლისგანაც მხოლოდ ღობის ნაწილი დარჩა. ჩარხმშენებლისა და ‘ავტოგენმაშის’ ხარატები მუდმივად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს – ვინ დაამუშავებდა ამათუიმ დეტალის უკეთ. იმ დროისთვის აქ უკვე დაიწყეს ლაზერული ჩარხების გამოშვება. ლაიპციგისა და პლოვდივის საერთაშორისო ბაზრობებზე ქარხნის პროდუქციამ ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ წინსვლა შეწყდა 1988 წელს; მიწისძვრის დროს ქარხნის შენობა დაინგრა, იყო ბევრი მსხვერპლი.
ტრიკოტაჟის ფაბრიკა. ადგილობრივების ნაამბობით, იყო შემთხვევები, როდესაც კიროვაკანელები რაღაცას შეიძნდნენ ლენინგრადში ან მოსკოვში და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ მათ კიროვაკანში დამზადებული საქონელი შეუძენიათ.
ტრიკოტაჟის ფაბრიკა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობაა, აგებულია 1921 წელს. ქარხანამ მუშაობა 5 დაზგითა და 92 მუშით დაიწყო. 1980 წელს ფაბრიკა აწარმოებდა 50 დასახელების საქონელს 70 000 ცალამდე მოცულობით.
ტექნიკური განათების ქარხანა. ცნობილი იყო თავისი დღისა და ღამის საყოფაცხოვრებო ნათურებით. ამბობენ, რომ ამ ქარხანაში დამზადებული ჭაღი თავის დროზე საუკეთესო საქორწილო საჩუქრად ითვლებოდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეს ვანაძორის სამრეწველო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 3 000 არ აღემატება.