საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციური პარტიის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა ახორციელებდა. როდესაც სამართალდამველები სააკაშვილის ბინას ჩხრეკდნენ, ოდესის ექს-გუბერნატორი რვასართულიანი კორპუსის სახურავზე ავიდა და, როგორც BBC წერს, იქიდან ჩამოხტომითაც იმუქრებოდა – მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ-გვრედზე სახურავიდან პირდაპირი ტრანსლაცია იყო ჩართული.
სპეცრაზმმა საბოლოოდ მაინც მოახერხა სააკაშვილის დაკავება – ის სახურავიდან ჩამოიყვანეს, ხელბორკილები დაადეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მიკროავტობუსში.
თუმცა, ვიდრე სააკაშვილი სახურავზე იყო, მის სახლთან უკვე ასობით მხარდამჭერმა მოასწრო მისვლა. მათ მჭიდრო ალყაში მოაქციეს მიკროავტობუსი და მისი დაძვრა სამართალდამცვლებმა ვერ მოახერხეს. სააკაშვილის მხარდამჭერები სკანდირებდნენ “მიხო”, “პოროშენკო ბარიგა”, “იმპიჩმენტი”. ისინი ასევე ყვიროდნენ, რომ სააკაშვილის დაკავება მოსკოვის პოლიტიკის ნაწილია.
მიკროავტობუსის გარშემო, სადაც სააკაშვილი იჯდა, მალე სახელდახელო ბარიკადები გაჩნდა. მხარდამჭერებმა გზა ბეტონის ფილებით დაბლოკეს და მანქანას, სადაც სააკაშვილი იჯდა, საბურავები დაუხვრიტეს.
გაიმართა ხელჩართული ბრძოლა სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებს შორის. მომიტინგეები საკვამლე მაშხალებს ისროდნენ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ეს პროცესი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და სააკაშვილის მხარდამჭერების გამარჯვებით დასრულდა. მათ მოახერხეს ოდესის ექს-გუბერნატორის მანქანიდან გადმოყვანა – ჩაამტვრიეს ავტომანქანის შუშები და გატეხეს კარი.
მიკროავტობუსიდან გამოსულ სააკაშვილს ცალ ხელზე ბორკილი ეკეთა, მეორე ხელში მეგაფონი ეჭირა და თავის მომხრეებს მიმართავდა. სააკაშვილმა მომხრეებს უკრაინის რადასთან შეკრებისკენ მოუწოდა. მიტინგის მთავარი მოთხოვნა – პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომაა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება “სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის” ჩადენა. ლუცენკოს თქმით, სააკაშვილი კიევში გამართულ საპროტესტო აქციებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, ვაქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირების დაფინანსებით მართავდა. მისი თქმით, დასტურდება ასევე ისიც, რომ სააკაშვილმა ნახევარი მილიონი დოლარი რუსეთიდან მიიღო.
კიევის დროით სამი საათისთვის სააკაშვილი უკვე უკრაინის რადასთან სიტყვით გამოდის; ის ლაპარაკობს უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულ კორუფციონერებზე და უკრაინელ ხალხს თავის ერთგულებას უმტკიცებს.
სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქცია რადასთან მშვიდობიანია. “მე უკრაინელი ხალხის გვერდით ვიდგები სულ, რადგან თქვენ დღეს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა მიტინგზე.
უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. რადასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.