ახალი ეკონომიკური სანქციები, რომლებიც აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, სომხთშიც აქტიურად განიხილება
პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ცდილობენ, გაიგონ, თუ როგორ აისახება რუსეთსა და აშშ-ს შორის შექმნილი სიტუაცია ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც სომხეთია. დაზარალდება თუ არა სომხეთი ეკონომიკური სანქციებისგან, იმის გამო, რომ რუსეთის გარშემო ჩამოყალიბებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამას არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება.
როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა დასუსტდება, და ვინაიდან სომხეთის ეკონომიკა რუსეთისაზეა დამოკიდებული, ნეგატიური შედეგები სომხეთამდე ძალიან მალე მოაღწევს.
„არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სომხეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობა რუსეთიდან ტრანსფერტებზეა დამოკიდებული. თუკი სანქციების შედეგად რუსული რუბლი გაუფასურდება, რუსეთში ინფლაცია დაიწყება და ა. შ. ეს არ შეიძლება, ტრანსფერტებზე არ აისახოს. სომხეთში მათი შემოსვლა შემცირდება, და მოსახლეობა ნაკლებ საქონელს შეიძენს“, – თქვა ეკონომისტმა ვილენ ხაჩატრიანმა.
მან აღნიშნა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სომხეთში შემოსული ტრანსფერტების მოცულობა ისედაც თითქმის ორჯერ შემცირდა: ორი მილიარდიდან 1,3 მილიარდამდე.
ეკონომისტები ასევე ამბობენ, რომ შესაძლოა, სომხეთიდან რუსეთში გამავალი ექსპორტიც დაზარალდეს, რადგან თუკი რუსეთის მოქალაეების მსყიდველობითი უნარიანობა შემცირდება, რუსეთის ბაზარზე ჩვენი საქონელი ნაკლებად გასაღდება, და სომხეთში შემოსულ იმპორტსაც იგივე ბედი ელის.
პოლიტოლოგი გევორკ მელიკიანი იმ აზრს ეთანახმება, რომ სომხეთი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან, და რუსული ეკონომიკის დაცემის ნეგატიური გავლენა გარდაუვალი იქნება. „ეს უშუალოდ აისახება სომხეთის ეკონომიკაზე. ლაპარაკია ტრანსფერტებსა და იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე“, – თქვა მან.
მელიკიანმა აღნიშნა, რომ მომხდარი სომხეთისთვის პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციისა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის გამყარების აუცილებლობის სიგნალად უნდა იქცეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის არმან ნავასარდიანის აზრით, აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ახალი ეკონომიკური სანქციების შედეგად სომხეთს გაცილებით გაუძნელდება აშშ-სა და რუსეთს შორის მანევრირება.
პოლიტოლოგი ლევონ შირინიანი კი ირწმუნება, რომ შექმნილი სიტუაცია სომხეთს ხელს აძლევს. მისი აზრით, რუსეთი სანქციების გამო იძაბება, რადგან ხვდება, რომ სამხრეთ კავკასიაში ძველებური გავლენა ვეღარ ექნება.
„რუსეთს გაძლიერებული მადა აქვს: უნდა რომ გაფართოვდეს, დონბასი დაიპყროს, უკრაინა, სომხეთი. ვერ ხედავთ, რუსეთი როგორ ფართოვდება, ბრძოლის პროვოცირებას როგორ ახდენს, რომ მიზანს მიაღწიოს? აშშ კი თავის სანქციებით მისი მადის მოთოკვას ცდილობს“, – აღნიშნა ლევონ შირინიანმა.