როდის დამთავრდება „აზერბაიჯანული ნავთობი“?
სანავთობო მრეწველობიდან მიღებული თანხები აზერბაიჯანის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 60 პროცენტს შეადგენს. ეკონომისტები, ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები პერიოდულად სვამენ კითხვას: „რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ნავთობი გათავდება?“ ექსპერტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ახლა, როდესაც 2010 წლის პიკის შემდეგ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ნავთობის მოპოვების მასშტაბები 20 პროცენტით შემცირდა. ნუთუ აზერბაიჯანული „შავი ოქროს“ მარაგი იწურება?
იანარდაღი – ბაქოს მახლობლად არსებული ადგილი, სადაც ცეცხლის ალი პირდაპირ მიწიდან ამოდის. აქ ცეცხლი არასდროს ქრება – მაშინაც კი, როდესაც წყალს ასხამენ. ეს იმიტომ ხდება, რომ აალება ზედაპირზე არ ხდება. აქ არსებული გაზი მეტისმეტად ცხელია იმისთვის, რომ წყალმა ჩააქროს.
როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი
უძველესი დროიდან ცნობილია, რომ აზერბაიჯანის მიწა, ფაქტობრივად, გაჯერებულია ნავთობითა და ბუნებრივი გაზით. მეცამეტე საუკუნეში საწვავს სათლებით იღებდნენ ჭებიდან.
1876 წელს ბაქოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე 101 ჭაბურღილი იდგა.
იმ პერიოდში ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ნავთობის საბადოები არამხოლოდ აზერბაიჯანელ, არამედ რუს და სომეხ მეწარმეებსაც ეკუთვნოდათ, რომლებიც ნავთობის პირველი ბუმის ტალღაზე ელვის სისწრაფით მდიდრდებოდნენ. ასე იწყება აზერბაიჯანული ნავთობის ისტორია.
რაზეა დამოკიდებული ის, თუ რა რაოდენობის ნავთობს მოიპოვებენ?
აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების დინამიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ მასშტაბების ზრდა და დაცემა არა იმდენად „ბუნების მოწყალებაზე“, რამდენადაც იმ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რომელსაც ადამიანები წევენ იმისათვის, რათა იპოვონ და მოიპოვონ ნავთობი. დაცემა კი ყოველთვის სხვადასხვა საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.
მეოცე საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების მცირე მასშტაბები (10 მილიონი ტონა) ფიქსირდებოდა. მაგრამ იმ პერიოდში ეს რაოდენობა მთელ მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის მოცულობის ნახევარს შეადგენდა. მოპოვების ნახევარზე მეტჯერ შემცირება პირველი მსოფლიო ომითა და მისი თანმდევი „არეულობით“ იხსნება. „არეულობაში“ იგულისხმება ის მშფოთვარე ეპოქა, როდესაც აზერბაიჯანის ახლადშექმნილი პირველი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, დაპყრობილ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
ნავთობის მოპოვების მეორე პიკური პერიოდი საბჭოთა ეპოქაზე – 1930-იან წლებზე მოდის. მაშინ აზერბაიჯანული საბადოების ასათვისებლად უზარმაზარი სახელმწიფოს პოტენციალის მობილიზება დაიწყო. ახალი საბადოების დამუშავების, გეოლოგიური დაზვერვისა და საკუთრივ მოპოვების პროცესის ორგანიზებისათვის შესაბამისი რესურსები გამოიყო. ამის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი იწყება და მოპოვების მოცულობა ისევ თითქმის ორჯერ მცირდება.
მესამე პიკური პერიოდი 1970 წელს დაფიქსირდა. მაშინ კასპიის ზღვაში ახალი საბადოები აღმოაჩინეს. ნავთობის მოპოვების მასშტაბები 20 მილიონ ტონას უტოლდება – ისევე, როგორც წინა პიკის შემთხვევაში. მომდევნო დაცემა – 10 მილიონ ტონამდე – საბჭოთა კავშირის დაშლასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებას უკავშირდება.
ნავთობის მოპოვების მეოთხე პიკი 2010 წელს – ოცდაათი მილიონი ტონა. ან 50 მილიონზე მეტი, თუკი სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მეთოდით ვიხელმძღვანელებთ და ნავთობს გაზის კონდენსატთან ერთად დავითვლით. მოპოვების ასეთი რეკორდული მაჩვენებლის მიღწევა „საუკუნის კონტრაქტის“ საშუალებით გახდა შესაძლებელი – იმ ხელშეკრულების, რომელიც აზერბაიჯანმა 7 ქვეყნის 12 მსხვილ ნავთობკომპანიასთან გააფორმა. კონტრაქტორები ნავთობს კასპიის ზღვაში მდებარე სამი საბადოდან მოიპოვებენ. ხელშეკრულების თანახმად, 2050 წლამდე 731 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვება იგეგმება.
რატომ შემცირდა ნავთობის რაოდენობა?
ნავთობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ილჰამ შაბანი ამბობს, რომ ნავთობი, მთლიანობაში, ამოწურვადი რესურსია, თუმცა, ხშირად პრაქტიკა პესიმისტური პროგნოზების უგულებელყოფის საშუალებას იძლევა.
“1949 წელს აღმოაჩინეს „ნავთობის ქვები“ – პირველი საბადო, რომელიც ღია ზღვაში იქნა ნაპოვნი. 1952 წელს ამ ობიექტზე ნავთობის საწარმოო მეთოდით მოპოვება დაიწყეს. იმ პერიოდში არსებული შეფასებებით, „სანავთობო ქვების“ რესურსი 1979-80 წელს უნდა ამოწურულიყო; თუმცა, 80 წელს გეოლოგებმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს და 2000 წელს ეს ვადა 2015 წლამდე გახანგრძლივდა. 2015 წელს გაირკვა, რომ საბადოს კიდევ უფრო ღრმა ფენებში 2035 წლამდე სამყოფი ნავთობია განთავსებული. გასულ წელს „ნავთობის ქვებზე“ დაახლოებით 1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვეს”.
ილჰამ შაბანის თქმით, ჭაბურღილში ყოველთვის რჩება ე.წ. „გეოლოგიური მარაგი“ – ანუ ნავთობი, რომლის ამოღებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია რთული გეოლოგიური კონსტრუქციის გამო. მაგრამ პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში ამოღებადობის კოეფიციენტი 50%-ს აღწევს. ასეთი მეთოდები გამოიყენება აზერი ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებზე, სადაც კომპანია ВР და მისი პარტნიორები მუშაობენ. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ზღვის საბადოებიდან ნავთობის მხოლოდ 28%-ის ამოღების საშუალება აქვს: ” ამიტომ აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის საბადოზე კიდევ 500 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვება შეგვიძლია”.
ექსპერტის თქმით, ზემოაღნიშნულის გარდა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გაზის კონდენსატი და ის გაზი, რომელსაც აზერბაიჯანი ყიდის.
14 სექტემბერს SOCAR-მა და ბრიტანულმა კომპანია BP-მ 2050 წლამდე გაახანგრძლივეს ახალი კონტრატი, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის საბადოს ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს.
“საუკუნის კონტრაქტის“ ფარგლებში მთელ აზერბაიჯანულ ნავთობს არ „ამოტუმბავენ“
2010 წლიდან 2016 წლამდე აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობის წლიური მაჩვენებელი 10 მილიონ ტონამდე შემცირდა. თუმცა, ასეთი შემცირება წინასწარ იყო განსაზღვრული. „საუკუნის კონტრაქტში“ მხოლოდ აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოზეა საუბარი. სავსებით ნორმალურია ის, რომ დროთა განმავლობაში ნავთობის რომელიმე ჭაბურღილში წიაღისეულის მოცულობა მცირდება და მისი მოპოვება რთულდება.
თუმცა აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის გარდა აზერბაიჯანში კიდევ ბევრი სრულიად დაუმუშავებელი საბადოც არსებობს. მაგალითად, სარწმუნო მონაცემების თანახმად, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში – იქ, სადაც სადაც ე.წ. “მუღანის მონოკლინი” მდებარეობს – ნავთობის საბადოები არსებობს.
მის შესწავლას აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა 30 წელი შესწირეს. ამას გარდა, ქვეყანაში ნავთობის სხვა პოტენციური წყაროებიც არსებობს. ამდენად, “ აზერბაიჯანს ჯერჯერობით არ ემუქრება „სანავთობო აპოკალიფსი“, ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემცირება, შესაძლოა, ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვიოს, მაგრამ ამოღებული საწვავის მოცულობის კლების მიზეზად ბუნებრივი რესურსის ამოწურვა ნამდვილად ვერ იქცევა.