როდესაც ფეხის მოტეხილობა სიკვდილს ნიშნავს
აზერბაიჯანში შეუძლებელია საშუალო პენსიით ცხოვრება. განსაკუთრებით, მანათის დევალვაციის შემდეგ. თუ ასაკში შვილები არ შეგინახავენ, რკინის ჯანმრთელობა დაგჭირდებათ – რადგან წამლებისთვის ფული არ გეყოფათ.
ჩიხი მეჩეთის უკან
თეზე ფირის მეჩეთიდან ნანგრევების მიმდებარე გზას ვიწრო ჩიხებისკენ მივყავართ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან არაფერი შეცვლილა – ეს ნახევრად დანგრეული სახლები თითქოს იმისთვის დგას, რომ მათში მცხოვრებმა მოხუცებმა სიცოცხლის ბოლო წლები აქ გაატარონ. აქა-იქ მეტალოპლასტმასის თანამედროვე ფანჯრებიც ჩანს, თოკზე ბავშვის ტანსაცმელი შრება. აქ ახალგაზრდა ოჯახებიც ცხოვრობენ. ბინების გაყიდვას, ან სარემონტო სამუშაოების დაწყებას არავინ აპირებს, რადგან ყველა ნგრევის დაწყებას ელოდება.
78 წლის თამარა მამედოვას სახლი პირველია ამ ჩიხში. მისი თქმით, ადრე, ზაფხულობით, როდესაც კარს არ ხურავდა, ყველა, ვინც მის ბინას გვერდით ჩაუვლიდა, ესალმებოდა და მოიკითხავდა ხოლმე. მაშინ მეზობლები თამარას დღეში რამდენჯერმე სტუმრობდნენ. სიყვარულით “თამარა დეიდას” ეძახდნენ. მაგრამ დრო მიდის. ძველი დაქალები უკვე დაიხოცნენ, ახალგაზრდებმა საკუთარი ოჯახები შექმნეს და თავიანთი პრობლემები გაუჩნდათ. გუშინდელი გოგონები ახლა ქალიშვილების მზითვებზე ფიქრობენ და მოხუცი მეზობლის თავი აღარ აქვთ.
ძველი ჭიშკრით შეგიძლიათ პატარა ეზოში შეხვიდეთ, იქიდან კი – პატარა ბინაში, სადაც სამი გადატიხრული სათავსოა – საკმაოდ ვრცელი სამზარეულო, უფანჯრო, ბნელი, გამჭოლი საძინებელი და სასტუმრო ოთახი, რომელშიც ტახტი და ტელევიზორი დგას.
“გგონია, პატარა სახლია? იყო დრო, როდესაც აქ ათამდე ადამიანი ათევდა ღამეს”, – სიამაყით აღნიშნავს თამარა დეიდა.
თამარა დეიდა მაგიდაზე სახლში დამზადებულ მწნილეულობასა და მსუყე ბოზბაშს [ცხვრის ხორცით, კარტოფილითა და ბარდით დამზადებული სუპი] დებს და ამბობს: “ხორცის გარეშე არ შემიძლია. მით უმეტეს, როდესაც სისხლში შაქრის დონე მაქვს აწეული. თუ დროულად არ ვისადილებ, ცუდად გავხდები. ხორცის გარეშე კი ვერ ვნაყრდები. ბავშვობიდან ასე ვართ – ღარიბები ვიყავით, მაგრამ ჩვენს სუფრაზე ხორცი ყოველთვის იყო”.
თამარა დეიდამ 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. “52 წელს აღდაშიდან ბაქოში ჩამოვედით. მამაჩემი ქალაქს ვერ შეეგუა და ერთ წელიწადში გარდაიცვალა. მე თოთხმეტი წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – 12-ის. ჩემი ძმა კარგი მოსწავლე იყო, მე კი ვერ ვსწავლობდი, ამიტომ მუშაობა დავიწყე, რომ როგორმე ოჯახი შემენახა.”
გოგონამ მკერავად მოეწყო ფაბრიკაში, სადაც 42 წელიწადს იმუშავა. ცოცხალი და ენერგიული თამარა ადვილად უმკლავდებოდა სამუშაოს. “ერთხელ ჩვენი რაიონის დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინეს – იმიტომ, რომ კარგი მუშაკი ვიყავი”, – ამბობს ის. პენსიაზე გასვლისას მან “შრომის ვეტერანის” ორდენი მიიღო.
“აღარც მახსოვს, თავიდან როგორი პენსია მქონდა. ჩემმა საზიზღარმა უფროსმა თვითონ გააფორმა ჩემი განთავისუფლების ბრძანება, მე კი გაუნათლებელი ვარ და ვერ ვერკვევი. თავად უნდა მივსულიყავი ბუღალტერიაში, რაომ ჩემი სტაჟი განესაზღვრათ. მე ხომ ორმოცდაორწლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. წესით, კარგ პენსიას უნდა ვიღებდე. ჩემ ქმარს კარგი შემოსავალი ჰქონდა. ახლა ვფიქრობ, ხომ არ წავიდე და სიტუაციაში გავერკვე – იქნებ პენსია გამიზარდონ!”
როგორც ჩანს, საქმე ისაა, რომ პენსიის გაფორმებისას არასწორად მიუთითეს ხელფასის თანხა და, შესაბამისად, მისი პენსიაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, თამარა დეიდა 202 მანათს ($120) იღებს და ამ თანხაში მარჩენალის დაკარგვის შემთხვევებისთვის განსაზღვრული დანამატიც შედის.
თამარა საშუალო ასაკში იყო, როდესაც გათხოვდა. იგი ცოლად პედაგოგს, დიდი სამამულო ომის ვეტერანს გაჰყვა. თამარას მეუღლე 2003 წელს გარდაიცვალა. “ჩემი ქმარი მეუბნებოდა, – ნუ დარდობ, ძვირფასო, ჩემი სიკვდილიც კი სარგებელს მოგიტანსო,” – ამბობს თამარა დეიდა.
წელიწადში ერთხელ, გამარჯვების დღეს, მას, როგორც ომის ვეტერანის ქვრივს, პრემიას აძლევენ, რომელიც ხან 200 მანათს შეადგენს, და ხანაც 300 მანათს. წელს საერთოდ 500 მანათი ($300) მიიღო. მაგრამ ამ ფულის დახარჯვას არ ჩქარობს – “შავი დღისთვის”, საჩქარო, გადაუდებელი ხარჯებისთვის ინახავს: “ახლახან ონკანის გამოცვლა მომიხდა. რვა მანათი ($5) დავხარჯე”.
თამარა დეიდას ბიუჯეტი
შეკითხვაზე, თუ როგორ ცხოვრობს, თამარა დეიდა პასუხობს: “რა ვიცი, ვცხოვრობ, როგორც მეცხოვრება”. საბედნიეროდ, ნათესავები ეხმარებიან, რომლებსაც თვეში რამდენჯერმე მოაქვთ ხორცი და პროდუქტები. ეკონომიის მიზნით, ელექტროგამათბობელს არ რთავს. ბინას გაზით ათბობს. ელექტროენერგიას მხოლოდ იმ პერიოდისთვის “ზოგავს”, როდესაც განსაკუთრებული სიცივე დაისადგურებს. ძველ სახლებში საერთოდ არ არის გათბობის სისტემები.
“ზამთარში თბილად ჩაცმა მაინც შეიძლება, ზაფხულში კი კონდიციონერის ჩართვა მიწევდა და ამიტომ მთელი 20 მანათის ($12) დენი დავწვი!” – აღშფოთებით აღნიშნავს თამარა დეიდა.
ბოლო წლებში მხედველობა და სმენა გაუუარესდა. ფეხებიც ასტკივდა და დაუსივდა; ამიტომ გარეთ აღარ გადის. სულ სახლში ზის. პროდუქტებს ჩიხის შესასვლელში, ფარეხში მოწყობილ მაღაზიაში ყიდულობს. საბედნიეროდ, აქ სურსათი არც ისე ძვირია.
” წინათ ბაზარში დავდიოდი და ყველაფერს იაფად ვყიდულობდი, ახლა კი ორ ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამ.” არც ტანსაცმელზე ეხარჯება ბევრი ფული. ძველი მარაგები აქვს. “მაინც აღარსად დავდივარ”, – აღნიშნავს თამარა დეიდა.
საპენსიო ასაკი აზერბაიჯანში განისაზღვრება 63 წლით – მამაკაცებისთვის, და 60 წლით – ქალებისთვის. ეს რეგულაცია 2010 წელს დაადგინეს. მანამდე საპენსიო ასაკი, შესაბამისად, 62 და 57 წლით განისაზღვრებოდა. მკურნალობისას მათთვის რაიმე სახის შეღავათი არ არის განსაზღვრული.
ოფიციალურად, აზერბაიჯანში მედიცინა უფასოა, მაგრამ ნებისმიერ სახელმწიფო პოლიკლინიკაში მაინც არსებობს გადახდის “არაოფიციალური სისტემა” – ექიმი, რომელიც მომსახურებისთვის პაციენტებს ფულს არ სთხოვს, გამონაკლსია, და არა წესი.
თამარა დეიდას ხარჯების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს “დიაბეტონის”, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის საჭირო პრეპარატის ყოველთვიურად შეძენა.
მთელ დღეებს ტელევიზორის ყურებაში ატარებს. ადრე თურქული არხებიც ჰქონდა, რომლებზეც სერიალებსა და კულინარიულ გადაცემებს უყურებდა, ახლა კი, ამგვარი მაუწყებლობის გაუქმების შემდეგ მხოლოდ ადგილობრივ ტელეარხებს უყურებს. შეიძლებოდა საკაბელო ტელევიზიია დაეყენებინა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ყოველთვიურად 10 მანათის ($6) გადახდაც მოუწევდა.
კოკისპირული წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. “ისე დალპა, რომ ზევით ასვლაც კი სახიფათოა – შეიძლება ჩამოინგრეს, – ამბობს თამარა დეიდა, – აი, ასე დავრბივარ ტაშტებით მთელი ღამეების განმავლობაში. ვტირი და დავრბივარ. ერთი სული მაქვს, როდის დაანგრევენ ამ ხუხულას.”
თაღლითები
72 წლის ემილია რაჰიმოვამ საბავშვო პოლიკლინიკაში თითქმის 40 წელიწადს იმუშავა განყოფილების გამგედ. 2011 წელს გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების თითოეული თანამშრომელი, რომლის ასაკიც 65 წელს აღემატება, პენსიაზე უნდა გასულიყო. ამ რეგულაციის შემოღების მომენტში ემილია ხანუმი 67 წლის იყო, ამიტომ სამსახურის დატოვებამ მოუწია.
“მაშინ ჩემი პენსია 165 მანათი($98) გამოვიდა, თუმცა, არაერთხელ მიმანიშნეს, რომ უფრო მეტის მიღებაც შემეძლო იმ შემთხვევაში, თუკი სათანადო პირებს ფულს გადავუხდიდი. ჩემი ზოგიერთი ნაცნობი ასე მოიქცა. ახლა 220 მანათს ($130) ვიღებ.
220 მანათის ოდენობის პენსია არათუ ცოტა, არამედ შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის, რომელმაც თითქმის 40 წელიწადს იმუშავა ექიმად. პროკურორების პენსია რამდენჯერმე აღემატება იმას, რასაც მე ვიღებ, რადგან ისინი ე.წ. “სახელმწიფო მოსამსახურეები” არიან. ვითომ რატომ არ ითვლებიან ექიმები სახელმწიფო მოსამსახურეებად?”
აზერბაიჯანში პენსიის თანხის დათვლის სისტემა რამდენჯერმე შეიცვალა, ამიტომ რთულია, ჩაწვდე ლოგიკას, თუ ვინ რამდენს იღებს. პენსია (მის ძირითადი ნაწილი) რამდენჯერმე გაზარდეს, მაგრამ ეს მატება საგრძნობი არასდროს ყოფილა. მოხუცების უმრავლესობისთვის ეს ცვლილება უბრალოდ რამდენიმემანათიანი მატება იყო.
თანხაზე პენსიაზე გასვლის თარიღი მოქმედებს – 2006 წელს სისტემა მორიგად გადააწყვეს და საპენსიო ფონდებში თანხების “ბარათებზე”, ანუ ოფიციალურად თითოეული თანამშრომლის სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვის წესი, ე.წ. “დაგროვების სისტემა” დანერგეს. პენსიაზე გასვლისას ანგარიშზე დაგროვებული მაჩვენებელი 144-ზე იყოფა (ითვლება, რომ ეს პენსიონერის საშუალო ვადაა) და საბაზისო ნაწილს ემატება.
ის ადამიანები, რომლებიც 2006 წლამდე გავიდნენ პენსიაზე, ძველი მეთოდით დათვლილ თანხას იღებენ. ერთხანს პენსიის ძირითად ნაწილს განსაზღვრავდა ბოლო ორი სამუშაო წლის განმავლობაში მიღებული ხელფასები, უფრო ადრე კი მუშაობდა სისტემა – “ძირითადი ნაწილისა და სტაჟის ჯამი, რომელიც განსაზღვრულ კოეფიციენტზე მრავლდება”.
გიულნარა ეფენდიევი, ბუღალტერი: “საპენსიო ფონდში ვიკითხე, თუ როგორ ითვლიან პენსიას. რთული სისტემაა, შენ ვერ გაერკვევი, სხვადასხვა კოეფიციენტის მიხედვით განისაზღვრებაო, – მითხრეს”.
ხშირად, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პირველ წლებში, გამოთვლის სისტემის ბუნდოვანება საპენსიო ფონდის თანამშრომლებს საშუალებას აძლევდა, ქრთამის სანაცვლოდ, ადამიანისათვის პენსიის გარკვეული თანხა “მიეწერა”. დიასახლისისგან, რომელიც ჩვეულებრივ პენსიას იღებდა, შეიძლებოდა, ასეთი ფრაზა გაგეგონათ: “მერე რა, რომ ორმოცწლიანი სტაჟი გაქვს, ორმოცდაათ დოლარს გადავიხდი და მეც მაგდენივეს დამიწერენ”.
თუმცა, გიულნარა ხანუმის თქმით, სავარაუდოდ, მექრთამეები, უბრალოდ თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს რაიმე უკანონოს აკეთებდნენ და სარგებლობდნენ იმით, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, თუ რამდენი ეკუთვნოდათ სინამდვილეში.
ამჟამად სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ვებგვერდზე “საპენსიო კალკულატორია” განთავსებული და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა, 2006 წლის შემდეგ გადიან პენსიაზე, ეს აპლიკაცია დიდ სამსახურს უწევს. ამას გარდა, ახალი სისტემის წყალობით, მათთვის შედარებით მაღალი პენსიებია გათვალისწინებული.
კალკულატორი არ გულისხმობს წოდების, ჯილდოებისა და სხვა გარემოებების საფუძველზე განსაზღვრულ დანამატებს; ასე რომ, ამ რესურსის საშუალებით საკუთარი “მინიმუმის” დათვლაა შესაძლებელი.
თავად იზრუნეთ საკუთარ თავებზე
სევდა ეფენდიევა სარეკლამო სააგენტოს ოფისმენეჯერად მუშაობს. რეალურად, უკვე 9 წელია, რაც დასაქმებულია, მაგრამ ოფიციალურად გაფორმრებული არ არის – ხშირ შემთხვევაში, წვრილი მეწარმეები საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებს ვერ ფარავენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საწარმოების თანამშრომლებს ასაკში შესვლისას სახელმწიფო მხარდაჭერის იმედი საერთოდ ვერ ექნებათ.
“ჩემი ოჯახის წევრები მოსაკლავად დამდევენ იმის გამო, რომ ოფიციალური სტაჟი არ მაქვს. არადა, რომ დავბერდები, მაინც ჩემმა შვილებმა უნდა მარჩინონ. ჰოდა ვის სჭირდება ეგ 200 მანათი ($120)! უმჯობესი იქნება, თუკი ბევრ შვილს გავაჩენ. ან მე თვითონ გავიხსნი ანგარიშს (ალბათ, უკეთესი იქნება, თუკი ანაბარს უცხოურ ბანკში გავხსნი) და თავად ვიზრუნებ საკუთარ სიბერეზე”.
სევდას თქმით, პენსიასთან დაკავშირებული იმედები საბჭოთა კავშირის გადმონაშთია: “ჩვენი ხალხი, სახელმწიფოსგან მუქთა შემოსავლის მიღების იმედით, 50 წლის მანძილზე რაღაც კაპიკებზე მუშაობს. ადრე, ახლანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, უბრალოდ სხვანაირად ცხოვრების საშუალება არ იყო.”
მონაცემები
ოფიციალური მონაცემებით, საშუალო პენსია აზერბაიჯანში 177 მანათია ($105). მინიმალური პენსია უმუშევრების პენსიას უდრის და 110 მანათით ($65) განისაზღვრება.
ზედა ზღვარი, ე.წ. “საპრეზიდენტო პენსია”, რომელსაც აზერბაიჯანის ეროვნული გმირები იღებენ, 1300 მანათით ($770) განისაზღვრება. ეს მაჩვენებელი მცირე ხნის წინ გაზარდეს. ადრე 1000 მანათს უდრიდა.
ოცდაათწლიანი სტაჟის მქონე გეოლოგი (აქედან 14 წელი მძიმე პირობებში გაატარა) 300 მანათს ($178) იღებს;
უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგე, რომელსაც 32 წლის სამუშაო სტაჟი აქვს – 470 მანათს ($280);
ხალიჩების საამქროს თანამშრომელს, რომელსაც ოცდაჩვიდმეტწლიანი სამუშაო სტაჟი აქვს, პენსიის სახით 155 მანათი ($90) აქვს.
ოცდაათწლიანი სტაჟის მქონე ქიმიკოსს, უმცროსი მეცნიერთანამშრომელს – 340 მანათი ($200).
2016 წელს აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმი 136 მანათით ($80) განისაზღვრება. მანათის კურსის ვარდნამ ეს თანხა “მოკლა” – ამ ფულით მხოლოდ პროდუქტების შეძენა შეიძლებოდა, ახლა კი 136 მანათით (ან 177 მანათის ოდენების საშუალო პენსიით) კომუნალური მომსახურეობების ხარჯების დაფარვის შემდეგ მხოლოდ პურის, ხახვისა და კარტოფილის შეძენას შეძლებთ…
შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მატარებლის ყველაზე იაფი ბილეთი 50 მანათი ღირს, ფიზიოთერაპიის კურსი სახელმწიფო კლინიკაში – 40 მანათი, კარიესის მსუბუქი ფორმის მქონე კბილის მკურნალობა – 40 მანათი, ერთი კილოგრამი ხორცი კი 10 მანათი ღირს. ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმლის ყველაზე დაბალი ფასი 40 მანათია. 177 მანათად 28 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასებით გამორჩეულ კაფეში სადილობა შეიძლება (ამ შემთხვევაში კომუნალური ხარჯებისთვისაც დარჩება ფული). ან შეგიძლიათ, იმავე თანხით 4 ბოთლი კარგი ღვინო შეიძინოთ. მოგზაურობა, ახალი ავეჯი და ლამაზი ტანსაცმელი პენსიონერებისათვის იმთავითვე ხელმიუწვდომელი სიკეთეებია.
ღირსეულ სიბერეს მხოლოდ “საპრეზიდენტო პენსია” უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოთხასმანათიანი პენსიის ($237) მქონე მეცნიერი თავს უფლებას აძლევს, ტანსაცმელი იყიდოს და ყოველდღე ხორცი ჭამოს, მაინც სასიკვდილოდ არის განწირული, თუ, ვთქვათ, რთული ფორმის პნევმონია დაემართება, ან ბარძაყის ყელს მოიტეხავს, და მას გარეშე პირები არ დაეხმარებიან.
გამოქვეყნდა 15.11.2016