რთული არჩევანი
2 აპრილს სომეხი ამომრჩევლები სრულიად ახალი სისტემით მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ექსპერტების მოსაზრებით, ახალი პროცედურა არამხოლოდ გაუგებარი და ჩახლართული, არამედ გართულებულიცაა.
აპრილისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე ჩასატარებლად კანონმდებლები რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებდნენ საარჩევნო კოდექსს. ხანგრძლივი განხილვისა და მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ და ეს დოკუმენტი მიიღეს, მაგრამ ამჟამად ოპოზიცია და ამოქალაქო საზოგადოების წარმოდგენლები ამტკიცებენ, რომ არჩევნების დღეს უბნებზე მისული ამომრჩევლები ძალიან დაიბნევიან და ვერ მიხვდებიან, თუ ვის, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა მისცენ ხმა.
სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრება
ანტიკორუფციულ ცენტრ “Transparency International”-ის კონსულტანტი ერიკნაზ ტიგრანიანი აცხადებს, რომ უბანზე მისული ამომრჩეველი მიღებულ საბუთებს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს:
“როგორ უნდა დააფიქსიროთ არჩევანი? სავარაუდოდ, ამომრჩეველთა უმრავლესობა შეცდება. პირველ რიგში უნდა იცოდნენ, რომ ბიულეტენის პირველ გვერდზე რაიმე სახის აღნიშვნის გაკეთება აკრძალულია და ამის გამო ბიულეტენი გაბათილდება. მაგრამ თუკი პირველ გვერდზე გაკეთებული აღნიშვნა დოკუმენტს ძალას უკარგავს, მეორე გვერდზე დატანილი ნებისმიერი აღნიშვნა – მ.შ. რამდენიმე კანდიდატის არჩევაც კი – ბიულეტენის გაბათილებას არ გამოიწვევს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ამომრჩევლის ხმას არა კანდიდატი, არამედ პარტია მიიღებს.
არ არის გამორიცხული, რომ ამომრჩევლებმა ბიულეტენის კონვერტში ჩადების დროსაც კი დაუშვან შეცდომა – ვერ გაარკვიონ, საჭიროა თუ არა ბლანკის გადაკეცვა. შესაძლოა, ვერ გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ, თუკი გამოუყენებელი ბიულეტენები დარჩებათ – სახლებში წაიღონ, გადააგდონ, თუ დამამტკიცებელ საბუთად მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული გადაუხადა ქრთამის სახით. და თუკი ამ შემთხვევაში ძირითადი ფსონს ამომრჩევლების მოსყიდვაზე არ გააკეთებენ, ეს მეთოდი, სავარაუდოდ, იმუშავებს”.
ერიკნაზ ტიგრანიანის აზრით, ხმის მიცემის ახალი მეთოდის საპილოტო პროგრამა ყველა პრობლემას გამოავლენდა; მაგრამ ეს ექსპერიმენტი არ ჩატარდა – მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების განცხადებით, ახალ სისტემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცდიდნენ. პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწყობილობა მხოლოდ ორ სომხურ სოფელში – ვარდაშენსა და სემიონოვკაში გამოიცადა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების მთელი პროცედურის გამართულობა შემოწმდა.
ხელისუფლების მოსაზრება
თუკი ყურადღებით გავეცნობით კანონს, აღარ შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ რთული საარჩევნო პროცესი ინერგება. უბრალოდ ადრე არჩევნები ტექნიკური მოწყობილობების გარეშე იმართებოდა და არ ხდებოდა ამომრჩევლების თითის ანაბეჭდების მიხედვით რეგისტრაცია. სწორედ ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გაიზარდა “ჯაჭვის რგოლების” რაოდენობა და გართულდა საარჩევნო პროცესი. ასე ფიქრობს სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრი, დეპუტატი ვაგრამ მკრტიჩიანი. იგი ირწმუნება, რომ კომისიის თითოეული წევრი მზად იქნება, ნებისმიერ ამომრჩეველს აუხსნას წესები. და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრობლემები შეიქმნას. თუკი ადამიანი არჩევნებზე მიდის, იგი ინფორმირებულია, აცნობიერებს არჩევნების მნიშვნელობას და ამიტომ არ დაიბნევა:
“საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს არამხოლოდ კომისიის წევრები, არამედ სპეციალურად არჩევნებისთვის დაქირავებული მექანიკოსებიც დახვდებიან, რომლებიც ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფენ. და თუკი რომელიმე „მიმაგრებული“ სპეციალისტი ხმის მიცემის პროცედურას დაარღვევს (მაგალითად იმ შემთხვევაში, თუკი ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ დაუშვებს კენჭისყრაზე), მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება
რაც შეეხება ამ საარჩევნო პროცედურის წინასწარ გამოცდას, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ექსპერიმენტი, აღჭურვილობისთვის საჭირო თანხების არარსებობის გამო, ვერ ჩატარდა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ პროცესის ჩრდილოვან მხარეს ტექნიკა არ განსაზღვრავს”.
ვაგრამ მკრტიჩიანის აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მოქალაქეებს გამოუყენებელი ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გამოტანის უფლება აქვთ. ბიულეტენები, რომლებიც ამომრჩევლებს დარჩებათ, გამოუსადეგარი ხდება და მათი გამოყენება შეუძლებელია.
ოპოზიციის მოსაზრება
ბლოკ “იელქის” წევრი,დეპუტატობის კანდიდატი მანე თანდილიანი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახალი სისტემა რთული და არათანმიმდევრულია. მისი თქმით, ახალი წესის გამო, ამომრჩევლები, შესაძლოა, მთელი პროცესის გარკვეულ ნიუანსებს ვერ ჩაწვდნენ.
“ზოგიერთი ადამიანი სწორედ იმისთვის მხვდება, რომ გაარკვიოს, თუ როგორ უნდა მისცეს ხმა – შეუძლიათ, თუ არა ერთი კანდიდატის არჩევა, ან ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემა. ადამიანებს აინტერესებთ, თუ რას ნიშნავს „გამოუყენებელი ბიულეტენების გადაყრა“…
ჩემი აზრით, არასაკმარისი ინფორმაცია გამოიწვევს იმას, რომ ბიულეტენების დიდი ნაწილი ბათილად იქნება ცნობილი. აუცილებელის საზოგადოების ინფორმირება. ხალხს უნდა განვუმარტოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უბნებზე არჩევნების დღეს. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა საინტერესო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ – მაგალითად, ფლეშმობები, აქციები, შეხვედრები, სოციალური ქსელები, ვიდეორგოლები და ა.შ. უნდა აღვნიშნო, რომ საპილოტო მოდელის იმპლემენტაციის შემთხვევაში წინასწარ გამოვლინდებოდა ყველა ტექნიკური ხარვეზი და პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო დროც დაგვრჩებოდა”.
მანე თანდილიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე მოსული ყველა მოქალაქე აუცილებლად მომზადებული იქნება და ხმის მიცემის რთული პროცედურა არავის დააბნევს. თუკი ადამიანი საკუთარი სამოქალაქო ვალის აღსასრულებლად მიდის არჩევნებზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას იცნობს.
ცნობარი
2 აპრილს სომხეთში ეროვნული კრების არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ქვეყანა მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო სისტემაზე გადავა. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მათ ფავორიტ პარტიასა და იმ სასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას, რომელიც კონკრეტული უბნის პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.