რა ხდება სომხეთში, ვინ არიან მთავარი მოქმედი პირები და ვის რის მიღწევა სურს
სომხეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია, დემონსტრაციები გრძელდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, რა ხდება რეალურად – ვინ დგას ქუჩაში, რას ითხოვს და გამარჯვების რა შანსი აქვს ოპოზიციას.
JAMnews- მოკლედ და დაწვრილებით განმარტავს ყველაზე მთავარს, რაც სომხეთში მიმდინარე პროტესტზე უნდა ვიცოდეთ.
რას აპროტესტებს ხალხი
ოპოზიცია და საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი იმ ადამიანის ძალაუფლების წინააღმდეგ გამოდის, რომელიც ქვეყანას უკვე ათი წელიწადია მართავს. საუბარია ყოფილ პრეზიდენტსა, და დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანზე.
როგორ გახდა პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ მინისტრი?
ორი წლის წინ, 2015 წლის 6 დეკემბერს – სომხეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა. მასში მოქალაქეების მხოლოდ 50,8% მონაწილეობდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ (66,2%) მხრი დაუჭირა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, რომლის მიხედვით, ქვეყანას სუსტი პრეზიდენტი და ძლიერი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
ამ ინიციატივის ავტორი თავად სერჟ სარგსიანი იყო. სარგსიანი უკვე მეორე საპრეზიდენტო ვადას ასრულებდა, მესამედ გაპრეზიდენტებას კი, მას კონსტიტუცია უკრძალავდა.
ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმის წყალობით, სარგსიანმა თავისი მმართველობა უსასრულო ვადით უზრუნველყო. 9 აპრილს სომხეთმა ახალი პრეზიდენტი არმენ სარგსიანი აირჩია. მას მინიმალური, წარმომადგენლობითი ფუნქციები ექნება. ქვეყნის რეალური მმართველი კი, კვლავ სერჟ სარგსიანი იქნება, რომლიც 17 აპრილს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. პარლამენტში უმრავლესობას მმართველი გუნდი, “რესპუბლიკური პარტია” წარმოადგენს, რომლეიც ლიდერიც სარგსიანია, ამიტომ მისი არჩევა პარლამენტს არ გასჭირვებია.
კონსტიტუცია ახალ პრემიერ-მინისტრს უსაზღვრო ძალაუფლებას აძლევს. ამგვარად სერჟ სარგსიანს სომხეთში ყოვლისშემძლე პრემიერად მოიხსენიებენ.
როგორ დაიწყო პროტესტი და რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას
სწორედ სარგსიანის გაპრემიერების წინააღმდეგ დაიწყო პროტესტი 13 აპრილს. პროტესტს სათავეში უდგას ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად ქუჩებში გავიდა.
პირველ დღეს მას არც ისე ბევრი ხალხი შეუერთდა. მაგრამ უკვე პროტესტის მეორე დღეს ახალგაზრდობამ აქტიურად დაიწყო ქუჩებში გასვლა, პირველ რიგში – სტუდენტებმა. დაუმორჩილებლობის მოძრაობის წევრთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა და უკვე ათობით ათასებს ითვლის.
მომიტინგეები ღამეს კარვებში ათენებდნენ, ქუჩებს კეტავდნენ, რათა ხმის მიცემის დღეს დეპუტატები შენობაში არ შეეშვათ, თუმცა ამან საქმეს არ უშველა. მომიტინგეები სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგაც არ დაშლილან. პროტესტი გრძელდება. ნიკოლ პაშინიანმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი, „ხავერდოვანი რევოლუცია“ დაიწყო.
ოპოზიციის მთავარი სტრატეგიაა საყოველთაო დაუმორჩილებლობა. ისინი მოსახლეობას მასობრივი გაფიცვებისკენ მოუწოდებენ. გეგმის მიხედვით, აჯანყებას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდეს, მათ უარი უნდა თქვან სამსახურში სიარულზე , სწავლაზე, ბანკებში თავიანთი ანგარიშები გაანულონ და ქუჩის დემონსტრაციებით მთავრობის საქმიანობის პარალიზება უნდა მოახდინონ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული – თუ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა, სარგსიანი დამარცხდება.
ვინ არის პროტესტის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და რა სურს მას
ნიკოლ პაშინიანი – წარსულში ჟურნალისტი და რედაქტორი, პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური იყო, სხვადსხვა დროს სხვადსხვა პოლიტიკურ ძალას ემხრობოდა, თუმცა მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.
ოპოზიციური პარტია “ელკის” წევრი პაშინიანი პარლამენტში 2017 წელს მოხვდა. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ელკმა” ორ სხვა პარტიასთან („განათლებული სომხეთი“ და „რესპუბლიკა“) საარჩევნო ბლოკი შექმნა. ამ პოლიტიკურმა ბლოკმა მაშინ ამომრჩეველთა ხმების 7 პროცენტი მიიღო, რამაც ის პარლამენტში მოახვედრა.
პარტია „ელკი“ სომხეთში ბევრს ერთადერთ რეალურ ოპოზიციად მიაჩნია. ის პროდასავლურ კურსს იზიარებს და პარლამენტში ხშირად გაბედულად აკრიტიკებს ხელისუფლების პოლიტიკას. სწორედ „ელკი“ მოითხოვდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან (მოქმედებს რუსეთის ლიდერობით) სომხეთის გამოსვლას, და ამტკიცებდა, რომ მისი წევრობა ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
“ელკის” გარდა სომხეთის პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიაა – „ცარუკიანი“, თუმცა ბევრს იგი „ჯიბის“ ოპოზიციად მიაჩნია.
პაშინიანის პოპულარობა სწორედ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ გაიზარდა. ამ პოლიტიკოსმა პოლიტიკური აგიტაციისა და ბრძოლის ეპატაჟური სტილი მოირგო. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მან ქვეყნის გარშემო საფეხმავლო ტური მოაწყო. ნიკოლ პაშინიანმა ფეხით თითქმის მთელი სომხეთი მოიარა და სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებლებს თავისი გეგმა განუმარტა – თუ როგორ არ უნდა მიეცათ ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება სერჟ სარგსიანისთვის: ერევნის ქუჩებში ასი ათასი ადამიანი უნდა გამოსულიყო, პარლამენტის შენობა ალყაში მოექციათ და პარლამენტში ხმის მიცემის პროცესისთვის ხელი შეეშალათ. როგორც უკვე ითქვა, ხელის შეშლა ვერ მოხერხდა.
ოპოზიცია სარგსიანის საგარეო კურსს ეწინააღმდეგება?
სომხეთში არსებული პროტესტი ქვეყნის საგარეო კურსს სრულიად არ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ლიდერები მთლიანობაში უფრო პროდასავლურ შეხედულებებს იზიარებენ, დღევანდელი მოვლენების დროს ერთმანეთს პროდასავლური ოპოზიცია და პრორუსული ხელისუფლება არ უპირისპირდება. სერჟ სარგსიანის მიმართ მთავარი პრეტენზია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ჩავარდნაა
სერჟ სარგსიანი რას აშავებს?
სერჟ სარგსიანი, უკვე 25 წელია, რაც ხელისუფლებაშია. 2000-დან 2007 წლამდე ის სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო. 2007 წლიდან ის მმართველ გუნდს -“რესპუბლიკურ პარტიას” ჩაუდგა სათავეში. 2008 წელს სარგსიანი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე ის 2018 წლის აპრილამდე დარჩა.
სერჟ სარგსიანი მმართველობა ავორიტარულობის ნიშნებს შეიცავს. მისი პარტიის წევრები მთლიანად აკონტროლებენ პარლამენტს. მინისტრების უმრავლესობა და მსხვილი ხელმძღვანელი თანამდებობების პირები ან იმავე “რესპუბლიკური პარტიის” წევრები არიან, ანდა მმართველი პარტიის მიმართ ღიად ლოიალურად განწყობილი ადამიანები.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ სერჟ სარგსიანია 10-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ქვეყანა ისე არ ვითარდებოდა, როგორც მას შეეძლო და უნდა განვითარებულიყო. სომხეთს მასობრივად ტოვებენ ადამიანები და ემიგრაციაში რჩებიან. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, არ არის არავითარი პერსპექტივა. სომხეთში ბევრი მოქალაქე ნიჰილისტურადაა განწყობილი და ცვლილებების იმედი არ აქვს.
სერჟ სარგსიანი ჭადრაკს კარგად თამაშობს, და როგორც ამბობენ, ეს მას პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისას წარმატებული სვლების გაკეთებაში ეხმარება. მაგალითად, ის დროულად მიხვდა, რომ ხალხს ძველი სახეები მობეზრდა, ამიტომ საპარლამენტო არჩევნების დროს გუნდი განაახლა და ახალი და მომხიბვლელი სახეები მოიყვანა. ასეთი იყო, მაგალითად, სომხეთის ყოფილი პრემიერი კარენ კარაპეტიანი, რომელმაც ხალხის ნდობის მოპოვება მოახერხა. შედეგად, კი “რესპუბლიკურ პარტიას” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება არ გასჭირვებია.
“ახალი და შეურყვნელი” სახე შეარჩია სარგსიანმა საპრეზიდენტო კანდიდატადაც. არმენ სარგსიანს – სომხეთის ახალ პრეზიდენტს, რომელიც სერჟის მიერ ხელდასმული კანდიდატურაა, ქვეყანაში პატივს სცემენ. ის საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერია. “ადამიანი, რომლის არ გრცხვენია”, ამბობენ მასზე სომხეთში. ამავდროულად ახალ პრეზიდენტს არაფორმალური რესურსი გააჩნია, და შეუძლია, რომ გავლენიანი დიასპორა ხელისუფლების მხარეს მიიზიდოს.
საზოგადოება და მედია. რა პერსპექტივა აქვს პროტესტს
თავიდან, პროტესტის დასაწყისში, სომხეთის პროსამთავრობო მედია, მათ შორის საზოგადოებრივი ტელევიზიაც, ცდილობდა, რომ საპროტესტო გამოსვლებისთვის ყურადღება არ მიექცია. მხოლოდ რამდენიმე ონლაინ გამოცემა პირველი დღიდანვე აქტიურად აშუქებდა მოვლენებს. თუმცა, შემდეგ, როდესაც ერევანს ყურადღება უცხოურმა პრესამაც მიაპყრო, პრო-სამთავრობო მედიაც იძულებული გახდა ქუჩაში მიმდინარე მოვლენების გაეშუქებინა, თანაც, ხაზგასმული მონდომებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, ექსპერტები თანხმდებიან, რომ სომხეთის საზოგადოება უკიდურესად იმედგაცრუებულია და წინა წარუმატებელი პროტესტებიდან გამომდინარე, ცვლილებების აღარ სჯერა.
ბოლო წლებში სომხეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროტესტი იყო.
2015 წელს ხალხი ქუჩაში ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ გამოვიდა. ამ ხალხმრავალმა პროტესტმა #ElectricYerevan-ის სახელწოდება მიიღო.
2016 წელს შეიარაღებული პირები პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, რაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა.
საზოგადოებას ორივეჯერ შეექმნა ხელისუფლებაზე გამარჯვების ილუზია, თუმცა ორივე შემთხვევა უშედეგოდ დასრულდა. ელექტროენერგია მაინც გააძვირეს, პოლიციის შენობაში შეჭრილი ჯგუფი კი, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
სომხეთში ცოტას თუ სჯერა, რომ სერჟ სარგსიანის ხელისუფლების დამარცხება ქუჩის აქციებით შეიძლება, თუმცა მიუხედავად ამისა, საზოგადოება პროტესტში მაინც აქტიურად ჩაერთო. ნიკოლ პაშინიანი, უკვე რამდენიმე კვირაა, ჯიუტად აგრძელებს ბრძოლას, ბოლო დღეებში კი მთელი დღე-ღამის განმავლობაში. შესაძლოა, სწორედ ამ სიჯიუტემ მიიზიდა ადამიანები ქუჩებში მასობრივად. სხვადასხვა გამოთვლებით, პროტესტში 10-დან 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ეს მნიშვნელოვანი რიცხვია. მაგრამ, იმისთვის, რომ მშვიდობიანმა „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ მიზანს მიაღწიოს, მას გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ემხრობოდეს.