რას ამბობენ სტეფანაკერტის მაცხოვრებლები ახალი კონსტიტუციისა და რეფერენდუმის შესახებ?
დღეს 20 თებერვალია და მთიან ყარაბაღში ახალი კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება
ახალი კონსტიტუცია, რომელიც რეფერენდუმზე გააქვთ, ითვალისწინებს მთიან ყარაბაღში ცენტრალიზებული საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შექმნას, საკანონმდებლო ხელისუფლების ფართო უფლებამოსილებებით.
აქამდე რესპუბლიკაში მოქმედებდა ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა, 2006 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად.
ჩვენ სტეფანაკერტში ჩავატარეთ გამოკითხვა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს კითხვა დავუსვით:
„რატომ ემხრობით ან ეწინააღმდეგებით რეფერენდუმის ჩატარებას?“
პირველი ტენდენცია: უსაფრთხოება გვჭირდება
ადამიანები უფრო მეტად იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობას უნდა მიაღწიოს. მხოლოდ თებერვლის დასაწყისიდან გამყოფ ზოლზე 9 ჯარისკაცი დაიღუპა. რესპონდენტების უმრავლესობამ თქვა, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცებას – იმ იმედით, რომ ის ადამიანების უსაფრთხოებისთვის მეტის გაკეთებას შეძლებს.
ანუშ მკრტიჩიანი ერთ-ერთი მათგანია. მისი ქმარი გეჰამ მკრტიჩიანი 2016 წლის აპრილში კონფლიქტის ესკალაციის დროს დაიღუპა. თროებზე აკურატულად აწყვია გეჰამის ნივთები – ტელეფონი, ოდეკოლონი, მედლები. ის მანამდე დაიღუპა, ვიდრე შეიტყობდა, რომ მისი ცოლი ორსულად იყო და ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ. ელმირა ახლა სამი თვისაა.
ანუში რეფერენდუმზე არ წავა, შვილის დამტოვებელი არავინ ჰყავს. თუმცა, პრეზიდენტს მხარს დაუჭერდა. მისი განმარტება ასე ჟღერს:
„არ აქვს მნიშვნელობა მმართველობის რა სისტემა იქნება, ეს თავად გადაწყვიტონ. მთავრობამ თვისი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა დაიცვას. ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ – სწორედ ამის მიღწევაა მათი ამოცანა“.
მეორე ტენდენცია. პატრიოტიზმი
ეს ისინი არიან, რომლებიც რეფერენდუმის მხარდაჭერას პატრიოტულ აქტად მიიჩნევენ.
მაგალითად, პროდუქტების მაღაზიის გამყიდველი მარიამი. მას სძულს ის ხალხი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგია.
„ომი ჯერაც არ დასრულებულა და ისღა გვაკლია, რომ ჩვენთან პოლიტიკური გადატრიალებებიც დაიწყოს“, – ამბობს ის.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთ. ისინი ჩვენი სამშობლოსკენ არიან, და მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ამიტომაც, მივცემ ხმას“.
მესამე ტენდენცია: ისე მოვიქცევი, როგორც ყველა
ამგვარი პასუხი პოპულარობით მესამე ადგილზე იყო.
ლუსია ბებია 86 წლისაა. უკვე 10 წელიწადია, ის მზესუმზირას ყიდის, პატარა ჭიქა – 50 დრამი. ზოგჯერ დღეში 7 ჭიქა იყიდება, და მაშინ, როგორც ის ამბობს, პურის გარდა, არაჟნის ყიდვაც შეუძლია ხოლმე.
„ჯერ არ ვიცი, რომელ კვადრატს აღვნიშნავ – თუმცა, რასაკვირველია იმას, რომელსაც მეტყვიან“, – ამბობს ლუსია ბებია. ვინ უნდა უთხრას, ამას არ აზუსტებს.
მეოთხე ტენდენცია. რეფერენდუმის წინააღმდეგ – იმიტომ, რომ ის ადამიანების ცხოვრებას არ გააუმჯობესებს
ძალიან ცოტამ თქვა, რომ ისინი რეფერენდუმს ეწინაღმდეგებიან. განმარტება დაახლოებით ასე ჟღერდა: ადამიანებს რთული საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ, და მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ხელისუფლების სისტემის ცვლა კი არ არის საჭირო, არამედ უშუალოდ ადამიანების დახმარება.
ბორისი 50 წლისაა. ის უფრო ხნიერად გამოიყურება. მუშაობას გათენებამდე დიდი ხნით ადრე იწყებს. ყველაზე რთული პერიოდი ახლაა – თოვლის უზარმაზარი ნამქერები უნდა გაიწმინდოს.
„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბედნიერი დღეები ცალი ხელის თითებზე შემიძლია ჩამოვთვალო. მმართველობის ახლებური სისტემა ჩვენს პრობლემებს არ გადაჭრის, და მე ისევ ჩემი ნიჩბით და ცოცხით ხელში დავრჩები და თავი როგორღაც ისევ თვითონ უნდა გავიტანო. მე ხმას წინააღმდეგ ვაძლევ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, და არაფერი შეიცვლება“, – ამბობს ბორისი.