სომხეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა – პარტია „მემკვიდრეობა“ მოითხოვს, რომ ბუნებრივ აირზე 2013 წელს დადებული სომხურ-რუსული შეთანხმება გაუქმდეს. „მემკვიდრეობის“ განცხადებაში ეს შეთანხმება დახასიათებულია როგორც „ანტისახელმწიფოებრივი“, სწორედ ამ მიზეზით გაისმის მასზე უარის თქმის მოწოდებები.
ბუნებრივ აირზე სომხურ-რუსული შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც „გაზპრომმა“ სომხეთისგან „არმროსგაზპრომის“ აქციების ბოლო 20% შეისყიდა. სომხეთს რუსეთის 155 მილიონი დოლარი ემართა, და ვალის ნაწილი აქციების ხარჯზე გაიქვითა.
ბუნებრივ აირზე შეთანხმების მიხედვით, სომხურმა მხარემ ვალდებულება აიღო, რუსული ბუნებრივი აირი 2043 წლამდე შეისყიდოს. მეტიც, სომხეთმა იმის ვალდებულებაც აიღო, რომ 2043 წლამდე არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებსა და კანონებს, რომლებიც „გაზპრომის“, ანუ რუსეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება.
ოპოზიციურ წრეებში სიტუაციას სამარცხვინოს უწოდებენ, და აღნიშნავენ, რომ სომხეთი ბუნებრივ აირში მეტს იხდის, ვიდრე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალი სხვა ქვეყნები. და ეს იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთიც ამ სტრუქტურის წევრია.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის „გათვითცნობიერებული მოქალაქეები“ გამოკვლევების მიხედვით, სომხეთის მცხოვრებლები რუსულ ბუნებრივ აირში დაახლოებით იმდენივეს იხდიან, რასაც უკრაინის მაცხოვრებლები, რომელთანაც რუსეთს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს. ხოლო რუსეთის მოკავშირე ბელარუსის მცხოვრებლები – ზამთრის თვეებში ბუნებრივ აირში 6-7-ჯერ ნაკლებს იხდიან, ვიდრე სომხეთის მოქალაქეები.
ამ კონტექსტში პარტია „მემკვიდრეობა“ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობის საკითხს ეხება: ირანისგან ბუნებრივი აირის შესყიდვით დაწყებული, განახლებადი წყაროების გამოყენებით, ენერგიის ქვეყანის შიგნითვე წარმოებით დასრულებული.
ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ სომხეთს ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შეძენა შეუძლია, კერძოდ – ირანიდან. თანაც ირანული ბუნებრივი აირი სომხეთის მოქალაქეებს რუსულზე ორჯერ უფრო იაფი დაუჯდებათ.
გარდა ამისა, პარტია „მემკვიდრეობა“ სომხეთის ენერგეტიკის სფეროში მილიარდიანი ინვესტიციის შესაძლებლობის შესახებ აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებს იხსენებს. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ დასავლეთის წინადადება „არამხოლოდ სომხეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიას წარმოადგენს, არამედ ეკონომიკის განვითარების სერიოზულ საშუალებასაც“.
ხელისუფლებას ამ განცხადებაზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.
იმ ბუნებრივი აირის ფასების შესახებ, რომელსაც სომხეთი რუსეთისგან იძენს, გთავაზობთ წაიკითხოთ JAMnews-ის ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში.